დოლი პარტონის გარდაცვალებიდან მეორე დღეს, 26 აგვისტოს, მაილი საირუსმა თავის ცნობილ ნათლიას ინსტაგრამზე ემოციური პოსტი მიუძღვნა. „დოლის დაკარგვით გამოწვეული განცდა იმაზე მეტია, ვიდრე ამის საჯაროდ გაზიარება მიმაჩნია სწორად“, – დაწერა მაილი საირუსმა. „ჩვენი ყველაზე ძვიფრასი მომენტები ძალიან პირადული იყო და ეს ასეც დარჩება – ყოველგვარი ბრწყინვალების მიღმა, ჩვენს გულებს შორის“.
„ერთი რამ ზუსტად ვიცი, დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი, ახლა გვერდით ანგელოზი მყავს. ის ყოველთვის მხარს მიჭერდა. ჩვენი ერთ-ერთი უკანასკნელი საუბარი მუსიკასა და გარდასახვას ეხებოდა“.
მაილი საირუსმა აღნიშნა, რომ დოლისადმი სიყვარული მის გულში სამუდამოდ დარჩება და ყოველთვის ეცდება, ასახელოს“. შემდეგ კი დასძინა, რომ „გული სტკივა მთელი მსოფლიოს, დოლის ოჯახის წევრებისა და მეგობრების გამო, რომლებსაც იგი ასე ძალიან დააკლდებათ“.
„ამ დანაკარგს ყველანი ერთად განვიცდით და მას ჩვენ ყველაზე ლამაზ და ძვირფას მოგონებებში დავინახავთ.“ – დაწერა ბოლოს საირუსმა.
დოლი პარტონი 25 აგვისტოს, კიბოსთან ხანმოკლე ბრძოლის შემდეგად გარდაიცვალა, – ნათქვამია მისი გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მისი გარდაცვალების შესახებ პირველად ინფორმაცია ოფიციალურად პარტონის ძმისშვილმა, ბრაიან სივერმა გაავრცელა, რომელიც მისი უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც იყო.
„მწუხარება ჩვენთან რჩება და არა დოლისთან, – თქვა სივერმა თავისი ცნობილი დეიდისადმი მიძღვნილ ვიდეოში.
„დოლის ცხოვრება სინათალით იყო მოცული, ახლა კი იგი იესოს ხელშია. დარწმუნებული ვარ, იქ მას კარლი, მისი მშობლები და უამრავი სხვა ადამიანი შეხვდნენ, რომლებიც იმ დღეს ელოდნენ, როცა მას ზეცაში იხილავდნენ. მისთვის არასდროს არსებობდა კარი, რომლის გაღებასაც ვერ შეძლებდა, მის მიერ გაღებულმა ბევრმა კარმა ისტორია შექმნეს და შეცვალეს.“ – განაცხადა სივერმა.
დოლი პარტონსა და მაილი საირუსს შორის არსებული გამორჩეული და ახლო ურთიერთობა ბევრ გულშემატკივარს განსაკუთრებით მოსწონდა. მაყურებელმა ისინი ერთად Hannah Montana-შიც იხილა, სადაც ქანთრის დედოფალმა რამდენიმე ეპიზოდური როლი შეასრულა საირუსის პერსონაჟის ნათლიის ამპლუაში.
პარტონმა თავის რეალურ ნათლულთან ერთად 2022 წელს Miley’s New Year’s Eve Party-შიც მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, მათ ერთობლივად ჩაწერეს სიმღერები, მათ შორის Rainbowland, საირუსის 2017 წლის ალბომიდან Younger Now და Wrecking Ball-ის განახლებული ვერსია პარტონის 2024 წლის ალბომისთვის Rockstar.
ორივე მათგანი ინტერვიუებში ღიად საუბრობდა ერთმანეთისადმი დიდ სიყვარულსა და პატივისცემაზე. 2023 წელს, Billboard-ისთვის გადაღებულ ვიდეოში, სადაც ისინი Wrecking Ball-ის ერთობლივ ვერსიაზე საუბრობდნენ, პარტონმა აღნიშნა: „ძალიან მიყვარს ჩემი მაილი.“
საირუსის მიერ პარტონისადმი მიძღვნილი პოსტი მისი მამის მიმართვის შემდეგ გამოქვეყნდა. ბილი რეი საირუსმა სამშაბათს ინსტაგამზე მუსიკის ლეგენდას პატივი მიაგო და დაწერა:
„დოლისთან იმდენი მოგონება და განსაკუთრებული მომენტი მაკავშირებს, რომ არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. როგორც ყველა პატარა ბიჭი, მეც დოლი პარტონის სიყვარულით გავიზარდე. ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო, მას ტელევიზორში ვხედავდით და გვეგონა, თითქოს ჩვენსავე მისაღებ ოთახში იყო. ცოტა ხნის წინ დოლიმ ულამაზესი შეტყობინება გამომიგზავნა და მითხრა, რომ მთელი გულით ვუყვარდი. მეც ყოველთვის მთელი გულით მეყვარება… და ეს არასდროს შეიცვლება“, – დაწერა ბილი რეი საირუსმა.