ქართველმა მუსიკოსმა გიორგი მარიმ, სასცენო სახელით Giorgi Marr’s One Man Army მსმენელს ახალი სინგლი Stranger In Your Eyes წარუდგინა. კომპოზიცია არტისტის ცხოვრების ერთ-ერთ რთულ პერიოდს ასახავს და მსმენელს პირად, ემოციურ განცდებს უზიარებს. სინგლთან ერთად მუსიკოსმა საინტერესო ვიზუალური ნამუშევარიც გამოაქვეყნა, რომელიც სრულად არტისტის მიერაა გადაღებული.
გიორგი მარი – მუსიკოსი:
„ბოლო 3 წელი თითქმის სულ პორტუგალიაში ვიყავი, თებერვალში ჩამოვედი და აქ დავწერე ეს სიმღერა ზამთარში. კლიპი მე თვითონ გადავიღე Iphone-ით და თავადვე დავამონტაჟე. „სლოუ მოუშენია“ და მერე დარევერსებულია. რაღაც ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა და თითქოს უკან მივდიოდი ყველაფერში, ამიტომ მთელი კლიპის განმავლობაში თან ვცდილობ, რომ წინ ვიარო, მაგრამ უკან დავდივარ. ერთ ადგილას დგომის სიმბოლოა, მაგრამ თან ბრძოლის. კლიპი ზამთარში გადავიღე, რომელსაც ვერ ვიტან და ახლა დავდე, რომ ეს კონტრასტი დამენახა. ტექსტს რაც შეეხება, ძალიან პირადულია, „ლავ სთორია“ და ერთ კონკრეტულ დღეზეა, რაც პირდაპირ აისახება სიმღერაშიც.“
შენელებული მოძრაობისა (slow motion) და რევერსული კადრების კომბინაციით აგებული კლიპი ერთგვარი ვიზუალური მეტაფორაა, რომელიც ერთ ადგილზე გაჩერების, შინაგანი კრიზისისა და საკუთარ თავთან ბრძოლის განცდას გამოხატავს.
ახალი სინგლის პარალელურად, Giorgi Marr’s One Man Army-მ ცოტა ხნის წინ მსმენელს ახალი, 10-ტრეკიანი კოლაბორაციული ალბომი Tether წარუდგინა. ალბომში შესული ათი კომპოზიციიდან ორი ახალი ნამუშევარია, რომლებიც Maria Tom-თან და Killages-ის წევრ გუგა მაჭარაშვილთან თანამშრომლობით შეიქმნა.
მოუსმინეთ Giorgi Marr’s One Man Army-ს ახალ სიმღერას Stranger In Your Eyes: