ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი.
Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ტიმ კარი – ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია ლეგენდარულ  კინოკლასიკაში The Rocky Horror Picture Show ექსტრავაგანტური დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.  გამოცემა TMZ-ის თანახმად, ემის ჯილდოს მფლობელი ვარსკვლავი, რომელმაც 2012 წელს მძიმე ინსულტი გადაიტანა, 25 აგვისტოს, გვიან ღამით საკუთარ სახლში, ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა. პრესაში  ინფორმაციის გამოქვეყნებისას მისი გარდაცვალების მიზეზი ცნობილი არ იყო.  კარის გარდაცვალება Billboard-ს გამომცემლობა Grand Central Publishing-მაც დაუდასტურა, რომელმაც 2025 წელს მსახიობის მემუარები – Vagabond: A Memoir გამოსცა.

მას შემდეგ, რაც ტიმ კარი 1968 წელს, ბრიტანულ მიუზიკლ Hair-ის ორიგინალურ დასში გამოჩნდა, აუდიტორიის ფართო ყურადღება დაიმსახურა.  საერთაშორისო აღიარება კი მას The Rocky Horror Show-ს სასცენო დადგმაში ვნებიანი და გამომწვევი, ქალის თეთრეულში გამოწყობილი ფრენკ-ენ-ფერტერის როლმა მოუტანა.

Billboard-მა 1974 წლის 13 აპრილს  რეცენზიაში The Rocky Horror Show-ს სასცენო დადგმა შეაქო და ტიმ კარის „დიდი აღმოჩენა“ უწოდა. გამოცემამ განსაკუთრებით გამოარჩია მისი ექსცენტრული შესრულება გენდერულად არატრადიციული, შეშლილი მეცნიერის, ფრენკ-ენ-ფერტერის როლში.

რეცენზიაში ასევე აღნიშნული იყო, რომ კარი მთელი სპექტაკლის განმავლობაში მარლენ დიტრიხის სტილში იყო გამოწყობილი, თუმცა ეკრანზე მაინც მიკ ჯაგერის მსგავსი მამაკაცური ქარიზმით ახერხებდა გამოჩენას. 

მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ტიმ კარიმ ათეულობით სპექტაკლსა და ფილმში ითამაშა, სწორედ Rocky Horror-ში შესრულებულმა როლმა აქცია ის საერთაშორისო ვარსკვლავად. მაყურებლის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა მისი შთამბეჭდავი შესრულება სიმღერებისა: Sweet Transvestite, I Can Make You a Man და ემოციური ბალადა I’m Going Home.

1975 წელს ტიმ კარიმ ეს როლი მიუზიკლის კინოადაპტაციაშიც ბრწყინვალედ გაიმეორა. ფილმი მალევე იქცა შუაღამის სპეციალური ჩვენებების პოპულარულ ნაწილად, სადაც გულშემატკივრები მისი და სხვა პერსონაჟების კოსტიუმებში გამოწყობილები მიდიოდნენ და ეკრანზე მიმდინარე სცენების გასამეორებლად სხვადასხვა რეკვიზიტიც მიჰქონდათ.

ტიმოთი ჯეიმს კარი 1946 წლის 19 აპრილს ინგლისში, გრაპენჰოლში დაიბადა. მან მუსიკალური ნიჭი ადრეულ ასაკშივე გამოავლინა, 1968 წელს კი ბირმინგემის უნივერსიტეტი ინგლისური ენისა და დრამის სპეციალობით დაამთავრა.

The Rocky Horror Show-ში წარმატების შემდეგ, კარი არაერთ თეატრალურ და სატელევიზიო პროექტში გამოჩნდა. მათ შორის იყო 1978 წლის ბრიტანული ექვსსერიანი მინისერიალი Will Shakespeare, რომელშიც მან უილიამ შექსპირი განასახიერა და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.

წარმატებით განვითარდა მისი კინოკარიერაც. მან კიდევ ერთ საკულტო ფილმ Times Square-ში ითამაშა, ხოლო 1982 წელს გადაღებულ Annie-ს კინოადაპტაციაში Rooster-ის როლი შეასრულა.

1985 წელს ტიმ კარიმ კიდევ ორი გამორჩეული როლი მიიღო: რიდლი სკოტის ფენტეზის ჟანრის ფილმში Legend, სადაც სიბნელის მბრძანებელი განასახიერა, და სამაგიდო თამაშ Clue-ზე დაფუძნებულ ფილმში, სადაც ბატლერი უოდსვორთის როლი შეასრულა.

1980 წელს Amadeus-ში მთავარი როლის შესრულებისთვის ტიმ კარი „ტონის“ დაჯილდოებაზე საუკეთესო მთავარი მსახიობის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში ის აქტიურად მუშაობდა როგორც ბროდვეიზე, ისე ლონდონის ვესტ-ენდში და მთავარ როლებს ასრულებდა სპექტაკლებში: The Threepenny Opera, The Art of Success და My Favorite Year, რამაც მას „ტონის“ მეორე ნომინაციაც მოუტანა. 2001 წელს კი მიუზიკლში A Christmas Carol სკრუჯის როლი განასახიერა. 

მაყურებელს განსაკუთრებით უყვარდა მისი როლი ფილმში Home Alone 2, სადაც ტიმ კარი პლაზას სასტუმროს ქედმაღალ კონსიერჟს, მისტერ ჰექტორს განასახიერებდა. ეს როლი მსახიობს საშუალებას აძლევდა, თავისი კომიკური, უშუალო და მსუბუქი მხარეც გამოევლინა.

მისი მრავალმხრივი სამსახიობო დიაპაზონი კარგად გამოჩნდა საშინელებათა ფილმების პაროდიაში Loaded Weapon 1, სადაც მკვლელი მისტერ ჯიგსოუს როლი შეასრულა, ასევე 1998 წლის ფილმში Addams Family Reunion, რომელშიც გომეს ადამსის როლი ითამაშა.

აშშ-ში გადასვლის შემდეგ, ტიმ კარიმ სატელევიზიო როლების მთელი სერია შექმნა. მათ შორის იყო ემის ნომინაციაზე წარდგენილი უინსტონ ნიუკუეის პერსონაჟი 1983 წლის ანთოლოგიურ სერიალში Tales From the Crypt, ასევე საშინელებათა ჟანრში მისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გმირი – ჯამბაზ პენივაიზის როლი სტივენ კინგის 1990 წლის მინისერიალში It. 

თეატრის, კინოსა და სატელევიზიო როლების ვრცელი სიის გარდა, ტიმ კარი The Rocky Horror Picture Show-ს საუნდტრეკშიც მონაწილეობდა, რომელმაც 1978 წელს Billboard 200-ის ალბომების ჩარტში 49-ე ადგილი დაიკავა. იმავე წელს A&M Records-ის ლეიბლზე მან სადებიუტო ალბომი Read My Lips გამოუშვა, რომელიც ძირითადად ქავერების კრებულს წარმოადგენდა. მისი მეორე ალბომი  Fearless (1979) უფრო როკ-ჟღერადობის საავტორო სიმღერებისგან შედგებოდა, რომელმაც Billboard 200-ში 53-ე ადგილს მიაღწია. ხოლო სიმღერამ I Do The Rock – Billboard Hot 100-ში 96-ე ადგილი დაიკავა. ტიმ კარის მესამე ალბომი Simplicity (1981) Billboard 200-ში 112-ე პოზიციაზე გავიდა. 2002 წელს მსახიობი გრემიზე იყო ნომინირებული საბავშვო აუდიოწიგნის საუკეთესო შესრულების კატეგორიაში –  A Series of Unfortunate Events: The Bad Beginning-ის გახმოვანებისთვის.

2012 წელს ტიმ კარიმ ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც სიცოცხლის ბოლომდე ეტლით გადაადგილდებოდა. 

2025 წელს მან საკუთარი მემუარები, სახელწოდებით Vagabond (მაწანწალა), გამოსცა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

შეიძლება დაგაინტერესოთ

დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი
Oliver Tree Exit Festival-ზე 2024 წლის 11 ივლისი, სერბეთი. Srdjan Stevanovic/Getty Images

„არცერთი დღე არ არის გარანტირებული“ –  Oliver Tree-ს ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ გამოქვეყნდა

რიო-დე-ჟანეიროში მომხდარ ავიაკატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე, ბობი ალტჰოფთან ინტერვიუში, მუსიკოსმა თავგადასავლებითა და რისკებით სავსე ცხოვრებაზე ისაუბრა.
მეტი