თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მუსიკოსმა სოფო ბათილაშვილმა ახალი მუსიკალური პროექტი წარადგინა. SOPO – ამ სახელწოდებით არტისტმა ბენდი ჩამოაყალიბა და ალბომიც ჩაწერა, რომელიც 22 სექტემბერს გამოიცემა. ბენდის შემადგენლობაში სოფო ბათილაშვილთან ერთად არიან: ალეკო ბერძენიშვილი (ბას-გიტარა, პროდიუსერი), გიგი კობერიძე (დასარტყამი ინსტრუმენტი), თორნიკე გაგოშვილი (გიტარა) და ზურა კიკნაძე (გიტარა).
მუსიკალური პროექტის, დაანონსებული ალბომისა და სხვა სიახლეების შესახებ Billboard Georgia სოფო ბათილაშვილს და ბენდის წევრებს ესაუბრა. როგორც სოფო აღნიშნავს, ბენდის სახით ქმნის იმ მუსიკას, რომელზეც მუდამ ოცნებობდა – ეს არის მუსიკა, რომელსაც ალტერნატიული ხასიათი აქვს და ყველაზე ცოცხლად გამოხატავს მუსიკოსის შეგრძნებებსა და განცდებს.
სოფო ბათილაშვილი:
„ორი წლის წინ მე და ალეკო ბერძენიშვილმა გადავწყვიტეთ, უბრალოდ ის გვეკეთებინა, რაც გვინდოდა – ყველანაირი გათვლების გარეშე, უკომპრომისოდ. ერთ მშვენიერ დღესაც ალეკომ დაურეკა თავის ძველ მეგობარს, უკვე ჩვენს გიტარისტ ზურა კიკნაძეს. ზურამ გაგვაცნო გიგი კობერიძე, ჩვენი დრამერი. 2023 წლის თებერვალში პირველად დაუკრეს ერთად. რეპეტიცია რომ დამთავრდა, არ მავიწყდება ალეკოს პირველი ემოციები და პირველი სიტყვები – „სოფო, ეგ არის!”. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დავიწყეთ.“
ალეკო ბერძენიშვილი:
„ორი წლის წინ მე და სოფო ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მუსიკოსისთვის საავტორო მუსიკის შექმნასა და შესრულებას. სწორედ ამ საუბარში გაჩნდა სურვილი და იდეა, ერთად გაგვეკეთებინა რამე. შემდეგ ეს იდეა დაიხვეწა და მივედით იქამდე, რომ ბენდი გვინდა ისეთი მუსიკოსებით, რომლებიც იმავენაირად ფიქრობენ და იგივე მუსიკა უყვართ, როგორიც მე და სოფოს. გაგვიმართლა და ზუსტად ასეთი მუსიკოსები არიან ბენდში.”
ბენდის შექმნის შემდეგ სოფო ბათილაშვილი საავტორო სიმღერების შეკრებას შეუდგა და აქტიური რეპეტიციებიც დაიწყო. პარალელურად იქმნებოდა ახალი ნამუშევრებიც.
სოფო ბათილაშვილი:
„ალეკო ამ სიმღერებს დემო ვერსიებად გარდაქმნიდა და ასე დავიწყეთ ჩვენს სადებიუტო ალბომზე, GAME OVER-ზე მუშაობა. ალბომის ჩაწერისას მივხვდით, რომ კიდევ ერთი გიტარა გვჭირდებოდა ბენდში და რომ ის კონკრეტულად თორნიკე გაგოშვილი უნდა ყოფილიყო. თორნიკეს შემომატებამ ბენდი სრულფასოვანი გახადა.“
როგორც სოფო აღნიშნავს, ბენდის წევრ არტისტებთან ერთად მუსიკის შექმნა მისთვის ძალიან დიდი პატივია.
GAME OVER 11 ტრეკისგან შედგება. ალბომის გამოსვლამდე ბენდმა Bravo Records-ში ცოცხალი სესიებიც გადაიღო სამ სიმღერაზე: Ugh Your Name, One Thing at a Time და I Blame Myself. აქედან ერთ-ერთი, Ugh Your Name ბენდმა ახლახან მსმენელს ინტერნეტსივრცეში წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ სრული ალბომი და ცოცხალი სესიები Coca-Cola Bottlers Georgia-ს მხარდაჭერით ჩაიწერა.
ალეკო ბერძენიშვილი:
„ალბომის ჩაწერის პროცესი არაერთგვაროვანი იყო: ხან ხალისიანი და მსუბუქი, ხან – რუტინული, ხანაც – საკმაოდ მძიმე, როგორც ხდება ხოლმე. მთავარი ისაა, რომ სოფო ყველაზე საინტერესო და უნიკალური არტისტია, ვისაც ვიცნობ. გარდა იმისა, რომ მას ასეთი გამორჩეული ხმა აქვს, მალევე აღმოვაჩინე, რომ ის ასევე გამორჩეულია, როგორც სიმღერების ავტორი.”
როგორც სოფო ბათილაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, სამომავლო გეგმებზე ამ ეტაპზე ბევრს ვერ ისაუბრებს, თუმცა დიდი სურვილი აქვს, რომ ბენდი რაც შეიძლება ბევრჯერ წარდგეს აუდიტორიის წინაშე და ახალი სიმღერებიც აქტიურად გამოსცეს.