ტოდ რანდგრენმა ტეილორ სვიფტს „მედიდურობის აპოთეოზი” უწოდა და განაცხადა, რომ მან „მუსიკა გაანადგურა”.
Vulture-თან ინტერვიუში ვეტერან პროდიუსერს ჰკითხეს, თუ რომელ თანამედროვე არტისტზე ჩაწერდა პაროდიულ ალბომს. კითხვა უკავშირდებოდა მის ნამუშევარს Meat Loaf-ის 1977 წლის ალბომზე Bat Out of Hell, რომლის შესახებაც რანდგრენმა ერთხელ თქვა, რომ მისი ჩანაფიქრის ერთ-ერთი ნაწილი ბრიუს სპრინგსტინის პაროდიის გაკეთება იყო.
„რა თქმა უნდა, ტეილორ სვიფტი. შეიძლება ითქვას, რომ მან მუსიკა გაანადგურა. ჩემთვის ტეილორ სვიფტი უბრალოდ მედიდურობის აპოთეოზია.”
შემდეგ მან ეს მოსაზრება კიდევ უფრო განავრცო: „ტეილორ სვიფტი განსაკუთრებულად კარგად არაფერს აკეთებს, გარდა თმის გაზრდისა. ის არ არის შესანიშნავი მომღერალი. ის არ არის შესანიშნავი კომპოზიტორი. ის არ არის შესანიშნავი მოცეკვავე.”
ამასთანავე, რანდგრენმა ლედი გაგა შეაქო და მას „ჭეშმარიტი მუსიკოსი” და „კლასიკურად აღზრდილი პიანისტი უწოდა”. მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ქალი პოპვარსკვლავები დომინანტურ პოზიციებზე მას შემდეგ დაწინაურდნენ, რაც 1990-იან წლებში ახალგაზრდა მამაკაცებმა თავიანთი ფინანსები ვიდეოთამაშებისკენ მიმართეს.
ეს არ არის პროდიუსერის მიერ სვიფტის კრიტიკის პირველი შემთხვევა. მან მსგავსი კომენტარები 2022 წელს რიკი რუბინის Broken Record პოდკასტშიც გააკეთა.
სვიფტს აღნიშნულ განცხადებაზე არ უპასუხია. როცა The Life of a Showgirl-ის გამოსვლას გასულ წელს არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა, მისკენ მიმართულ კრიტიკას მან Apple Music-ის გადაცემაში უპასუხა.
„დიდ პატივს ვცემ ადამიანებს ხელოვნების შესახებ თავიანთი სუბიექტური მოსაზრებებისთვის. მე ხელოვნების პოლიცია არ ვარ,” – თქვა სვიფტმა. „ყველას აქვს უფლება, იგრძნოს ზუსტად ისე, როგორც ეს თავად სურს.”
კომენტარები მას შემდეგ გავრცელდა, რაც სვიფტმა The Life of a Showgirl: The Encore გამოსცა – მისი 2025 წლის ალბომის გაფართოებული ვერსია, რომელიც ოთხ ახალ სიმღერას მოიცავს, მათ შორისაა Patient Zero.
მომღერლის მე-12 სტუდიური ალბომის დელუქს ვერსია ასევე მოიცავს სიმღერებს: Babylon, Pink Clouding და Cleveland!
ალბომის ორიგინალმა ვერსიამ Billboard 200-ის სათავეში 12 კვირა გაატარა და გამოსვლის პირველივე კვირას აშშ-ში რეკორდული, 4 მილიონი ალბომის ეკვივალენტური ერთეული დააგროვა.