ე.წ. დიფფეიქ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც კანიე უესტის სიძულვილის ენას გმობს, სკარლეტ იოჰანსონი AI-ის ბოროტად გამოყენებას დაუპირისპირდა

ე.წ. დიფფეიქ ვიდეო, სავარაუდოდ, კანიე უესტის ბოლო პერიოდის პოსტებზე საპასუხოდ შეიქმნა. ოთხდღიანი პოსტების სერიის განმავლობაში უესტმა არაერთხელ გამოიყენა ანტისემიტური, ჰომოფობიური, სექსისტური და დისკრიმინაციული ტერმინები.
კანიე უესტი ბერლინის მოდის კვირეულზე. 2024 წლის პირველი ივლისი.
Matthias Nareyek/Getty Images

ისრაელის საზოგადოებრივმა სიონისტურმა ორგანიზაცია Im Tirtzu-მ გამოაქვეყნა ე.წ. დიფფეიკ ვიდეო, რომელშიც ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ებრაული წარმომავლობის არტისტების სახეები იყო გამოყენებული. მათ შორის იყვნენ დრეიკი, ლენი კრავიცი, Maroon 5-ის ადამ ლევინი, Simon & Garfunkel-ის წევრები, ჯეკ ბლექი, ჯეიკ ჯილენჰოლი, მილა კუნისი, ადამ სენდლერი და სხვები. ვიდეოში ყველა მათგანს ეცვა მაისური, რომელზეც სხვადასხვა სიმბოლოსთან ერთად ეწერა სიტყვა „Kanye“.

ვიდეოში ჟღერს ფრაზები: „საკმარისია“, „შემოგვიერთდი ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“. როგორც ჩანს, ეს ვიდეო კანიე უესტის ბოლო პერიოდის პოსტებზე საპასუხოდ შექმნა. ოთხდღიანი პოსტების სერიის განმავლობაში უესტმა  არაერთხელ გამოიყენა ანტისემიტური, ჰომოფობიური, სექსისტური და დისკრიმინაციული ტერმინები. „მე ვარ ნაცისტი“, „მე მიყვარს ჰიტლერი“.

ებრაული ორგანიზაციის დიფფეიქ ვიდეოში  ნაჩვენები მაისური, სავარაუდოდ, ეხმიანება უესტის ბრენდის, Yeezy-ის მაისურის დიზაინს. უესტის სკანდალური პოსტების სერიის პარალელურად, Yeezy-ის ვებ-გვერდზე მხოლოდ ერთი ნივთი იყო გასაყიდად განთავსებული – თეთრი მაისური, რომელზეც სვასტიკა იყო გამოსახული. ბრენდის რეკლამა YE-მ (კანიე უესტი) Super Bowl-ის მიმდინარეობისას წარადგინა. გარდა ნაცისტური სვასტიკისა, მაისური შეიცავდა კოდს – HH-01, რაც ტერმინს – „Heil Hitler“-ს აღნიშნავს. სამშაბათს კომპანია Shopify-მ YE-ს ვებსაიტი დახურა, მიზეზად კი მაისურის შინაარსის კომპანიის პირობებთან შეუსაბამობა და საჯარო უკმაყოფილება დაასახელა.

რაც შეეხება ე.წ. დიფფეიკ ვიდეოს, მას ფონად გასდევდა ებრაული ტრადიციული სადღესასწაულო სიმღერის ელექტრონულ-ინსტრუმენტული ვერსია სახელწოდებით Hava Nagila. ვიდეოში ასევე ჩანდა სკარლეტ იოჰანსონის, სტივენ სპილბერგის, ვუდი ალენის, მარკ ცუკერბერგის, საშა ბარონ კოენის, დევიდ შვიმერის, ლიზა კუდროუს და სხვა ცნობილი სახეების გამოსახულებები, რომლებსაც  YE-ს მაისური ეცვათ. 

პირველი, ვინც ამ ვიდეოს ღიად გამოეხმაურა, სკარლეტ იოჰანსონი იყო. ჟურნალ People-თან გაკეთებულ განცხადებაში მან მკაცრად დაგმო ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენება და მოუწოდა აშშ-ის კანონმდებლებს, რომ AI-სთან მიმართებაში რეგულაციები დააწესონ. „ჩემმა ოჯახმა და მეგობრებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ინტერნეტში ვრცელდება ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო, სადაც ჩემი გამოსახულება ფიგურირებს ანტისემიტურ განცხადებაზე პასუხის ნიშნად. როგორც ებრაელ ქალს, არ შემიძლია შევეგუო ანტისემიტიზმსა და სიძულვილის ენას, მაგრამ AI-ის გამოყენებით სიძულვილის გავრცელება ბევრად უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე ნებისმიერი ინდივიდი, რომელიც ამ განცხადებებს აკეთებს. ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენებას, მიუხედავად მისი გზავნილებისა, თორემ რეალობის აღქმის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოვჩნდებით,“ – განაცხადა მან.

იოჰანსონი 2023 წლის ნოემბერში დაუპირისპირდა კომპანიას, რომელმაც ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მისი გამოსახულება რეკლამაში გამოიყენა. მსახიობმა განაცხადა, რომ კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიიღებდა. იოჰანსონმა ასევე ღიად გამოთქვა აღშფოთება, როცა აღმოაჩინა, რომ მისი ხმის იმიტაციური ვერსია OpenAI-ს ChatGPT-ში ოფიციალურად იყო გამოყენებული. ამჯერად, კი, იოჰანსონმა შეერთებული შტატების მთავრობას მიმართა: „მოვუწოდებ შეერთებული შტატების მთავრობას, პრიორიტეტულად მიიღოს კანონი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ზღუდავს. ეს არ არის პარტიული საკითხი – ეს არის პრობლემა, რომელიც კაცობრიობის მომავლისთვის კრიტიკულია.“

დიფფეიქ ვიდეოს გამოქვეყნებამდე, Anti-Defamation League-მა მკაცრად გააკრიტიკა YE-ს ბრენდის მაისური. ორგანიზაციამ ნაცისტური სიმბოლიკის კავშირზე მიუთითა და განაცხადა, რომ „სვასტიკა ჰიტლერმა აირჩია ნაცისტების მთავარ სიმბოლოდ. ამ ნიშნით მან მე-20 საუკუნეში გააერთიანა თავისი მიმდევრები და ის დღემდე იწვევს შიშსა და მუქარას ანტისემიტიზმისა და თეთრკანიანთა იდეოლოგიის სამიზნეებისთვის. ასეთი ქმედებების გამართლება შეუძლებელია. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ კანიემ თავის ვებ-გვერდს რეკლამა Super Bowl-ზე გაუკეთა და ამ გზით სოციალური მედიის აუდიტორიის მიღმა ახალი ადამიანები მიიზიდა.“

მანამდე, სანამ YE პლატფორმა X-იდან თავისი ანგარიშს წაშლიდა, სერიალ Friends-ის ვარსკვლავმა, დევიდ შვიმერმა, სოციალური ქსელის მფლობელს, ილონ მასკს მოუწოდა, რომ YE პლატფორმიდან დაებლოკა. მუსიკოსმა ჩარლი პუთმა პირდაპირ უესტს მიმართა და სთხოვა, რომ „უკიდურესად საშიში“ გზავნილების გავრცელება შეეწყვიტა. უესტის პოსტებს გამოეხმაურა მომღერალი და DJ მეთიუ კომა. მან უესტს პასუხი მაისურის სახით გასცა – მეთიუ კომამ გაყიდვაში ჩაუშვა მაისური წარწერით „F–k Ye” და აღნიშნა: „მეც შემიძლია მაისურის გაკეთება“. მუსიკოსმა რეალურად დაიწყო მაისურების გაყიდვა და განაცხადა, რომ მთლიანი შემოსავალი Blue Card Holocaust Survivor-ის ფონდს გადაერიცხება. 

გარდა ამისა, ისრაელ-ამერიკულმა საბჭომ (IAC) 12 თებერვალს წამოიწყო კამპანია სახელწოდებით „Hate Is Out of Fashion“. მის ფარგლებში შეიქმნა დავითის ვარსკვლავით გაფორმებული მაისური, რომელიც ებრაელთა სიამაყეს, ერთიანობასა და სიმტკიცეს უსვამს ხაზს. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ეს მაისური იყო პასუხი კანიე უესტის სვასტიკიან პროდუქტზე. „ანტისემიტიზმი, რა სივრცეშიც

არ უნდა გამოჩნდეს, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ებრაელებს, არამედ მთელ საზოგადოებასა და მის ფუნდამენტურ ღირებულებებს. ჩვენ, ამერიკელი ებრაელები, ვდგავართ ფრონტის წინა ხაზზე ამ სიძულვილის წინააღმდეგ. კანიე უესტის ამაზრზენი მცდელობის საპასუხოდ, რომელიც თავისი სიძულვილით ფულის შოვნას ემსახურება, ჩვენი კრეატიული კამპანია წამოვიწყეთ,“ – განაცხადა IAC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ელან ქარმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლიამ გალაგერი ფოტო: დეივ სიმპსონი/WireImage

ლიამ გალაგერი Oasis-ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციით არ ინტერესდება

შემდეგი სტატია

კენდრიკ ლამარმა ფილმისთვის – Captain America: Brave New World მთავარი საუნდტრეკი დაწერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლიამ გალაგერი ფოტო: დეივ სიმპსონი/WireImage

ლიამ გალაგერი Oasis-ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციით არ ინტერესდება

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის 2025 წლის ნომინანტთა სიაში Oasis-იც მოხვდა, სადაც ასევე არიან: New Order, სინდი ლოპერი, The White Stripes და მერაია ქერი
მეტი

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

„ტრანსკავკასია” – თემურიკო დიასამიძისა და ბექა გოჩიაშვილის ახალი კომპოზიცია

ნაწარმოების იდეა და სახელწოდება თემურიკო დიასამიძის ფრანგი დიდი ბებიის პირადი საუბრის ჩანაწერს უკავშირდება.
მეტი