Duran Duran ჰელოუინის ბნელ ესთეტიკას შორდება და დისკოში გადადის. ეს ყველაფერი კი მათი ხანგრძლივი პარტნიორის, ნილ როჯერსის დახმარებით ხდება. ჯგუფმა ახალი სინგლი Free to Love დააანონსა და მისი პატარა ფრაგმენტი გააზიარა, სადაც ჩანს დისკოს ბურთი და მუსიკოსები, რომლებსაც ბრჭყვიალა ტანისამოსი აცვიათ. სიმღერაში ისმის ბასის ძლიერი პარტია და საიმონ ლე ბონის ვოკალი, რომელიც ძლიერადაა დამუშავებული ეფექტებით.
Duran Duran-ისა და როჯერსის ურთიერთობა 1984 წლიდან იწყება, როცა ნიუ-იორკელმა გიტარისტმა, პროდიუსერმა და Chic-ის თანადამფუძნებელმა ოქროს მტვერი მოაყარა ჯგუფის Seven And The Ragged Tiger ალბომის გამხსნელ სიმღერას The Reflex. მისმა თანამონაწილეობამ სიმღერა გლობალურ ჰიტად აქცია და Duran Duran-ს Billboard Hot 100-ში პირველი ლიდერობა მოუტანა.
ჯგუფის წევრებისთვის როჯერსი ჯერ კიდევ მანამდე იყო საკულტო ფიგურა, სანამ ისინი ერთად მუშაობას დაიწყებდნენ. მათი კავშირი კი წლების განმავლობაში მტკიცედ გაგრძელდა. მუსიკოსებმა არაერთ პროექტზე ითანამშრომლეს, როგორც ლაივ შოუებზე, ასევე სტუდიურ ჩანაწერებზე, მათ შორისაა Wild Boys, ასევე ალბომები: Notorious, Astronaut, Paper Gods და უახლესი, 2023 წლის ჰელოუინის თემაზე შექმნილი პროექტი Danse Macabre.
Duran Duran ერთ-ერთია იმ გამორჩეული ჯგუფებიდან, რომლებიც 80-იანების ეპოქიდან შემორჩნენ. ამ გზაზე ბენდმა თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ჯილდოს მოპოვება შეძლო: ორი გრემი, Brit Awards, ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლა. 2024 წელს მუსიკასა და ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის ლე ბონს მეფე ჩარლზმა ბრიტანეთის სამეფოს ორდენის წევრის წოდება მიანიჭა.