წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დღეები გრძელდება. 5 სექტემბერს ფესტივალის პროგრამა 12:00 საათზე კამერულ დარბაზში გაიხსნება, სადაც Schumann Quartett – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტისა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებებს შეასრულებს.
Schumann Quartett – ერიკ და კენ შუმანების (ვიოლინო), მარკ შუმანის (ჩელო) და მეთიუ მაკდაუელის (ალტი) შემადგენლობით შექმნილი სიმებიანი კვარტეტია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ კოლექტივად მიიჩნევა. მათი შესრულება ენერგიულობით, ვირტუოზულობითა და კლასიკური მუსიკისადმი თავისუფალი მიდგომით გამოირჩევა. 2026/2027 წლების სეზონში კვარტეტი კონცერტებს ისეთ ცნობილ დარბაზებში გამართავს, როგორებიცაა ლონდონის Wigmore Hall, ამსტერდამის Concertgebouw და ვენის Musikverein. მათ შორისაა წინანდლის ფესტივალზე დაგეგმილი დღევანდელი საღამოც და ასევე 8 სექტემბრის გამოსვლაც, ლიზა ბათიაშვილთან ერთად.
ამავე დღეს, 19:00 საათზე, ამფითეატრის სცენაზე ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ წარდგება. ანსამბლი ფესტივალის სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს, რომელშიც ქართული ქორეოგრაფიული ტრადიცია თანამედროვე სცენურ ხედვასთან ერთიანდება.
„სუხიშვილებს“ ქართული კულტურის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. მათი გამორჩეული ქორეოგრაფიული ხელწერა, დინამიკა და საშემსრულებლო ტექნიკა ქართული ცეკვის ხასიათსა და ენერგიას სცენაზე განსაკუთრებული ფორმით წარმოაჩენს.
5 სექტემბერს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკისა და ქართული ცეკვის ორ გამორჩეულ წარმოდგენას უმასპინძლებს.
წინანდლის ფესტივალის წარმდგენია კომპანია სილქნეტი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე.