ლოს-ანჯელესში გამანადგურებელი ხანძარი გრძელდება, რის გამოც Warner Music Group-ისა და Blavatnik Family Foundation-ის სოციალური სამართლიანობის ფონდმა დაზარალებულებს მხარდაჭერა გამოუცხადა და დახმარება შესთავაზა.
კვირას, 12 იანვარს, Warner Music Group/Blavatnik Family Foundation-ის სოციალური სამართლიანობის ფონდმა განაცხადა, რომ ტყის ხანძრებისგან გამოწვეული ზიანის აღმოსაფხვრელად და რეგიონის აღდგენისთვის მილიონ დოლარს გაიღებს. თანხები ამ საკითხზე მომუშავე ლოს-ანჯელესში არსებულ ორგანიზაციებს, საგანგებო სამსახურში მომუშავე პირებსა და მუსიკალური ინდუსტრიის იმ წარმომადგენლებს გადაეცემათ, რომლებიც კატასტროფის შედეგად დაზარალდნენ.
პრესრელიზის მიხედვით, მხარდაჭერის მიმღებთა შორის არიან: California Community Foundation, ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის ფონდი, პროექტი HOPE, MusiCares და სხვები.
გარდა ამისა, Warner Music Group თავისი თანამშრომლების უსაფრთხოებასაც პრიორიტეტად მიიჩნევს. მათთვის, ვისაც ხანძრის გამო სახლების დატოვება მოუწია, კომპანია გადაუდებელი საცხოვრებელი პირობებითა და კვებითი ხარჯებით დახმარებას უზრუნველყოფს. WMG ასევე აქტიურად რიცხავს თანხას შემოწირულობის სახით სხვადასხვა ფონდში და მოხალისეობრივ ინიციატივებშიც ერთვება.
„ტყის ხანძრებით გამოწვეული ნგრევა და სიცოცხლის დაკარგვა წარმოუდგენელი ამბავია. ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩვენ იმ ადამიანებს ვეხმარებით, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება მხარდაჭერა.” – აღნიშნა გავრცელებულ განცხადებაში ბლავატნიკმა, Blavatnik Family Foundation-ის ხელმძღვანელმა.
„ჩვენ ვუერთდებით ძალისხმევას, რათა ერთად დავეხმაროთ ლოს-ანჯელესის საზოგადოებას და მეხანძრეებს ამ მამაც ბრძოლაში მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. ლოს-ანჯელესი მიზანდასახულობის, ერთსულოვნებისა და კრეატიულობის ადგილია, მისი ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ისტორიასთან. ჩვენ მტკიცედ ვაპირებთ ამ გამორჩეული ქალაქის მოსახლეობის გვერდში დგომას.“ – აღნიშნა WMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ კინკლმა.