ცნობილი ამერიკელი რეპერის, დანიელ ჰერნანდესის, იგივე Tekashi 6ix9ine-ის ჰიტზე FEFE გადაღებულმა კლიპმა, რომელშიც მისი კოლეგა ნიკი მინაჟი მონაწილეობს, იუთუბზე მილიარდს ნახვას გადააჭარბა.
ნამუშევრის ვიდეორგოლი, რომლის ავტორიც TrifeDrew-სა და უილიამ ეშერთან ერთად თავად ტეკაშიც გახლავთ, 2018 წლის 22 ივლისს გამოქვეყნდა.
ტეკაშისა და ნიკის FEFE-ს გარდა კიდევ ერთი კოლაბორაციული კომპოზიცია Trollz აქვთ გავრცელებული, რომელიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა.
სიქსნაინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2017 წლის კომპოზიციით Gummo გახდა. კიდევ რამდენიმე ჰიტის გამოშვების შემდეგ, 2018 წლის ნოემბერში, მუსიკოსი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. მას მძიმე დანაშაულების ჩადენის გამო 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. სასჯელის შესამსუბუქებლად ჰიპ ჰოპ არტისტმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Bloods არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა.
უარყოფით გამოხმაურებას რეპერისთვის ხელი არ შეუშლია, ახალი ნამუშევრები გაევრცელებინა. 2018 წლის ნოემბერშივე მან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გამოსცა, რომელიც Billboard 200-ის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა. დღეისთვის ბოლო სინგლი ZAZA ტეკაშიმ 2021 წლის თებერვალში გაავრცელა.