კანიე უესტის და კიმ კარდაშიანის 12 წლის შვილმა, ნორს უესტმა 1-ელ მაისს სადებიუტო EP, სახელწოდებით N0rth4evr გამოუშვა, რომელიც ექვს ტრეკს მოიცავს.
მინი ალბომის პროდიუსერი თავად ნორსია. ნამუშევარი პანკ-როკისა და მძაფრი, ე.წ. „rage rap“-ის ელემენტებს აერთიანებს. ჩანაწერში ასევე იგრძნობა Playboi Carti-ს Whole Lotta Red-ის გავლენა. ნამუშევრის მოსმენისას მარტივი მისახვედრია ისიც, თუ რატომ არის ნორსი ამერიკელი რეპერი ქალის, მოლი სანტანას ასეთი დიდი ფანი. EP-ის პირველ კომპოზიციაში, სახელწოდებით H0w Sh0uld ! F33l – გამოყენებულია Meg & Dia-ს 2006 წლის ჰიტის, Monster-ის სემპლი. ტრეკში W0ah კი 12 წლის შემსრულებელი პოპულარობაზე გვიყვება. ის აღნიშნავს, რომ „ავტოგრაფებს ჯერ კიდევ დაწყებითი კლასებიდან არიგებს“ და რომ ამ სამყაროში ის ვარსკვლავად დაიბადა.
მუსიკალურ ინდუსტრიაში ნორსმა ძალები მანამდეც მოსინჯა. ის Ye-სა და Ty Dolla $ign-ის პროექტ Vultures-ში გამოჩნდა. ასევე მონაწილეობა მიიღო FKA twigs-ის ალბომში EUSEXUA. თებერვალში ნორს უესტმა გამოუშვა სინგლი Piercing on My Hand, რომელიც საბოლოოდ ამ EP-ში არ მოხვდა.
იანვარში მან მამასთან კოლაბორაციაც დააანონსა და იმავე თვეში მეხიკოში გამართულ კონცერტზეც გამოჩნდა. მარტში ნორსმა საკუთარი ბიტიც წარადგინა, სადაც Ye-ს ცნობილი სიმღერის, Coldest Winter-ის სემპლი გამოიყენა.
აპრილში 12 წლის არტისტი ლოს-ანჯელესში, SoFi Stadium-ზე გამართულ უესტის შოუებზეც გამოვიდა. 12 ივნისს კი მისი საფესტივალო დებიუტი შედგება – ის ჩიკაგოში, Summer Smash-ზე წარდგება.
მოუსმინეთ ნორს უესტის EP-ის – N0rth4evr.