პანკ-როკ ბენდის Blink-182-ის თანადამფუძნებელმა მარკ ჰოპუსმა არტ-ხელოვნების სამყაროს ყურადღება მიიქცია, როდესაც სოტბის აუქციონზე ბენქსის იშვიათი ნამუშევრის გატანა დააანონსა.
ანონიმური ინგლისელი სტრიტ-არტისტის ნახატი სახელწოდებით Crude Oil (Vettriano), 4 მარტს, ლონდონში სოტბის აუქციონზე გაიყიდება, მისი სავარაუდო ღირებულება კი 6.3 მილიონ დოლარამდე იქნება.
ნახატი თავდაპირველად ბენქსის 2005 წლის გამოფენისთვის – Crude Oils-თვის შეიქმნა, რომელიც შოტლანდიელი მხატვრის, ჯეკ ვეტრიანოს 1992 წლის ნახატის The Singing Butler-ის ინტერპრეტაციას წარმოადგენს. მარკ ჰოპუსმა ბენქსის ნამუშევარი 2011 წელს შეიძინა.
„ეს ნახატი დანახვისთანავე შეგვიყვარდა, ეს უდავოდ ბენქსია, თუმცა განსხვავებული. ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში ის ჩვენს ოჯახში ეკიდა. ჯერ ლონდონში, სასადილო ოთახში, მაგიდის თავზე და შემდეგ ლოს-ანჯელესში, მისაღებ ოთახში. ნახატი ჩვენი ოჯახის ერთგვარი მოწმეა, რომელსაც სიცილი, ცრემლები, წვეულებები და ზოგჯერ ოჯახური კამათებიც კი უნახავს.“ – განაცხადა მარკ ჰოპუსმა.
„ეს არა მხოლოდ საკულტო ბენქსია, არამედ ნამუშევარი, რომელიც მუსიკის ლეგენდამ, მარკ ჰოპუსმა დააფასა და საგულდაგულოდ მოუფრთხილდა. მარკი სწორედ ამ ნახატის მეამბოხე სულისკვეთებამ, სიმძაფრის შეგრძნებამ და გაუფილტრავმა გამოხატულებამ მოხიბლა, ისევე, როგორც თავად ჰოპუსის სამყარო: პანკ კულტურა,“ – განაცხადა სოტბის აუქციონის თავმჯდომარე ოლივერ ბარკერმა.
„ქუჩის ხელოვნებას და პანკ-კულტურას ერთი და იგივე ხელწერა აქვთ. ისინი აუტსაიდერებს, მეამბოხეებსა და მარგინალიზებულ ხალხს ესაუბრებიან. ორივე მოძრაობა ზღვარზე დაიბადა. ისინი ეჭვქვეშ აყენებენ ავტორიტეტს და ხელახლა წერენ წესებს, ეს არის თვისება, რომელიც მარკ ჰოპუსსა და ბენქსის ერთნაირად ახასიათებთ. ახლა, როდესაც მარკი Crude Oil (Vettriano)-ს ნამუშევარს მსოფლიოს უზიარებს, ამით ის საზოგადოებას ანახებს, თუ რამდენად ძლიერ გავლენას ახდენს ხელოვნება, იწვევს დისკუსიას და ცვლის სამყაროს ჩვენეულ აღქმას.”
ბენქსი, რომელიც უკვე სამი ათწლეულის განმავლობაში ანონიმურად მოღვაწეობს, თავისი ნამუშევრებით იმდენად საკულტო ფიგურად იქცა, რამდენადაც დაპირისპირების საგნად. მისი ნამუშევრები თანაბრად ამშვენებენ როგორც არტ გალერეებისა და ქუჩების კედლებს, ასევე ალბომების გარეკანებს. 2021 წელს მისი ნახატი Love is in the Bin რეკორდულ ფასად – $ 23, 442 885 დოლარად გაიყიდა. ამ ნამუშევარმა განსაკუთრებული პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2018 წლის აუქციონზე გაყიდვისთანავე ნაწილობრივ დაზიანდა.
მარკ ჰოპუსის თქმით, გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი იმ საქველმოქმედო ფონდებს გადაეცემა, რომლებიც ლოს-ანჯელესის ხანძრების შედეგად დაზარალებულებს ეხმარებიან. მათ შორისაა California Fire Foundation, Children’s Hospital Los Angeles-ის ბავშვთა დახმარების პროგრამა და Cedars Sinai-ის ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის კვლევითი ცენტრი.
Crude Oil (Vettriano) ამჟამად ნიუ-იორკში, სოტბის გალერეაშია გამოფენილი და მისი ნახვა 20 თებერვლის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. 26 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით კი ლონდონში გამოიფინება.