„იმედია, ყველანი კარგად ხართ!!!“ – წერს ბრიტნი სპირსი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აზიარებს. „იძულებული გავხდი, სახლი დამეტოვებინა და 4 საათია ვმგზავრობ, რათა სასტუმრომდე მივიდე“.
„ბევრ ადამიანს შეიძლება ტელეფონიც არ ჰქონდეს ახლოს!!! ბოლო ორი დღე ტელეფონს ვერ ვრთავდი, რადგან ელექტროენერგია არ მქონდა და მისი დამუხტვა არ შემეძლო. ახლა დავიბრუნე ტელეფონი, ვლოცულობ, რომ ყველანი კარგად იყოთ. ჩემს სიყვარულს გიგზავნით 🌹!!!“ – ამბობს ბრიტნი სპირსი
პოპ-ვარსკვლავი ერთ-ერთია იმ ცნობილ სახეებსა და ათიათასობით კალიფორნიელ მოქალაქეს შორის, ვისაც ლოს-ანჯელესის რეგიონის დატოვება მოუწია, მას შემდეგ, რაც სამშაბათ დილით, 7 იანვარს, პალისეიდში სტიქიური ხანძარი გაჩნდა, რომელიც ქარმა კიდევ უფრო გააძლიერა. ხანძარი სწრაფად გავრცელდა მთელ ქალაქში და მეხანძრეებმა მისი კონტროლი ვერ შეძლეს. ამასთან, ახალი ხანძრის კერები ჰოლივუდის მთებსაც მოედო. ხანძარმა იჩინა თავი პასადენაში, ალტადენაში, სილმარში და კალაბასასში. CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ათამდე ადამიანია გარდაცვლილი.
უამრავი შენობა-ნაგებობა დაიწვა და განადგურდა, მათ შორის იყო ცნობილი ვარსკვლავების სახლებიც, რომლებიც თინა ნოულზის, ბრედ პეისლის, მენდი მურის და ჟენე აიკოს ეკუთვნოდათ. ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილმა სახეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
„მე ლოცვა არ ვიცი, მაგრამ დღეს ვილოცებ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამდენი რამ დაკარგა. საქმე არ ეხება ხელოვნებას ან სუვენირებს. ეს არის ფოტოები, წერილები, ის ნივთები, რომლებიც ჩვენს საყვარელ ადამიანებს გვახსენებს. ვინც ამდენი ტკივილი გამოიარა და ამდენი რამ დაკარგა, ვუსურვებ, ეპოვოს რაღაც იმედი და მხარდაჭერა ოჯახისა და მეგობრებისგან, -წერს ჯონ მაიერი სოციალურ ქსელში.