Billboard-ის მუსიკალური გზამკვლევი ყოველკვირეულად წარმოგიდგენთ New Music Friday-ს ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებს. კვირის გზამკვლევში უცხოელ არტისტებთან ერთად ქართველი შემსრულებლების ახალ ნამუშევრებსაც წარმოგიდგენთ.
ამ კვირას ნოა კაჰანი ტრიუმფალურად ბრუნდება თავისი გამორჩეული მეოთხე ალბომით – The Great Divide, კელანი კლასიკური R&B სტილის ალბომს უშვებს; ხოლო სუკი უოტერჰაუსი წარმოგვიდგენს ნაწყვეტს მომავალი ალბომიდან Loveland, რომელიც ამ ზაფხულს გამოვა. გაეცანით კვირის რჩეულ რელიზებს:
ნოა კაჰანი – The Great Divide
ნოა კაჰანის მეოთხე ალბომი ნათლად აჩვენებს სიმღერების წერის დახვეწილ მანერას, მის ვოკალურ და მუსიკალურ უნარებს. არტისტი გულწრფელად გვიყვება თავის მეგობრებზე, ოჯახზე და მშობლიურ ქალაქზე და მაქსიმალური უშუალობით ცდილობს, გადმოსცეს, თუ რა გავლენა მოახდინა ამ ყველაფერმა რეალურ დროში მის ცხოვრებაზე.
Bedford Falls – KIDOBANI
ჯგუფმა Bedford Falls ახალი მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა. კლიპი გადაღებულია სიმღერაზე, სახელწოდებით „კიდობანი“, რომელიც შესულია ბენდის ახალ ალბომში – Lazy Bones. ვიდეოს ფროდაქშენზე Stockton Records-მა იმუშავა, რეჟისორი კი გიორგი მეშველიანია (avi.musaifi). კლიპში მთავარ პერსონაჟს ახალგაზრდა მსახიობი ლაშა მებუკე ასრულებს.
Kehlani – Kehlani
სინგლ Folded-ის წარმატების შემდეგ, Kehlani მიხვდა, რომ დადგა დრო, აქცენტი კლასიკური ჟღერადობის R&B-ზე გაეკეთებინა და მთელი თავისი ვნება ამ ალბომში ჩაექსოვა. Billboard-მა დასკვნითი ტრეკი Unlearn პროექტის საუკეთესო ნამუშევრად დაასახელა. კაილ დენისი წერდა: „ერთ დროს R&B ალბომები ხშირად სრულდებოდა გოსპელ სიმღერით, ჰიმნის ქავერით ან ისეთი ტიპის მიძღვნით, რომელიც რწმენას, ოჯახსა და მეგობრობას უსვამდა ხაზს. Kehlani რჩება, რათა ეს ტრადიცია გააგრძელოს… გოსპელი ყოველთვის იქნება R&B-ის ნაწილი, როცა საერო და სასულიერო ერთმანეთს ხვდება, გამორჩეული მუსიკა იბადება.“
სუკი უოტერჰაუსი – Tiny Raisin
თავისი სტილის ერთგული სუკი უოტერჰაუსი, სიმღერით Tiny Raisin, მსმენელს მუსიკალურ მოგზაურობაში იწვევს. კომპოზიცია იუმორისტული და ცოცხალი აღწერით იწყება, რომელიც საბოლოოდ მისი პარტნიორის (რობერტ პატინსონის) მიმართ მიძღვნილ ოდად იქცევა. თუმცა ეს არ არის კლასიკური სასიყვარულო სიმღერა, ეს უფრო გულწრფელი ემოციების გამოხატვაა.
Hayley Kiyoko და Gigi Perez -Collide
Hayley Kiyoko Coachella-ს მეორე კვირაში Gigi Perez-ის სეტზე მოულოდნელად გამოჩნდა, სადაც არტისტებმა ერთად შეასრულეს Kiyoko-ს ჰიტი – Girls Like Girls. როგორც აღმოჩნდა, ეს მათი ერთადერთი სიურპრიზი არ ყოფილა, დღეს მათ ახალი კოლაბორაციული ნამუშევარი Collide წარადგინეს.
ეს მშვიდი და ემოციური ტრეკი პირველი გამოშვებაა იმ საუნდტრეკიდან, რომელიც Kiyoko-ს რეჟისორულ დებიუტს Girls Like Girls-ს უკავშირდება. ფილმის პრემიერა ივნისშია დაგეგმილი. Kiyoko-მ Instagram-ზე აღნიშნა: „საუნდტრეკი, რომელიც მინდოდა 16 წლის ასაკში მქონოდა, საბოლოოდ 12 ივნისს თქვენი გახდება. ამ ახალ ეტაპს საუკეთესო გზით ვიწყებთ.“
NEUX – Silent
ქართველი არტისტი NEUX მუსიკალურ კარიერაში ახალ ეტაპს იწყებს. მან მსმენელს თავისი პირველი ტექნო ჩანაწერი, სახელწოდებით Silent წარუდგინა. ნამუშევარი შესულია ლეიბლ Dusk Records-ის კრებულში Aftermath, რომელიც სხვადასხვა არტისტის ნამუშევარს აერთიანებს. ამ ეტაპზე კომპოზიცია ექსკლუზიურად ხელმისაწვდომია Bandcamp-ისა და SoundCloud-ის პლატფორმებზე.
დილან გოსეტი – My Boy
გასულ წელს სადებიუტო ალბომის, Westward-ის გამოშვების შემდეგ, ამომავალი მომღერალი და კომპოზიტორი დილან გოსეტი აქტიურ შემოქმედებით ტემპს ინარჩუნებს და მსმენელს ახალ სიმღერას, My Boy-ს სთავაზობს.
როგორც სათაურიდანვე ჩანს, ეს ნამუშევარი მის პირველ შვილს ეძღვნება და გოსეტის მამობრივ განცდებს ატარებს.