ცნობილი მომღერალი შერი ამ კვირაში „ჯიმი კიმელის შოუში“ გამოჩნდა, სადაც მემუარების პირველ ტომზე, პირადი ცხოვრების დეტალებზე და მუსიკალურ კარიერაზე ისაუბრა.
შერმა ყოფილ ქმართან და მუსიკალურ პარტნიორთან, სონი ბონოსთან ურთიერთობის მომენტები გაიხსენა. დუეტმა Sonny & Cher პირველად 1960-იან წლებში მოიპოვა პოპულარობა. შერმა ისაუბრა, თუ როგორ შეცვალა პროფესიულმა თანამშრომლობამ მათი ცხოვრება.
„ჩვენ შოუს კეთება გვაერთიანებდა, რადგან ამ დროს ძალიან ვერთობოდით. ჩვენ თანასწორები ვიყავით. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ კარგად ვმუშაობდით და ეს ნამდვილად გვაახლოებდა.” – უთხრა შერმა ჯიმი კიმელს. 1965 წელს გამოცემულმა პირველმა ჰიტ სიმღერამ I Got You Babe, სონი და შერი ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეულ მუსიკალურ დუეტად აქცია.
1970-იან წლებში დუეტმა სატელევიზიო შოუ Sonny & Cher Comedy Hour შექმნეს, რომელიც ამ პერიოდის გასართობ შოუებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გადაცემად იქცა. მიუხედავად პროფესიულად წარმატებული ურთიერთობისა, მათ პირად ცხოვრებაში არცთუ ისე კარგად ეწყობოდა ყველაფერი.
შერმა ისაუბრა მამაკაცზე, რომელიც სონისთან დაშორების პერიოდში დაეხმარა მას, რათა ეს ყველაფერი გადაელახა. „მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რათა სონისთან დაშორების გადაწყვეტილება მიმეღო. ის მართლაც კარგი ადამიანი იყო, მე მისი სრული სახელი ჩემს მემუარებში მოვიხსენიე, ამიტომ, მაინტერესებს, რას ფიქრობს ის ამის შესახებ.” – აღნიშნა შერმა.
შერმა ასევე ისაუბრა სასაცილო ისტორიებზეც, მაგალითად იმაზე, როგორ მიიღო მართვის მოწმობა, რომელზეც მხოლოდ მისი სახელი წერია. „მე არ მაქვს გვარი, ამიტომ ჩემს მართვის მოწმობაზე უბრალოდ შერია მითითებული.“
შერმა თავისი უჩვეულო გამოცდილებაც გააზიარა, როდესაც ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულება სცადა, „თუმცა გაფანტული ყურადღების გამო 10 წუთის შემდეგ მოსამართლემ გამომაგდო.“ – ამბობს სიცილით მომღერალი.
შოუს პერიოდში შერმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ჯიმი კარტერთან მეგობრობაზეც ისაუბრა, რომელიც თეთრ სახლში, კარტერის პირველ წვეულებაზე, საღამოს ვახშამზე დაიწყო. შერმა კარტერის როკ-ენ-როლით გატაცებაც აღნიშნა.
მომღერლის მემუარების პირველი ნაწილი New York Times-ის ბესტსელერების სიაში პირველ ადგილზეა და ოთხი კვირის განმავლობაში არაერთხელ დაიკავა ლიდერის პოზიცია. ამით მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა გავლენა არა მხოლოდ მუსიკასა და კინოში, არამედ ლიტერატურის დარგშიც. აღსანიშნავია მისი გავლენა ბილბორდის ჩარტებშიც: 1999 წელს შერის ლეგენდარული ჰიტი Believe ბილბორდ Hot 100-ის პირველ ადგილს ოთხი კვირის განმავლობაში იკავებდა და საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერისთვის გრემის ჯილდოც დაიმსახურა. კიდევ ერთი გამორჩეული ჰიტი If I Could Turn Back Time, 1980-იანი წლების უცვლელ ჰიმნად რჩება.
მომღერლის გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან მემუარების მეორე ტომს, რომლის გამოსვლაც ნოემბერშია დაგეგმილი. შერმა ხუმრობით დაამატა: „ჯერ არც კი დამიწყია წერა.“