ლეგენდარული ბრიტანელი მომღერლისა და მსახიობის, მარიან ფეითფულის გარდაცვალებას The Rolling Stones სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა და მას პატივი მიაგო.
ჯგუფმა სოციალურ ქსელ X-ში არქივის ვიდეო გააზიარა, სადაც ახალგაზრდა მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი As Tears Go By-ის ასრულებენ. მათ სიმღერა 1964 წელს დაწერეს და შესასრულებლად მარიანს გადასცეს.
„მარიანისთვის,“ – წერია The Rolling Stones-ის პოსტის აღწერაში.
For Marianne 💛 pic.twitter.com/QXrIuOaWK8
— The Rolling Stones (@RollingStones) January 30, 2025
მარიან ფეითფული The Rolling Stones-ის მენეჯერმა ენდრიუ ლუგ ოლდჰამმა პირველად ლონდონში, ერთ-ერთ წვეულებაზე აღმოაჩინა, შემდეგ კი ის მიკ ჯაგერსა და კით რიჩარდსს გააცნო.
მარიან ფეითფულის მიერ შესრულებული As Tears Go By 1964 წელს დიდი ბრიტანეთის ტოპ 10-ეულში და ბილბორდ 100-ში 22-ე ადგილზე მოხვდა.
ფეითფულმა და მიკ ჯაგერმა ურთიერთობა 1965 წელს დაიწყეს. მარიანი The Rolling Stones-ისთვის შთაგონების წყაროდ იქცა, რა დროსაც შეიქმნა სიმღერები: You Can’t Always Get What You Want და Wild Horses.
მიკ ჯაგერმა მარიან ფეითფულს პირველად ინსტაგრამზე მიაგო პატივი, სადაც მათი ერთად გადაღებული შავ-თეთრი ფოტო გააზიარა:
„ის ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იყო. ის იყო შესანიშნავი მეგობარი, მშვენიერი მომღერალი და დიდებული მსახიობი. ის ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში.“
კით რიჩარდსმა თავის პოსტში მარიანის შესახებ დაწერა: „გულწრფელად ვუსამძიმრებ მარიანის ოჯახს! ძალიან დამწუხრებული ვარ და ძალიან მომენატრება!!“
მარიან ფეითფულის გარდაცვალების შესახებ BBC-იმ განცხადება გაავრცელა: „დიდი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი მარიან ფეითფული გარდაიცვალა. ის ძალიან მოგვენატრება.“