ცნობილმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS კულინარიული და საგანმანათლებლო პროექტის The BTS Recipe ახალი ეპიზოდი გამოაქვეყნა, რომელშიც ჯიმინი და ჯონგუქი ნაციონალურ კერძს, კიმბაპს ამზადებენ მოხარშული ბრინჯით, ბოსტნეულით, ხორცით და ზღვის პროდუქტებით.
ჯიმინი და ჯონგუქი კერძის მომზადებისას ხუმრობდნენ და ინგრედიენტებზე საუბრობდნენ, შემდეგ კი ავტომობილში გადაინაცვლეს და კიმბაპი მიირთვეს.
ცნობილია, რომ კორეული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის ხელშემწყობი პროექტის ახალი სეზონის მხარდამჭერი HYBE EDU გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ ახლახან კეიპოპ კოლექტივმა ლას ვეგასის შოუზე მომავალი ალბომი დააანონსა, რომელიც გაყიდვაში 10 ივნისს ჩაეშვება. ნამუშევრის სახელწოდება უცნობია, თუმცა, ცნობილია სლოგანი: We Are Bulletproof.
BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. კოლექტივს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი მათ იაპონურ ენაზეც უშვებს. ბიჭებს ისეთ ვარსკვლავებთან უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან: Halsey, Megan Thee Stallion, Coldplay და სხვა.