მას შემდეგ, რაც ტეილორ სვიფტმა კამალა ჰარისს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა, დონალდ ტრამპმა მომღერალს პოსტი მიუძღვნა. ტრამპმა თავისსავე შექმნილ სოციალურ ქსელში, რომლის სახელწოდებაა Truth Social, დაწერა – „მძულს ტეილორ სვიფტი.”
გასულ კვირას ტეილორ სვიფტი სოციალური ქსელის მეშვეობით საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხმას კამალა ჰარისს აძლევს. მან თავის 238 მილიონ გამომწერს მიმართა, რომ კვლევა ჩაატარონ და სასურველ კანდიდატს მისცენ ხმა. სვიფტმა გამომწერებს ასევე მოუწოდა, რომ დარეგისტრირდნენ და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
სვიფტმა კამალა ჰარისი მოიხსენია ლიდერად, რომელიც ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის. მან თავის პოსტში საგანგებოდ აღნიშნა კამალა ჰარისის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი ტიმ უოლცი, რომელიც წლების განმავლობაში LGBTQ თემის და ქალების უფლებების, მათ შორის რეპროდუქციული უფლებებისათვის იბრძვის.
სვიფტი თავის პოსტში დონალდ ტრამპის ვებ გვერდზე მისი სახელით განთავსებულ ცრუ მხარდამჭერ განცხადებასაც შეეხო და მას დეზინფორმაცია უწოდა. „ცოტა ხნის წინ შევიტყვე, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩემი სახელით გაკეთებული მხარდამჭერი ყალბი განცხადება ტრამპის ვებ გვერდზე განთავსდა. ამან ხელოვნური ინტელექტისადმი შიში ნამდვილად გამიჩინა. მივედი დასკვნამდე, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით ჩემი გეგმები გამჭვირვალე უნდა იყოს. დეზინფორმაციასთან ბრძოლის ყველაზე მარტივი გზა სიმართლეა,” – განმარტა ტეილორ სვიფტმა.
პოსტს სვიფტმა თავის კატასთან ერთად გადაღებული ფოტო დაურთო. სვიფტმა ღია წერილის ბოლოს საკუთარ თავს „კატების პატრონი უშვილო ქალი” უწოდა. ამ ტერმინით დონალდ ტრამპის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეი დი ვენსმა მოიხსენია.
Truth Social-ზე გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ მომღერალს მხარი დაუჭირეს მისმა ფანებმა. მათ სოციალურ ქსელში ტრამპის პასუხად გიფები და მიმები გამოაქვეყნეს, რომლებითაც ყოფილ პრეზიდენტს დასცინეს.
აღსანიშნავია, რომ ტეილორ სვიფტის განცხადებამ საპრეზიდენტო არჩევნებზე გარკვეული გავლენა უკვე მოახდინა. მას შემდეგ, რაც მან კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი, 400 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა ამომრჩევლად. არ არის გამორიცხული, მომღერალმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ თავის აუდიტორიას მუსიკალური ტურნეს განმავლობაშიც მოუწოდოს.