Cybotron-ის თანადამფუძნებელი და ტექნო მუსიკის ერთ-ერთ დამფუძნებელ მამად მიჩნეული ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა სააგენტო Greensmith Artists-მა პირველ ნოემბერს ინსტაგრამზე გაავრცელა.
Resident Advisor-ის ცნობით, 31 ოქტომბერს, შაბათს, ატკინსი მეხიკოში, სასტუმროს ნომერში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მუსიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გარდაცვლილად გამოაცხადეს.
„მისი ოჯახი ამჟამად უკიდურესად რთულ მდგომარეობაში იმყოფება და გთხოვთ, პატივი სცეთ მათ პირად სივრცეს,” – განუცხადა „ბილბორდს” Greensmith Artists-ის დამფუძნებელმა დრაგან გრინსმითმა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ხუან ატკინსი 1962 წელს დეტროიტში დაიბადა და მეზობელ ქალაქ ბელვილში გაიზარდა. იქ შეხვდა თანაკურსელებს, დერიკ მეისა და კევინ სანდერსონს, რომლებთან ერთადაც მოგვიანებით Belleville Three-ს წევრი გახდა. ტექნოს არქიტექტორებად წოდებულმა ტრიომ 1980-იან წლებში დეტროიტი ელექტრონული მუსიკის მსოფლიო ცენტრად აქცია.
1980 წელს ატკინსმა, პროდიუსერ რიკ დევისთან ერთად, ელექტრონული მუსიკის ჯგუფი Cybotron დააარსა. 1983 წელს დუეტმა გავლენიანი სადებიუტო ალბომი Enter გამოსცა, რომელშიც შევიდა ჟანრის განმსაზღვრელი კომპოზიცია Clear. მუსიკოსების გზები 1985 წელს გაიყარა.
Clear „ბილბორდის” ყველა დროის 100 საცეკვაო სიმღერის რეიტინგში 77-ე პოზიციით შევიდა. Cybotron-ის დაშლის შემდეგ, 1985 წელს, ატკინსმა საკუთარი ლეიბლი Metroplex დააარსა და Model 500-ის სახელით დაიწყო მუსიკის გამოშვება
ამ ფსევდონიმით გამოცემულმა მისმა პირველმა სინგლმა No UFO’s დეტროიტის ახლადჩამოყალიბებული ტექნო ჟღერადობა ბრიტანულ აუდიტორიას გააცნო, რითაც საფუძველი შეუქმნა 1988 წლის საკულტო კრებულს Techno! The New Dance Sound of Detroit, რომელშიც ატკინსის კომპოზიცია Techno Music-იც შევიდა.
მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ატკინსი მუსიკას სხვადასხვა ფსევდონიმით გამოსცემდა, მათ შორის Infiniti-ს, Audio Tech-ისა და საკუთარი სახელით. ის თანამშრომლობდა გერმანელ პროდიუსერ მორიც ფონ ოსვალდთან პროექტ Borderland-ში, მოგვიანებით კი კვლავ გაერთიანდა დერიკ მეისა და კევინ სანდერსონთან, როგორც Belleville Three. 2010-იან წლებში ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთად მართავდნენ კონცერტებს.
„დღეს გულსატკენი ამბავი გავიგე. ჩემი ძმა ხუან ატკინსი გარდაიცვალა“, – დაწერა სანდერსონმა ინსტაგრამზე. „ხუანი ტექნოს ფუძემდებელი იყო, ნამდვილი ხედვის მქონე ადამიანი, რომელმაც კარი გაუღო უამრავ ჩვენგანს, მათ შორის მეც. არასდროს დამავიწყდება, როგორ მაჩვენა გზა ჩემი პირველი ჩანაწერის, Triangle of Love-ის დასასრულებლად. მაშინ ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და დღესაც ასეა“.
„ჩვენ ერთად გავიარეთ გზა, რომელმაც მუსიკა სამუდამოდ შეცვალა. ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები მეგობრობისთვის, მხარდაჭერისა და ყველაფრისთვის, რაც მან სცენას შესძინა.”