როგორ მოახდინა Arctic Monkeys-მა ინტერნეტის პირველი გარღვევა 2006 წელს და კვლავ მიაღწია ვირუსულ წარმატებას

Arctic Monkeys-ის სოლისტი ალექს ტერნერი 2022 წელს
CHRISTOPHER POLK/VARIETY

ამ კვირაში, „ბილბორდი” აქვეყნებს სიებისა და სტატიების სერიას, რომლებიც 20 წლის წინანდელ მუსიკას ეძღვნება. 2006 წლის კვირეულის ამ ნაწილში კი ვისაუბრებთ Arctic Monkeys-ის სწრაფ აღმასვლასა და სოციალური მედიის გარღვევაზე, რამაც ხელახლა განსაზღვრა, თუ როგორ შეუძლიათ ბენდებს აუდიტორიის შექმნა.

ეს ყველაფერი თანამედროვე მითის მსგავსად დაიწყო, სამი საბედისწერო სიტყვით: „არ დაუჯერო ჰაიპს”, როდესაც ჯგუფის სოლისტმა ალექს ტერნერმა ეს ფრაზა 2005 წლის სადებიუტო სინგლის, I Bet You Look Good On The Dancefloor-ის ვიდეოს გადაღებისას წარმოთქვა. მან ეს სიტყვები გულგრილი ტონითა და მხრების აჩეჩვით თქვა, თუმცა სინამდვილეში იმ დროს ეს იყო ბენდი, რომელიც უკვე ვარსკვლავობის ზღვარზე იდგა.

თუ თანამედროვე როკში ვირუსულად გავრცელებას თავისი საწყისი წერტილი აქვს, ეს, უდავოდ, Arctic Monkeys და მათი დემოების ტალღაა, რომელიც იმაზე სწრაფად გავრცელდა, ვიდრე ბრიტანული მუსიკალური ინდუსტრია რეაგირებას შეძლებდა. როცა სკოლის მეგობრების ჯგუფი შეფილდის ანდერგრაუნდ სცენიდან ადრეულ 2000-იანებში გამოჩნდა, ისინი გახდნენ ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც ინტერნეტის ძალა საკუთარ აუდიტორიასთან დასაკავშირებლად გამოიყენეს. 2005 წლის ოქტომბრისთვის, ბენდმა სრულად გაყიდა 2000-კაციანი London Astoria. ეს კი სწორედ ისეთი ისტორია იყო, რომელზეც შემდგომ ზღაპრები იწერება.

ეს ადრეული წარმატება სიტყვიერი გაზიარების შედეგი იყო. ახალგაზრდა, დამოუკიდებელი და მოწყურებული ბენდი ხშირად უფასოდ ავრცელებდა დემო ჩანაწერებს და მართავდა კონცერტებს შეფილდის პაბებში. შემდეგ კი რაღაც უჩვეულო მოხდა: ჩანაწერები არ დარჩენილა ადგილობრივ მუსიკალურ სცენაზე. ფანებმა მათი გაზიარება დაიწყეს ისეთ პლატფორმებზე, როგორიც იყო MySpace, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი მუსიკა მოსწონდათ და სურდათ, ის სხვებსაც მოესმინათ. The Guardian-ის ინფორმაციით, 2005 წლის შუაში ინტერნეტში Arctic Monkeys-ის 140 სხვადასხვა ლაივ ჩანაწერი იყო გავრცელებული.

ჯგუფის წევრები ჰიპ-ჰოპზე გაიზარდნენ და არაერთხელ უსაუბრიათ მათ სიყვარულზე ბრიტანელი რეპერის, Roots Manuva-ს მიმართ. თუმცა მათი გავლენების ნაზავი  სრულიად უნიკალურად ჟღერდა. განზრახ შერჩეული უჩვეულო სახელწოდებით დაწყებული, ტექსტებით დასრულებული, რომლებიც შეფილდის ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებასა და ადგილობრივ ლექსიკას ეფუძნებოდა, ბენდმა მიზნად დაისახა, რომ ყველა მხრივ გამორჩეული ყოფილიყო. ამ ხედვამ კი მალევე მიიქცია დამოუკიდებელი ლეიბლის, Domino Records-ის ყურადღება და მათ შორის შეთანხმებაც შედგა. 

Dancefloor გამოსვლისთანავე მოხვდა დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტის სათავეში და ექვსი კვირა გაატარა ტოპ ათეულში. სამი თვის შემდეგ, 2006 წლის იანვარს, გამოვიდა ბენდის პირველი ალბომი Whatever People Say I Am, That’s What I’m Not, რომლის სიმღერების უმრავლესობაც მის ოფიციალურ გამოცემამდე ინტერნეტში უფასოდ იყო ხელმისაწვდომი.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ალბომი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გაყიდვადი დებიუტი გახდა დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში. პირველსავე კვირაში მისი 360 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ალბომმა მოიგო ორივე: Mercury Prize და რამდენიმე BRIT Awards, ასევე დაიმსახურა გრემის ნომინაცია საუკეთესო ალტერნატიული ალბომისთვის.

მუსიკის ონლაინ გავრცელებაში ბენდი თავად არ მონაწილეობდა. მათი ყოფილი პრესსპიკერი ანტონ ბრუკსი იმ პერიოდში ამბობდა: „ეს ყველაფერი ენთუზიასტი ფანებისგან მოდის. რამდენიმე წლის წინ ეს დაკავშირებული იქნებოდა ფანების ჟურნალებსა და კასეტებთან. ახალი ტექნოლოგიები კი იმას გულისხმობს, რომ ეს ყველაფერი ბევრად სწრაფად ხდება.”

მალე ცხადი გახდა, რომ MySpace ახალგაზრდა ბენდს საშუალებას აძლევდა, მათი მუსიკა გავრცელებულიყო დიდი ლეიბლების, რადიოსა და პრესის გარეშე, რომლებიც ინტერნეტის სიჩქარეს ვერ ეწეოდნენ. 

Arctic Monkeys-ის წევრების რეაქცია ამ ყველაფერზე აჩვენებდა, რომ ეს წარმატება მათთვისაც შოკისმომგვრელი იყო. ინტერვიუებში ჩანდა, რომ საკუთარ აღმასვლას ისინი თითქოს დისტანციიდან აკვირდებოდნენ და არ იცოდნენ, როგორ მიეღოთ ის. „ეს ჰაიპი ჩვენთვის არ ნიშნავს იმდენს, როგორც შეილება ადამიანებს ეგონოთ,” – უთხრა ტერნერმა The Today Show-ს. „შეიძლება იმუნიტეტი გვაქვს ამ ყველაფრის მიმართ. შეიძლება 10 წელიწადში გავაანალიზოთ, რა იყო ეს სინამდვილეში.”

ორი დეკადის შემდეგ ბენდის აღმასვლა კვლავ რჩება ისტორიის მნიშვნელოვან მომენტად. Arctic Monkeys არ ყოფილა იმ ეპოქის ერთადერთი ბრიტანული აქტი, რომელმაც ინტერნეტგარღვევა მოახდინა. 2000-იანი წლების შუაში MySpace-ზე ასევე პოპულარული იყვნენ ლილი ალენი და ადელი, მაგრამ სწორედ Arctic Monkeys იყო ის, ვინც არაპირდაპირ შეძლო ინდუსტრიის ბარიერების დაშლა და იმის ჩვენება, თუ როგორ შეუძლია ინტერნეტს, მუსიკა სოციალური მედიის ცენტრში მოაქციოს.

ბოლო წლებში, როცა მათ სახელზე შვიდი ალბომი და სრულად გაყიდული სტადიონებია, ბენდი კვლავ განაგრძობს მოლოდინების შეცვლას იმის შესახებ, თუ რას შეუძლია მიაღწიოს თანამედროვე როკშემსრულებელმა ტრადიციული გზების მიღმა. 

მხატვრული ერთიანობის ამგვარი წარმოჩენა მათ კარიერაში მუდმივი იყო და მხოლოდ დაეხმარა მათ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შემსრულებლების სტატუსის დამკვიდრებაში. დღეს მათი ხმა ისმის სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლებში, დაწყებული Fontaines D.C-დან, დასრულებული Sombr-ითა და რეპერ Monaleo-თი, რომელმაც თავის სიმღერაში Sober Mind ბენდის ჩარტის ლიდერი ჰიტი Do I Wanna Know? გამოიყენა. 

წლების განმავლობაში Arctic Monkeys ძირითადად ბრიტანული ფენომენი იყო. თუმცა 2013 წლის პლატინის სერტიფიკატის მქონე ალბომმა AM ისინი აშშ-ს როკვარსკვლავებადაც აქცია. 2022 წელს, მათი ბოლო ალბომის, The Car-ის გამოშვების შემდეგ, Arctic Monkeys-ის თავდაპირველი აღზევება კიდევ ერთხელ გამეორდა, როცა ჯენ-ზი მსმენელების ტალღამ ხელახლა აღმოაჩინა ბენდი და მათი მუსიკა უკვე TikTok-ზე გაავრცელა. ამას მოჰყვა ძველი სიმღერების ახალი სიცოცხლე, განსაკუთრებით, 2007 წლის “505-სა” და I Wanna Be Yours-ის შემთხვევაში.

მომდევნო წლის დასაწყისში I Wanna Be Yours თვეების განმავლობაში იყო „სპოტიფაის” ტოპ 50 სიმღერის ჩარტში და არამხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ მთელი მსოფლიო მასშტაბით. 3.6 მილიარდი სტრიმით, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე ტეილორ სვიფტის, ბრუნო მარსის ან BTS-ის ნებისმიერი სიმღერის სტრიმების რაოდენობა, ის მე-14 ყველაზე პოპულარული სიმღერაა „სპოტიფაის” ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ არც I Wanna Be Yours და არც “505” სინგლებად არასდროს გამოცემულა.

ოთხი სიმღერით, რომელმაც მილიარდ სტრიმს გადააჭარბა, აშკარაა, რომ Arctic Monkeys განსაკუთრებულ პოზიციას იკავებს: ეს არის ბენდი, რომლის მემკვიდრეობაც არ არის ნოსტალგიის სფერო, არამედ ის კვლავ განაგრძობს ზრდას, თუნდაც შემოქმედებითი პაუზის დროს. ის, რაც დაიწყო 2000-იანი წლების ინდი გარღვევად, გადაიქცა მდგრად, მნიშვნელოვან გობალურ ძალად, რომელიც ცვალებადი სოციალური მედიის ფონზეც კი უცვლელია და რომლის გავლენაც დროის ცვლილებასთან ერთად მხოლოდ მყარდება. 

და რაც ყველაზე მთავარია, საქმიანობის ყველა ასპექტში ბენდის ინტუიციური მიდგომა მათ პრიორიტეტად დარჩა. „როცა ძველ დროზე ვფიქრობ, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ჩვენ უბრალოდ ინსტინქტებით ვმოქმედებდით, მათ შორის კრეატიული გადაწყვეტილებებისას,” – ამბობდა ტერნერი 2022 წელს. „ვფიქრობ, რომ ბენდში დიდად არაფერი შეცვლილა. შეიძლება ახლა უფრო მეტი ხრიკი ვიცით, მაგრამ ჩვენ კვლავ იმავე ინსტინქტებს ვეყრდნობით.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

აპრილის თვე Tatuza Jazz Club-ში

შემდეგი სტატია

FLITZ Collective განცხადებას ავრცელებს – “მხარდაჭერა ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს“

შეიძლება დაგაინტერესოთ

Lizzo-მ ახალი ალბომი, სახელწოდებით BITCH დააანონსა

არტისტის განმარტებით, მისი მიზანია, ალბომის სახელწოდებად გამოყენებული ტერმინი თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის სიმბოლოდ აქციოს.
მეტი
ალიშია კისი 2025 წლი Met Gala-ზე, ნიუ-იორკი. Gilbert Flores/Variety

ალიშა კისის თქმით, მუსიკალური ინდუსტრია კვლავ „ძველი ბიჭების ქსელია“, სადაც ქალებისთვის კარი დახურულია

„იმის ნაცვლად, რომ ამაზე უბრალოდ გავბრაზებულიყავი, მივხვდი, დადგა დრო, შესაძლებლობები თავადვე შეგვექმნა“ - ამბობს მომღერალი.
მეტი
Olivia Rodrigo ADRIAN MARTIN

ოლივია როდრიგო ბრუკლინში ე.წ. „ღია მიკროფონთან“ მოულოდნელად გამოჩნდა და მცირე აუდიტორიის წინაშე Drop Dead შეასრულა

ეს ვილიამსბურგში მდებარე Pete’s Candy Store-ში მოხდა, რომელიც დამწყები არტისტების პოპულარიზაციითაა ცნობილი და არა პოპვარსკვლავების პერფორმანსებით.
მეტი
ქეთათო ნერგაძის და მისი ბენდის სადებიუტო ალბომი Raw © ქეთათო ნერგაძე

ქეთათო ნერგაძის და მისი ბენდის სადებიუტო ალბომი Raw

„ალბომს ქვია Raw. ძალიან მიყვარს ამ სიტყვის ენერგეტიკა და მნიშვნელობა. ვფიქრობ, სიმღერები, მათი ჟღერადობა და მთლიანად ის ენერგია, რაც მე, ბენდმა და გვაჯიმ პროცესში ჩავდეთ, ამართლებს ალბომის სახელს“ - ქეთათო ნერგაძე.
მეტი