BLACKPINK-ის წარმატებიდან საკუთარ კომპანიამდე: Jisoo თავისი ცხოვრების ყველაზე ზრდასრულ ეტაპზე გადადის

მომღერალი და მსახიობი Billboard Brasil-ის 21-ე გამოცემის გარეკანის ვარსკვლავია.
ჯისუ
Boyfriend on Demand

ავტორი: იზაბელა პასილიო

2011 წელს, სეულიდან 30 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ გუნპოდან წამოსულმა თინეიჯერმა სამხრეთ კორეის დედაქალაქი გადაკვეთა, რათა YG Entertainment-ის მოსმენაზე გასულიყო. 16 წლის გოგონა ასობით კანდიდატის რიგში იდგა. მან ჟიურის წინაშე თავისი ნომერი შეასრულა და შენობა ისე დატოვა, რომ არც კი იცოდა, ეს მოსმენა მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა. მალევე Jisoo სააგენტოს ექსკლუზიურ მოსწავლეთა პროგრამას შეუერთდა. ხუთი წლის განმავლობაში ის დაუღალავად ვარჯიშობდა, გადიოდა სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილებს, სანამ 2016 წელს BLACKPINK-ის შემადგენლობაში სამ სხვა გოგონასთან ერთად არ შედგა მისი დებიუტი, დანარჩენი კი უკვე ისტორიაა. ჯგუფი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში K-pop-ის გლობალური პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა.

ცამეტი წლის შემდეგ, 2024 წლის თებერვალში, მომღერალმა ახალი ნაბიჯი გადადგა: მან დატოვა YG და დააარსა საკუთარი კომპანია BLISSOO. ამით დაიწყო ახალი თავი, სადაც ის უკვე საკუთარი კარიერის მმართველია. მას შემდეგ Jisoo-მ პროფესიული თავისუფლება სრულად შეიგრძნო. ცვლილებებს ის არ შეუშინებია – პირიქით.

მისი პერსონაჟის, სეო მი-რეს მსგავსად (სერიალიდან „Boyfriend on Demand“, რომელიც Netflix-ზე 6 მარტს გამოვიდა), ის ამ ახალ ეტაპს სიმსუბუქითა და იუმორით ხვდება. სერიალში ის ასრულებს სამხრეთ კორეაში პოპულარული ციფრული კომიქსების პროდიუსერის როლს, რომელიც სამუშაო სტრესის პარალელურად ვირტუალური რეალობის პაემნების აპლიკაციას ტესტავს.

„მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას, უნდა ვიყოთ უფრო მამაცები და ნაკლებად გვეშინოდეს ცვლილებების. რაც არ უნდა მოხდეს, ეს პიროვნულ ზრდასა და გამოცდილებაში დაგვეხმარება. იმედი მაქვს, სერიალი ადამიანებს წაახალისებს, რომ არ შეუშინდნენ სიახლეებს,“ – ამბობს Jisoo სერიალის შესახებ Billboard Brasil-თან ინტერვიუში.

Jisoo
Boyfriend on Demand/Netflix

YG-მ Jisoo ათასობით მეოცნებე ახალგაზრდას შორის აარჩია. 2016 წელს BLACKPINK მათი ყველაზე წარმატებული ფსონი აღმოჩნდა – მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ის მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან გოგონათა ჯგუფად  იქცა. ამის დამტკიცება ციფრებითაც მარტივია: მათ არაერთი რეკორდი მოხსნეს Billboard-ის ჩარტებში. Hot 100-ში სიმღერა Ddu-Du Ddu-Du 2018 წლის ივნისში 55-ე პოზიციაზე მოხვდა, რაც იმ დროისთვის K-pop გოგონათა ჯგუფისთვის უმაღლესი მაჩვენებელი იყო. 2022 წელს კი BORN PINK-ით კოლექტივმა Billboard 200-ის სათავე დაიკავა. ისინი იყვნენ პირველი K-pop არტისტები, რომლებიც 2019 წელს Coachella-ზე გამოვიდნენ, ხოლო 2023 წელს ფესტივალის ჰედლაინერებიც გახდნენ.

2020 წლის ივნისში ჯგუფმა სამი რეკორდი დაამყარა კლიპით How You Like That. 24 საათში 86 მილიონზე მეტი ნახვით, ვიდეო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. 2026 წლისთვის კი BLACKPINK გახდა პირველი შემსრულებელი, რომელმაც YouTube-ზე 100 მილიონ გამომწერს მიაღწია.

Jisoo 2026 წლის იანვარში 31 წლის გახდა და ის ჯგუფის ყველაზე უფროსი წევრია: ჯენი  30 წლის არის, როზე – 29-ის, ხოლო ლისა 28-ის. Jisoo-მ სოლო კარიერა ყველაზე გვიან დაიწყო. სინგლი, სახელწოდებით ME 2023 წლის მარტში გამოვიდა. უკვე საკუთარი მენეჯმენტის პირობებში, არტისტმა გასულ წელს გამოსცა მინი ალბომი AMORTAGE და კოლაბორაციული სინგლი Eyes Closed  ზეინ მალიკთან ერთად. აზიის შვიდ ქალაქში Jisoo-მ ასევე გამართა თავისი პირველი ტურნე Lights, Love, Action. პარალელურად, ის აქტიურად მუშაობდა თავისი სამსახიობო კარიერით და მონაწილეობა მიიღო ისეთ სერიალებში, როგორებიც არის: Newtopia (2025) და Boyfriend on Demand. 

რაც შეეხება სააგენტოს, მისი სახელწოდება BLISSOO აერთიანებს სიტყვას “bliss” (ნეტარება) და არტისტის სახელის დაბოლოებას. საჯაროდ გამოჩენის დღიდან Jisoo ცნობილია თავისი იუმორით, მისი ეს თვისება ფანებთან ერთად კოლეგებსაც აღაფრთოვანებს. „Jisoo საოცრად მხიარულია, მას შეუძლია გადასაღებ მოედანზე ყველა გააცინოს,“ – ამბობს მისი სამსახიობო პარტნიორი.

კითხვაზე, დაუთმია თუ არა კარიერისთვის მნიშვნელოვანი მომენტები ან ადამიანები, Jisoo პასუხობს: „დიახ, რა თქმა უნდა“. თუმცა, დღეს ის ბალანსს ეძებს: „ვცდილობ, ყველაფერი გავაწონასწორო. სამუშაო მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია სიყვარულიც. ამიტომ ვცდილობ, დრო ისე გადავანაწილო, რომ ორივე მათგანით დავტკბე“.

2026 წელს Jisoo სრულფორმატიანი ალბომის გამოშვებასა და ახალ აუდიოვიზუალურ პროექტებს გეგმავს. დიდი შანსია, რომ როგორც სოლო შემსრულებელი, ბრაზილიას პირველად ეწვიოს.

„ძალიან მინდა ბრაზილიაში ჩასვლა. ვიცი, როგორი ვნებიანი გულშემატკივრები არიან იქ. მადლობელი ვარ მათი მხარდაჭერისთვის,“ – ამბობს Jisoo. 

ინტერვიუს ბოლოს Jisoo-მ რეპორტიორის უკან BLACKPINK-ის მანათობელი ატრიბუტი, ე.წ. „ლაითსტიკი” შეამჩნია. მომღერალმა ღიმილით აღნიშნა: „დავინახე, რომ ჩვენი „ლაითსტიკი” გაქვს. მადლობა სიყვარულისთვის. როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, აუცილებლად ჩამოვალ [ბრაზილიაში]. ყველა მიყვარხართ!“

Warner Records-თან გლობალური ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, Jisoo კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას სწვდება. YouTube-ზე მას უკვე 900 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. „არიან ფანები, რომლებსაც ჩემი სოლო გამოსვლები აინტერესებთ და არიან ისინიც, ვისაც ჩემი, როგორც მსახიობის ხილვა სურს. ვცდილობ, ყველაფრით ვისიამოვნო და ჩემი მრავალფეროვანი მხარეები წარმოვაჩინო,“ – ამბობს არტისტი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

FLITZ Collective განცხადებას ავრცელებს – “მხარდაჭერა ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს“

შემდეგი სტატია

ჯეკ უაიტი DAVID JAMES SWANSON

კვირის მუსიკალური გზამკვლევი – ჯეკ უაიტი, არლო პარკსი, ენ ჰეთეუეი და სხვები

შეიძლება დაგაინტერესოთ

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი

Lizzo-მ ახალი ალბომი, სახელწოდებით BITCH დააანონსა

არტისტის განმარტებით, მისი მიზანია, ალბომის სახელწოდებად გამოყენებული ტერმინი თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის სიმბოლოდ აქციოს.
მეტი
ალიშია კისი 2025 წლი Met Gala-ზე, ნიუ-იორკი. Gilbert Flores/Variety

ალიშა კისის თქმით, მუსიკალური ინდუსტრია კვლავ „ძველი ბიჭების ქსელია“, სადაც ქალებისთვის კარი დახურულია

„იმის ნაცვლად, რომ ამაზე უბრალოდ გავბრაზებულიყავი, მივხვდი, დადგა დრო, შესაძლებლობები თავადვე შეგვექმნა“ - ამბობს მომღერალი.
მეტი