80-იანი წლების ცნობილი ჯგუფის, A-ha-ს ჩარტების ლიდერი სიმღერა Take on Me ახლახან Youtube-ზეც დაწინაურდა. სიმღერის მუსიკალურმა კლიპმა ვიდეოების გაზიარების პლატფორმაზე ორ მილიარდ ნახვას გადააჭარბა. Take on Me გახდა 80-იან წლებში გამოცემული პირველი სიმღერა, რომელმაც Youtube-ზე ამ შედეგს მიაღწია.
A-ha ნორვეგიული ტრიოა. ჯგუფის წევრები არიან: მაგნე ფურუჰოლმენი, მორტენ ჰარკეტი და პოლ ვაქტარ-სავოი. ჯგუფის წევრებმა სადებიუტო ალბომი Hunting High and Low 1985 წელს გამოსცეს. სწორედ ამ ალბომის წამყვანი სინგლი იყო Take On Me, რომელიც ჯგუფმა იმ დროისათვის დასამახსოვრებელი და გამორჩეული კლიპის თანხლებით წარადგინა. ვიდეოს რეჟისორი სტივ ბარონია, რომელსაც მაიკლ ჯექსონის Billie Jean-ზეც უმუშავია. Take On Me-ს ვიდეოში მოძრავი ნახატებით შექმნილი სიუჟეტი ვითარდება. ვიდეო MTV-ზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სიმღერამ მუსიკალურ ჩარტებში წამყვანი პოზიციები დაიკავა. გამოცემიდან მე-15 კვირას ის Billboard-ის Hot 100-ის პირველ ადგილზე მოხვდა.
2019 წელს Billboard-მა ჯგუფის წევრ ფურუჰოლმენთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც მუსიკოსმა კლიპის შესახებ ისაუბრა. “ცხადია, ეს ვიდეო უნიკალურია და დროს უძლებს. ამ კლიპში ხელით დახატული სურათებია და სწორედ ეს აქცევს მას განსაკუთრებულად. აღმოჩნდა, რომ დროსთან ერთად სიმღერასთან უამრავი ადამიანი პოულობს კავშირს. ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენს კატალოგში ასეთი სიმღერაა,” – აღნიშნა მაგნე ფურუჰოლმენმა.