Doechii ენერგიული ვიდეოთი ბრუნდება. ფლორიდელი რეპერი 20 ოქტომბერს, Swamp Sessions-ის სერიის მორიგი გამოშვებაზე – ამჯერად სიმღერა CATWOMAN-ით წარდგა.
1960-იანი წლების სერიალ Batman-ში ქალი-კატის როლით ცნობილი ერტა კიტისა და ჯულია ნიუმარისგან განსხვავებით, Doechii-ს პერსონაჟის მთავარი ძალა რეპია. გასულ კვირას გამოქვეყნებული „BOMBS“-ის შემდეგ არტისტი ახალ კლიპში უდაბნოში სეირნობს.
კლიპში „ჭაობის პრინცესა“ იღუპება – ქალი-კატის როლში მყოფი Doechii მას აფეთქებს და ნაკუწებად აქცევს.
Doechii 2024 წელს გამოშვებულ საკუთარ სიმღერას, CATWOMAN-ს, იხსენებს და ბასტა რაიმსს პატივს მიაგებს. რეპერი ასევე ახსენებს მსახიობ შონ კონერს, რომელიც ჯეიმს ბონდის როლს ასრულებდა, შემდეგ კი მიანიშნებს, რომ მის მუსიკაში 2Pac-ისთვის დამახასიათებელი სიმტკიცე და შეუპოვრობაც იგრძნობა.
გრემის მფლობელი Doechii მსმენელის ყურადღების ცენტრშია, რადგან გულშემატკივრები მის სადებიუტო ალბომს მოუთმენლად ელოდებიან. ცოტა ხნის წინ არტისტმა დღიურის ჩანაწერი გააზიარა, რომელშიც ისაუბრა იმაზე, თუ რას უნდა ელოდონ მსმენელები მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ალბომისგან.
„ბოლო რამდენიმე წელი ჰიპ-ჰოპის ხელახლა შესწავლას დავუთმე, სტუდენტივით ვეცნობოდი მის ენას, ისტორიასა და ფესვებს. ახლა კი ვგრძნობ, რომ ამ ჟანრის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა შემიძლია. ჩემში ნელ-ნელა ყალიბდება მისია, უფრო სწორად, პასუხისმგებლობის განცდა, რომ ჰიპ-ჰოპსა და პოპმუსიკაში შავკანიანი ქალების გამოცდილება და იდენტობა ცენტრალურ ადგილს იკავებს“, – წერს TDE-ს ლეიბლთან დაკავშირებული რეპერი.
მიმდინარე წლის დასაწყისში Doechii-იმ Lady Gaga-სთან ერთად ტრეკი Runway ჩაწერა. კომპოზიცია ფილმ The Devil Wears Prada 2-ის საუნდტრეკში შევიდა და 28 წლის არტისტს Billboard Hot 100-ში მორიგი პოზიცია (50-ე ადგილი) მოუტანა.
ნახეთ CATWOMAN-ის ვიდეოკლიპი: