18 ივნისს ალიშა კისი ნიუ-იორკ ნიქსის საჩემპიონო აღლუმს შეუერთდება. საკალათბურთო გუნდი 53 წლის შემდეგ პირველად ზეიმობს NBA-ის გამარჯვებულის ტიტულს.
ნიქსის მფლობელმა ჯეიმს დოლანმა გაამხილა, რომ ზეიმზე სწორედ კისი წარდგება და შეასრულებს მისი და ჯეი-ზის დუეტს Empire State of Mind – სიმღერას, რომელსაც გულშემატკივრები ხმამაღლა მღეროდნენ ნიუ-იორკის ქუჩებში გუნდის ჩემპიონობის აღნიშვნისას.
„როცა მსვლელობით მერიამდე მივალთ, იქ განსაკუთრებული გამოსვლა გველის ალიშა კისისგან, რომელიც Empire State of Mind-ს შეასრულებს,” – თქვა დოლანმა ტელევიზით. რაც შეეხება ჯეი-ზის, კითხვაზე, შეუერთდება თუ არა რეპერი კისს სცენაზე, მან უპასუხა: „არ მგონია”.
ნიქსის ჩემპიონობის ზეიმზე გამოსვლა თავად ალიშა კისმაც დაადასტურა.
„როგორ შეიძლებოდა, ეს არ გამეკეთებინა? ეს ჩემი ქალაქია და ქალაქი ცეცხლშია,” – ამბობს ის ვიდეოში, რომელიც ინსტაგრამზე გავრცელდა. „ამ ქალაქში იმდენი სიყვარულია. ეს სიგიჟეა. ყველა გაერთიანდა. ძალიან ბედნიერი ვარ.”
13 ივნისს ნიქსმა სან-ანტონიო სპურსი 94:90-ით დაამარცხა და 1973 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა. ალიშა კისი თამაშს ვერ დაესწრო, რადგან ის ტრიბეკას ფესტივალზე, საკუთარი დოკუმენტური ფილმის, Girl From Hell’s Kitchen-ის პრემიერაზე იმყოფებოდა. თუმცა მომღერალმა ეს მოვლენა მაინც აღნიშნა და სპონტანური წვეულება მოაწყო, სადაც ასევე Empire State of Mind შეასრულა. მას შეუერთდა ნიუ-იორკელი რეპერი Nas.
Empire State of Mind ჯეი-ზიმ 2009 წლის სექტემბერში გამოსცა. სიმღერა Billboard Hot 100-ში ხუთი კვირის განმავლობაში ლიდერობდა. ის New York Yankees-ის არაოფიციალურ საუნდტრეკად იქცა, რომელმაც 2009 წელს World Series-ის ტიტული მოიგო.