„ფილმმა Scarface უფრო მეტი მომიტანა, ვიდრე რეპერმა Scarface-მა,” – ეს სიტყვები ჯეი ზის ეკუთვნის სიმღერაში Ignorant Shit, 2007 წლის ალბომიდან American Gangster.
მარკ მარონის WTF პოდკასტში სტუმრობისას ალ პაჩინომ სწორედ Scarface-ზე ისაუბრა და მოჰყვა, თუ როგორ დაეხმარა მაყურებელი 1932 წლის ორიგინალი ფილმის იმავე სახელწოდების რიმეიკს კულტურულ ფენომენად გადაქცევაში მას შემდეგ, რაც თავდაპირველად ის კრიტიკოსებისა და ჰოლივუდის წარმომადგენლების მიერ კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. პაჩინოს პარტნიორმა სტივენ ბაუერმა, რომელიც ფილმში მანოლოს როლს ასრულებს, ერთხელ თქვა, რომ მარტინ სკორსეზემ მსახიობები Scarface-ის პრემიერის შემდეგ შესაძლო შედეგების შესახებ გააფრთხილა: „პრემიერაზე მარტინ სკორსეზე ფილმის მსვლელობისას მოგვიტრიალდა და გვითხრა: „თქვენ შესანიშნავები ხართ, მაგრამ მზად იყავით, რადგან ჰოლივუდში ეს არ მოეწონებათ.” მან ეს მე მითხრა, ადამიანს, რომელსაც არ იცნობდა. როდესაც ამის მიზეზი ვკითხე, მიპასუხა: „რადგან ეს მათი პრობლემაა.”
„ძალიან გამიკვირდა, როცა მართლაც ასე მოხდა,” – თქვა ალ პაჩინომ და აღიარა, რომ იმ პერიოდში მსახიობობის ინტერესი დაკარგული ჰქონდა. „მაყურებელს ფილმი მოეწონა, თუმცა ამას დრო დასჭირდა. ჰიპ-ჰოპმა კი ფილმი მაშინვე გაიგო. რეპერებმა ის მიიღეს და შეიყვარეს. შემდეგ კი, როცა უკვე VHS-ის კასეტებზე გამოვიდა, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ნახულობდა. რეპერები საჯაროდ გვიჭერდნენ მხარს და ფილმიც წინ და წინ მიდიოდა.”
ბრაიან დე პალმას რეჟისორობითა და ალ პაჩინოს მონაწილეობით Scarface გამოშვებისთანავე ჰიპ-ჰოპ თემის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფილმად იქცა. ადამიანები ღარიბი უბნებიდან და მარგინალიზებული ჯგუფებიდან საკუთარ თავს ხედავდნენ ტონი მონტანას, როგორც კუბელი იმიგრანტის ძალაუფლებისკენ სვლაში 80-იანი წლების მაიამის კოკაინის დიდების პერიოდში. მათი ეს შეგრძნება აღწერილია 2022 წლის ფილმში Paid in Full, რომელიც დაფუძნებულია ჰარლემის სამი მთავარი ფიგურის ცხოვრებაზე, როცა ისინი არაფრიდან ამერიკული პოპკულტურის ყველაზე გავლენიან ნარკოდილერებად იქცნენ.
სცენა გვიჩვენებს ეისს (ვუდ ჰარისის შესრულებით), რომელიც სწორედ Scarface-ის ჩვენებაზეა კინოთეატრში და თან ჰყვება: „ჰარლემში ტემპერატურა აიწია, როცა ქალაქში Scarface გამოვიდა. როგორც ჩანს, შავკანიანებს მოსწონთ ღარიბი კუბელის ნახვა, რომელმაც მხოლოდ თავისით მიაღწია და „ნამდვილი კაცი” გახდა.”
კარიერის განმავლობაში, ჯეი ზის გარდა, კიდევ არაერთ მუსიკოსს გამოუყენებია Scarface-ის მოტივი თავის შემოქმედებაში. მათ შორის არიან: ჯგუფი Mobb Deep, ასევე Wu-Tang Clan და თავად რეპერი Scarface.