ხატია ქორიძის სადებიუტო ალბომი და მისი შემოქმედებითი გზა ჯაზ-სცენაზე

„ჯაზი ყველანაირად რადიკალური ჟანრია – მისი მოსმენა ან ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებს, ან გტანჯავს.”
ხატია ქორიძე. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართული მუსიკალური სცენა ჟანრობრივად საკმაოდ მრავალფეროვანია. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოიკვეთა ჯაზი, რომელიც ვითარდება და დროსთან ერთად მისი აუდიტორიაც იზრდება. ახლახან ამ ჟანრში კიდევ ერთი  საინტერესო დებიუტი ვიხილეთ: ბას გიტარისტმა ხატია ქორიძემ  პირველი ალბომი წარადგინა, რომელიც არტისტის შემოქმედების ახალი თავის დასაწყისია. Forget To Dream – ასე ჰქვია ალბომს და ის ექვს კომპოზიციას აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ამ ალბომში ხატია ქორიძემ საკუთარი თავი აუდიტორიას ამჯერად უკვე კომპოზიტორის ამპლუაშიც წარუდგინა. Forget To Dream იმ მხრივაც არის საინტერესო, რომ მასში ქართული ჯაზ-სცენის გამორჩეულ მუსიკოსებთან კოლაბორაციებს ვხვდებით. 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Billboard  Georgia ხატია ქორიძეს მუსიკალური საღამოს დაწყების წინ შეხვდა და მისი შემოქმედებითი გზის შესახებ ესაუბრა. 

ხატია ქორიძის მუსიკასთან შეხება ადრეული ასაკიდან, ჯერ კიდევ სიმღერით დაიწყო. ბას-გიტარასთან ცოტა მოგვიანებით გადაიკვეთა. 15 წლიდან უკვე სერიოზულად გადაწყვიტა, ინსტრუმენტს პროფესიონალურად დაუფლებოდა და თავისი შემოქმედება დაეკავშირებინა მასთან. ხატიამ ზაქარია ფალიაშვილის ცენტრალურ სკოლაში ჯაზის ფაკულტეტზე ჩააბარა, შემდეგ კი სწავლა კონსერვატორიაში გააგრძელა. 

ხატია ქორიძე:

„ამ ჟანრით სერიოზულად მაშინ დავინტერესდი, როცა პირველად დავესწარი ჯაზის ცოცხალ საღამოს. ამან იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ მივხვდი, მისი ნაწილი მინდოდა ვყოფილიყავი. ამ დროიდან კარგად გავიაზრე ჯაზის მთავარი ხიბლი. ჩემთვის ეს ხიბლი ორი განსხვავებული მოცემულობის, დისციპლინისა და თავისუფლების ერთდროულად არსებობაშია.”

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

როგორც ხატია განმარტავს, ჯაზს მისთვის მიმზიდველი ორსახოვნება ახასიათებს. მაგალითად, ლაივის დროს მუსიკოსი ეგოისტიც არის და ამავდროულად კოლეგიალურიც. 

„აკომპანემენტის დროს მუსიკოსს მთლიანად სოლისტზე უწევს კონცენტრირება და საკუთარ ეგოს გვერდზე წევს, სოლოს დროს კი  – პირიქით. გარდა იმისა, რომ ჯაზი ჩემთვის მოსასმენად ყველაზე სასიამოვნოა, მისი შიდა სამზარეულოს პროცესიც ძალიან საინტერესოა. აქ პიროვნული თვისებები და ურთიერთობებიც უმნიშვნელოვანესია. ჯაზი ყველანაირად რადიკალური ჟანრია – მისი მოსმენა ან ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებს, ან გტანჯავს.” 

ხატია საკუთარ თავს იღბლიან მუსიკოსად ხედავს. აღნიშნავს ოჯახს, რომელმაც მის შემოქმედებით განვითარებას ხელი შეუწყო. თუმცა, ყველაზე დიდ გამართლებად სწორ ადამიანებთან გადაკვეთას მიიჩნევს. 

„პირველი საოცარი პიანისტი, რომელმაც ჯაზზე ჩემი მცდარი წარმოდგენები შეცვალა და სწორი ხედვის ჩამოყალიბებაში დამეხმარა, პაპუნა შარიქაძე იყო. პრინციპში, მან პირველმა მომასმენინა ჯაზი და მისი რჩევით ჩავაბარე ათწლედში, რის შემდეგაც რეზო კიკნაძეს და ზურა რამიშვილს შევხვდი. მათ ერთობლივად აბსოლუტურად სხვადასხვანაირი მიდგომით ჩემი განვითარების პროცესი ძალიან ააჩქარეს. რეზო კიკნაძე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმთავრესი ადამიანია. 16 წლის ასაკში, როცა დაკვრა პრინციპში ერთი წლის დაწყებული მქონდა, თავის ბენდში ამიყვანა და გადაწყვიტა, ჩემი მენტორი ყოფილიყო. ამაში, რა თქმა უნდა, მისი ბენდის წევრები – ნიკა გაბაძე, ირაკლი ჭოლაძე და ლაშა საყვარელიძეც აქტიურად იყვნენ ჩართული. მათი ძალიან მადლიერი ვარ. სწორედ ეს იყო პერიოდი, როცა დიდი პროგრესი განვიცადე, რაც ამ ადამიანების  გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ასევე, აუცილებლად მინდა ვახსენო ჩემი პირველი მასწავლებელი მიშო ჯაფარიძე, რომლის წვლილი ძალიან დიდია.”

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

მიუხედავად ჯაზის სცენაზე მოღვაწეობის წარმატებული დასაწყისისა, წლების განმავლობაში ხატია ქორიძეს საკუთარი მუსიკის დაწერის მცდელობა არ ჰქონია. როგორც თავად ამბობს, ეს შესაძლოა გაუბედაობის, ზედმეტი სკეპტიკურობის, ან თუნდაც იდეის ნაკლებობის გამო ხდებოდა. თუმცა, ზუსტად ერთი წლის წინ თავისი შემოქმედებითი ცხოვრების ახალი გამოწვევა მიიღო და პირველი მელოდია დაწერა, რაც საბოლოოდ კომპოზიციად იქცა. ეს მუსიკოსისათვის ის გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარ თავში რწმენა აღუძრა. საბოლოოდ ეს ყველაფერი გამბედაობაში გადაიზარდა – ხატიამ მუსიკის წერა განაგრძო და ასე შეიქმნა ალბომი Forget To Dream.

„ეს ალბომი ჩემს გემოვნებას საკმაოდ კარგად გადმოსცემს. აქ იგრძნობა ჯაზი ჰარმონიულად, ზოგ თემაში – როკიც. ჩემი აზრით, Forget To Dream კლასიკური მუსიკის სიყვარულსაც კარგად ასახავს. ჩემ შემთხვევაში მუსიკის სიტყვიერი ახსნა, ამ შემოქმედებით პროცესთან დაკავშირება მარტივი არ იყო, რადგან მუსიკაში მუსიკალური ენა ყოველთვის საკმარისი იყო. თუმცა, რადგან ბუნებრივად მოხდა ისე, რომ ალბომი ვოკალური უნდა ყოფილიყო, მუსიკალური იდეების ტექსტებთან შეთავსება მომიწია.”

საბა ოკუჯავა. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

სადებიუტო ალბომის ჩაწერა ნებისმიერი არტისტისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს შემოქმედებითი შესაძლებლობების ერთგვარი გამოცდა და ახალ პერსპექტივებთან შეხვედრაა. ამავდროულად ალბომი მუსიკოსს მეტ თავდაჯერებულობას სძენს, რაც ბუნებრივად იქცევა სამომავლო პროექტების, სიახლეების დასაწყისად. 

„თითოეული ეტაპი: მუსიკალური იდეის გაჩენა, შემდეგ მისი დრამატურგიულად განვრცობა და დალაგება, ჰარმონიის მინიჭება, ყველა ინსტრუმენტის წარმოდგენა, შემდეგ ჩაწერა და ჩანაწერის მოსმენა საოცარი სიამოვნება იყო. ეს პროცესი არაფრით იყო დამღლელი და მომაბეზრებელი,” – ასე აღწერს ხატია ქორიძე ალბომზე მუშაობის პროცესს და მისგან მიღებულ ემოციებს. 

როგორც უკვე ვახსენეთ, Forget To Dream  არაერთ კოლაბორაციას მოიცავს. ხატიას თქმით, ადამიანები, რომლებთანაც მან ალბომის ჩაწერისას ითანამშრომლა, არა მხოლოდ არაჩვეულებრივი მუსიკოსები, არამედ მისი ახლო მეგობრებიც არიან. 

ზუკა სიმონიშვილი. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვახსენო ჩემი უახლოესი მეგობარი სოსო ცაგარეიშვილი. ის ჩემთვის ყველაზე ახლო მუსიკალური პარტნიორია. მის გარეშე ჩემი მუსიკა თავიდანვე არ წარმომედგინა, რადგან დაკვრაში ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ. ალბომში უკრავს ბექა გოჩიაშვილი, რომელმაც ჩემს ყველა წარმოდგენას გადააჭარბა. ასევე ვითანამშრომლე ზუკა სიმონიშვილთან, რომელიც ჩაწერაშიც დამეხმარა და თავისი მუსიკალური მიდგომებით კომპოზიციებს საოცარი ელფერი შესძინა. უნდა აღვნიშნო, რომ ზუკა სიმონიშვილს და სოსო ცაგარეიშვილს ძალიან მაგარი ერთობლივი პროექტი აქვთ – Zuk ’n Sos. რაც შეეხება სხვა კოლაბორაციებს, ერთ ტრეკში უკრავს ჩემი მეგობარი, გასაოცარი დრამერი გიო კაპანაძე. ალბომის დასასრულს კი მსმენელი შეხვდება სანდრო ბიბიჩ კვაჭაძეს და ლუკა თოფურიას, რომლებმაც კომპოზიციას ზღაპრული და მდიდარი ჟღერადობა მიანიჭეს. ასევე აუცილებლად უნდა ვახსენო თორნიკე გველესიანი, რომელმაც ჩაწერილი კომპოზიციები იდეალურ ჟღერადობამდე მიიყვანა.”

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

როგორც ხატია ქორიძე ამბობს, უახლოეს მომავალში ის ამ პროექტს არაერთ სხვადასხვა სივრცეში წარადგენს აუდიტორიის წინაშე.

“დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ცოცხალი შესრულებისას კიდევ უფრო სხვანაირად გაიჟღერებს,”- ამბობს მუსიკოსი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Drake - ფოტო: მარსელო ერნანდესი

Drake  ახალ ალბომს PartyNextDoor-თან ერთად აანონსებს

შემდეგი სტატია

LOUDspeakers

LOUDspeakers ახალ სიმღერას აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარი Coachella-ს ფესტივალზე, 2017 წლის 16 აპრილი. ფოტო კევინ უინტერი

ბილბორდის „უდიდესი პოპ ვარსკვლავები“: 2017 წელს ედ შირანმა და კენდრიკ ლამარმა აჩვენეს, თუ როგორ  შეიცვალა დროთა განმავლობაში მონოკულტურა

ბილბორდის სტატიათა სერიის „წლის უდიდესი პოპ ვარსკვლავების" ფარგლებში, 2017 წელს ედ შირანისა და კენდრიკ ლამარის პოპულარობამ პიკს მიაღწია, რამაც ნათლად წარმოაჩინა პოპ-კულტურის მრავალფეროვნება
მეტი

მანანა მენაბდემ და გორის ქალთა გუნდმა მსმენელს დები იშხნელების მუსიკალური საღამო წარუდგინეს

კონცერტი დები იშხნელების შემოქმედების 100 წლის იუბილეს სიმბოლურად გამოეხმაურა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 3 – რიანა

მას შემდეგ, რაც თინეიჯერობის ასაკში ბარბადოსიდან აშშ-ში ჩავიდა, რიანამ სწრაფად შეძლო თავის დამკვიდრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ჰიტმეიკერი, მომხიბლაობის სიმბოლო და ნოვატორი ფიგურა თანამედროვე პოპისტორიაში.
მეტი

SZA მსმენელებს წლის ბოლოს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს ჰპირდება

ამ განცხადებამდე დღეებით ადრე British Vogue-ისათვის მიცემულ ინტერვიუში არტისტმა გაამხილა, რომ ორი პროექტი აქვს მზად გამოსაშვებად.
მეტი