16 ოქტომბერს ნიუ-იორკის Madison Square Garden-ის სცენაზე ჰარი სტაილსმა გარდაცვლილ მეგობარსა და One Direction-ის ყოფილ წევრს, ლიამ პეინს პატივი მიაგო. მან პირველად შეასრულა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა, რომელიც მეგობრის ხსოვნას მიუძღვნა. ეს გამოსვლა პეინის გარდაცვალებიდან ორი წლისთავს დაემთხვა.
ნიუ-იორკის საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი 30-დღიანი კონცერტების სერიის ფარგლებში, სტაილსმა მიძღვნამდე პაუზა აიღო, რათა აუდიტორიისთვის მიემართა:
„თავს წარმოუდგენლად იღბლიანად ვგრძნობ, რომ ნიუ-იორკში ამ კონცერტების გამართვის შესაძლებლობა მაქვს. ეს შენობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, თქვა მან და გაიხსენა ადამიანები, რომლებმაც მის ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს. „ორი წლის წინ, სწორედ ამ დღეს, ერთ-ერთი ასეთი მეგობარი დავკარგე“.
„დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს მსგავსი რამ გამოუცდია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ არა…. მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვათ, საქმე ერთმანეთზე ზრუნვას ეხება. ჩემს ცხოვრებაში ბევრი განსაკუთრებული ადამიანი ყოფილა, რომლებმაც ჩემზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინეს. მათ გარეშე აქ არ ვიქნებოდი. მინდა ერთი სიმღერა შეგისრულოთ, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ ჩემი მეგობრისთვის დავწერე, თუ წინააღმდეგი არ იქნებით… ეს არის What Is Enough.” – განუცხადა აუდიტორიას ჰარი სტაილსმა და სიმღერა პირველად შეასრულა ცოცხლად.
ლიამ პეინი, რომელმაც პოპულარობა ჰარი სტაილსთან, ნაილ ჰორანთან, ლუის ტომლინსონთან და ზეინ მალიქთან ერთად, ჯგუფ One Direction-ში მოიპოვა, 2024 წლის ოქტომბერში, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯგუფი ბრიტანული სატელევიზიო შოუს The X Factor-ის ფარგლებში 2010 წელს ჩამოყალიბდა, 2016 წელს კი საქმიანობა დროებით შეწყვიტა. One Direction ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად „ბოიბენდად“ ითვლება. ჯგუფის ზედიზედ ოთხმა ალბომმა Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. ლიამ პეინის გარდაცვალებიდან ორი წლის განმავლობაში ჯგუფის დარჩენილი წევრები მუსიკალურ საქმიანობას დაუბრუნდნენ.
აღსანიშნავია, რომ სტაილსის ეს ემოციური მიძღვნა მის კარიერაში მნიშვნელოვან ეტაპს დაემთხვა. მისი ტურნე Together, Together Tour, რომელიც მეოთხე სტუდიური ალბომის, Kiss All the Time, Disco Occasionally-ს მხარდასაჭერად იმართება, Madison Square Garden-ში რეკორდულ, 30-კონცერტიან სერიას მოიცავს. Ticketmaster-ის ინფორმაციით, კონცერტების წინასწარი გაყიდვისთვის რეგისტრაცია 11,5 მილიონმა ადამიანმა გაიარა.
ორი გრემის მფლობელ ჰარი სტაილსს Billboard Hot 100-ის ჩარტში პირველი ადგილი ორმა ჰიტმა მოუტანა: Watermelon Sugar და As It Was. ამ უკანასკნელმა ჩარტის სათავეში 15 კვირა დაჰყო. სოლო კარიერის განმავლობაში, მისმა ზედიზედ სამმა ალბომმა Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.
ნახეთ ჰარი სტაილსის ემოციური მიძღვნა: