საავტორო სტუდია „კლასიკური გიტარის შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსს“ 2013 წლიდან მართავს. პროექტი თავდაპირველად მცირე მასშტაბით დაიწყო.
წლების განმავლობაში კონკურსის შემოქმედებითმა ჯგუფმა: ვაჩე ლალიაშვილმა, დავით ხოსიტაშვილმა და ნინო ჯანჯღავამ საქართველოს კულტურის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოაყალიბეს, რამაც პროექტს მუდმივი მხარდაჭერა მოუპოვა. მასშტაბების ზრდასთან ერთად, ღონისძიებას საერთაშორისო სტატუსის დამკვიდრებისა და აღიარების შესაძლებლობა მიეცა.

წელს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით, პროექტის საერთაშორისო ცნობადობა გაიზარდა – მონაწილეები პირველად ჩამოდიან ჩინეთიდან და ბალტიისპირეთიდან. კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით კი საპრიზო ფონდი და ჰონორარები საგრძნობლად გაიზარდა.
უცხოელი მუსიკოსების მასპინძლობა ახალი ეტაპია კლასიკური გიტარის პოპულარიზაციისთვის. გარდა ამისა, კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნინო ჯანჯღავას პიესები „სარკე“ და Electric Lily დღეს უკვე საკონკურსო პროგრამის რეპერტუარშია.
კონკურსში პერიოდულად ქართველი შემსრულებლების გვერდით მონაწილეობდნენ მუსიკოსები სომხეთიდან, ისრაელიდან, შვეიცარიიდან და იტალიიდან. კონკურსის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქართველ კლასიკური გიტარის პედაგოგებს, (ბადრი ლომსაძე, ვაჟა კალანდაძე, ლია იანვარაშვილი, მარი თაბუკაშვილი და სხვები) რომელთა მოსწავლეებიც წლიდან წლამდე მნიშვნელოვან პროგრესს აღწევენ. მათ შორის არაერთი საერთაშორისო კონკურსის პრიზიორიცაა.
პროექტის განვითარებაში დიდია საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის – „სინფონიეტასა“ და მისი სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ქერელაშვილის როლი. ორკესტრის რჩეულ მუსიკოსებს შესაძლებლობა ეძლევათ, მომდევნო წელს „სინფონიეტასთან“ ერთად სცენაზე წარდგნენ, რაც ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის უნიკალური გამოცდილებაა.

წელს ჟიურის ახალი წევრი ნიკოლოზ კვარაცხელია შეუერთდა, რომელიც კონკურსის შემდგომ განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანს.
ღონისძიების მხარდამჭერია მუსიკალური მაღაზია „აკუსტიკა“, რომელიც მონაწილეებს სპეციალურ პრიზებს გადასცემს.
„კლასიკური გიტარის შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის“ გალა-კონცერტი 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, Sinfoneta Stage-ზე გაიმართება. ღონისძიებაზე წლევანდელ მონაწილეებთან ერთად 2025 წლის „სინფონიეტას“ პრიზის მფლობელებიც წარდგებიან, რომლებიც ორკესტრთან ერთად ანტონიო ვივალდისა და ფერნანდო კარულის ნაწარმოებებს შეასრულებენ.