კალიფორნიაში, ქალაქ ინდიოში ფესტივალ Coachella-ს პირველი ნაწილი ჩატარდა. შაბათს საჰარა სთეიჯი პოპულარულმა ტექსასურმა ჰიპ ჰოპ კოლექტივმა Brockhampton დაიკავა. ჯგუფის წევრები სცენის წინ შეკრებილი მაყურებლების წინაშე 20:25 საათზე გამოჩნდნენ. მათ Adidas Originals-ის ქურთუკები ეცვათ, რომლებსაც უკანა მხარეს ეწერა: “ყველაფერი კარგი უნდა დასრულდეს”. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებამ მიმდინარე წლის იანვარში “განუსაზღვრელი ვადით შემოქმედებითი პაუზა” აიღო.
მუსიკოსებმა შოუზე თავიანთი ძველი და ახალი ჰიტები შეასრულეს, მათ შორის: Sweet, Bleach და Sugar. კონცერტის მიმდინარეობისას დამსწრეებს კოლექტივის ერთ-ერთმა წევრმა, მერლინ ვუდმა მიმართა.
პერფორმანსის მსვლელობისას, სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე მოკლე ვიდეო გავიდა, რომელშიც გაერთიანების ლიდერმა, კევინ აბსტრაქტმა “ბროქჰემფთონის” უკანასკნელი ალბომი დააანონსა. სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში 2022 წელს ჩაეშვება.
The Final Album 2022 BrockHampton teaser #Coachella #brockhampton pic.twitter.com/wwgMkCfGCj
— clum (@ilyclumzee) April 17, 2022
Brockhampton ტექსასში 2015 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს დღემდე 6 სტუდიური ალბომი, ოფიციალური მიქსტეიპი All-American Trash და კომპილაციური ჩანაწერები აქვს გამოშვებული. გაერთიანების მეოთხე სტუდიური ჩანაწერი Iridescence ჩარტის Billboard 200 სათავეში მოხვდა. კოლექტივის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Gold, Sweet, Boogie და სხვა.