2025 წელს უსმან დემბელემ და Ninho-მ ოცნებები აიხდინეს. ერთი ოქროს ბურთის მფლობელი გახდა ისე, რომ მანამდე მასზე ნომინირებულიც კი არ ყოფილა. მეორემ კი, რომელიც უკვე იყო ფრანგული მუსიკის ისტორიაში ყველაზე მეტი სინგლის სერტიფიკატის მფლობელი, ქვეყნის ყველაზე დიდი არენა – სტად დე ფრანსი — ორჯერ სრულად გაავსო.
თუმცა კარიერის დასაწყისში ცოტას თუ სჯეროდა მათი წარმატების. ბოლო 10 წლის განმავლობაში კი “ადიდასის” ორივე ელჩი საკუთარ სფეროში გამორჩეულ ადგილს იკავებს.
იმ ნიშნით, რომ მათ არასდროს შეუწყვეტიათ საკუთარი ბედისწერის რწმენა, Billboard საფრანგეთმა ერთად შეკრიბა უსმან დემბელე და Ninho – თავიანთი სფეროს ვირტუოზები მსგავსი ცხოვრებისეული გზებით. 16 ივნისს დემბელე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად უკვე მეორე ტიტულის მოსაპოვებლად დაიწყებს ბრძოლას. Ninho კი ამასობაში სტუდიაში დაბრუნდა და მომდევნო ალბომზე მუშაობს. ციკლი გრძელდება.
Billboard საფრანგეთი: გახსოვთ პირველი ნაბიჯები თქვენს სფეროებში?
Ninho: დიახ, ძალიან კარგად. ჩემს პირველ ფრისტაილში იმას აღვწერდი, რასაც ჩვენ გარშემო ვხედავდით. დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება ჯერ არ მქონდა, მაგრამ შთაგონებას იქიდან ვიღებდი, რასაც ვხედავდი და ასევე რასაც ვუსმენდი. კარგი გრძნობაა ამ ყველაფრის გახსენება.
უსმან დემბელე: პირველი მატჩი ნამდვილად არ მახსოვს. მხოლოდ ერთადერთი რამ მახსოვს: საფეხბურთო კლუბ ევრეში ჩემი საუკეთესო მეგობრის ძმის წყალობით მოვხვდით. ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა. ფეხბურთის თამაში მინდოდა, მაგრამ საბუთები და მსგავსი საკითხები არ ვიცოდი. ასე რომ, ვიღაც უფროსი ადამიანი გვჭირდებოდა, ვინც დაგვარეგისტრირებდა. (იცინის).
პროფესიონალურ წრეებში ორივე ძალიან ახალგაზრდა ასაკში შეხვედით. როგორ უმკლავდებოდით იმ ასაკში დიდ მოლოდინებს?
დემბელე: მე ბავშვობიდან ერთი ოცნება მქონდა და ეს ფეხბურთის თამაში იყო. იმ ასაკში უდარდელი ხარ – უბრალოდ დროის კარგად გატარება გინდა.
Ninho: მიზანი მარტივი იყო – ვყოფილიყავი საუკეთესო ჩემს სფეროში.
დემბელე: ჩემთვის ახალგაზრდულ აკადემიაში მოხვედრა და შესაძლო ფეხბურთელობა ოცნება იყო. მაშინ წნეხს ნამდვილად ვერ ვგრძნობდი – ყველაფერს სრული გულწრფელობით ვუყურებდი.

MICHELLE HELENA JANSSEN
შეგიძლიათ გვითხრათ, რა იყო თქვენი ყველაზე დიდი გამარჯვება ფეხბურთისა და მუსიკის მიღმა?
დემბელე: ფეხბურთის მიღმა არაფერი მაქვს, მეგობრებო. (იცინის) არა – ჩემი ოჯახი.
Ninho: ოჯახი, აბსოლუტურად. ის ფაქტი, რომ დედაჩემს აქვს ეზო, სადაც შეუძლია დიდი ოჯახური წვეულება მოაწყოს; ის, რომ ჩემს ოჯახს არაფერზე აქვს სადარდებელი. თუნდაც მხოლოდ ეს უკვე შესანიშნავია.
და ყველაზე დიდი დამარცხება?
დემბელე: ბევრი მტკივნეული დამარცხება მქონია: 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, როცა არგენტინასთან წავაგეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა პარიზში გველოდებოდა; ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა ბარსელონასთან მარცხის შემდეგ. სიმართლე გითხრათ, მეორე დღეს ფეხბურთის ყურებაც კი აღარ მსურდა.
Ninho: ჩემი დამარცხება ჩემი კარიერის დასაწყისია. პროცესები თავიდან ცოტა ქაოსური იყო. ეს მარცხი იმ გაგებით იყო, რომ მაშინ ბავშვი ვიყავი, რომელიც ღარიბი უბნიდან ისეთ სამყაროში შევიდა, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა. ძალიან ბევრი რამ მქონდა სასწავლი. მაგრამ ეს ის მარცხებია, რომლებიც ზრდაში გეხმარება.
დემბელე: კარგ დროს შენ გარშემო უამრავი ადამიანი ტრიალებს, მაგრამ ცუდ დროს ეს წრე მაშინვე ვიწროვდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ირგვლივ სწორი ადამიანები გყავდეს, თუ გინდა, რომ წარმატებული კარიერა გქონდეს, იქნება ეს რეპი თუ ფეხბურთი. ჩემ შემთხვევაში ესენი არიან ჩემი საუკეთესო მეგობარი, დედაჩემი და ჩემი აგენტი. ისინი თავიდანვე ჩემ გვერდით იყვნენ, უყურებდნენ ჩემს ზრდას. მათ მნახეს მაშინ, როცა არაფერი მქონდა, ახლა კი მწვერვალზე მხედავენ.
ბედისწერის გჯერათ?
Ninho: პირველ რიგში, ჩვენ ყველას რაღაცის გვწამს. ზოგი რამ უბრალოდ დამთხვევა არ არის – ეს მოვლენათა ჯაჭვია. ზოგჯერ გზაზე ცუდ შემხვედრებსაც გადააწყდები, მაგრამ უნდა გაიარო მათში, რათა იმ ადამიანამდე მიაღწიო, რომელიც მიგიყვანს იქ, სადაც უნდა იყო.
დემბელე: ეს არის ჩემი კარიერის ისტორია: დავიწყე რენში, შემდეგ დორტმუნდში, სადაც პირველი ორი წელიწადი ყველაფერი კარგად მიდიოდა. მერე ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ავიხდინე და ბარსელონაში გადავედი. და თითქოს ბედისწერა იყო – როცა ბარსელონაში მივედი, სწორედ იქ მივიღე რამდენიმე ფიზიკური ტრავმა და ვერც მოედანზე ვგრძნობდი თავს კარგად. საბოლოოდ კონტრაქტი პარიზთან გავაფორმე და ყველაფერი თითქოს სიზმარივით განვითარდა. საბოლოოდ კი ბედისწერამ ისე გადაწყვიტა, რომ გასულ წელს ოქროს ბურთის მფლობელი გავხდი.

MICHELLE HELENA JANSSEN
Ninho, შენს ერთ-ერთ სიმღერაში თავს სწორედ უსმანს ადარებ. შეგიძლია გვითხრა, რას განასახიერებს ის შენთვის?
Ninho: უსმანი, პირველ რიგში, წარმოადგენს იმ დასახლებებს, საიდანაც მოდის. ის ვარსკვლავია, რომელიც ადამიანებისთვის ხელმისაწვდომია, როგორც მე. მგონია, მასაც იგივე აქვს განცდილი – ადამიანები საჯაროდ ეკითხებიან: უსმან, როგორ ხარ? და აქ არ არის დისტანცია. უსმანი ხალხის ოქროს ბურთის გამარჯვებულია. ის არის მტკიცებულება იმისა, რომ შრომით შეგიძლია ვარსკვლავის სტატუსს მიაღწიო.
ჯილდოები რას ნიშნავს თქვენთვის?
დემბელე: ისინი გაჩვენებენ, რომ შრომას ყოველთვის აქვს შედეგი. ასევე სიამაყის დიდი წყაროა ჩვენთვის და ჩვენი ოჯახებისთვის. ისეთი ჯილდოს მიღება, როგორიცაა ოქროს ბურთი – მით უმეტეს, რონალდინიოს ხელიდან – ეს უდიდესი სიხარულია. ვფიქრობ, მასაც იგივე განცდა უნდა ჰქონდეს რეპში.
Ninho: როცა უყურებ იმ არტისტების სიას, რომელთაც სტად დე ფრანსი შენამდე გაავსეს, როცა ხედავ სავსე საკონცერტო სივრცეებს, ეს გაბედნიერებს.
როგორ ინარჩუნებთ სურვილს, რომ კიდევ უფრო წინ წახვიდეთ?
დემბელე: ჩემ შემთხვევაში, ფეხბურთში, აგვისტოში ყველაფერი ნულდება. ასე რომ, პროცესში ისევ ახლიდან უნდა ჩაერთო.
Ninho: სწორედ ამიტომ შევადარე ალბომი ლიგის სეზონს ან თასს, რადგან თასის მოგების შემდეგ ისევ მთელი ახალი ციკლის გავლა გიწევს, რომ მორიგი თასი მოიგო. ჩემთვისაც იგივეა. ეს დაუსრულებელი შეჯიბრია, სადაც ცდილობ, ყოველი ახალი ალბომი წინას სჯობდეს.
