ფილ კოლინზმა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეკრებილ პუბლიკას მიმართა: „ჩემზე ჯერ ყველაფერი არ გსმენიათ“

ფილ კოლინზი სცენაზე სიტყვით გამოდის 2026 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიაზე, 14 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater.
ფილ კოლინზი სცენაზე სიტყვით გამოდის 2026 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიაზე, 14 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater.

14 ნოემბერს ფილ კოლინზი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში სოლო არტისტის სტატუსით წარადგინეს. სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას კი მუსიკოსმა აღნიშნა, რომ ის სცენიდან წასვლას ჯერ არ აპირებს.

„ჩემზე ჯერ ყველაფერი არ გსმენიათ, ამას გპირდებით“. – განაცხადა კოლინზმა ლოს-ანჯელესში, Peacock Theater-ში გამართულ ცერემონიაზე. 

ეს აღიარება კოლინზისთვის დიდების დარბაზში მეორე ტიტულია. პირველად ის 2010 წელს ჯგუფ Genesis-ის წევრის სტატუსით შეიყვანეს, რითაც იმ მცირერიცხოვან მუსიკოსებს შორის აღმოჩნდა, რომლებსაც ეს პატივი მეორედ ერგოთ.

ფილ კოლინზი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში Blink-182-ის დრამერმა ტრევის ბარკერმა წარადგინა და ხაზი გაუსვა მისი, როგორც დრამერის უდიდეს გავლენას. „მახსოვს, როცა ეს დრამის პარტია პირველად მოვისმინე, სრულიად აღფრთოვანებული დავრჩი“, – აღნიშნა ტრევის ბარკერმა სიმღერაზე In the Air Tonight საუბრისას. „ამ ხმამ ყველაფერი შეცვალა. მან 80-იანი წლების დრამის ჟღერადობა განსაზღვრა, ფილის გავლენა დღესაც იგრძნობა.“

ტრევის ბარკერმა ასევე ხაზი გაუსვა კოლინზის წარმატებას როგორც Genesis-ში, ისე მის სოლო კარიერაში: „ის ორივეგან უბრალოდ წარმატებული კი არ იყო, ორივე მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ“.

კოლინზს ცერემონიაზე არ უმღერია. მან მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა, რომ სცენაზე გამოსვლის შეთავაზებაზე უარი თქვა, რადგან სათანადო ფორმაში არ იყო, თუმცა სცენაზე დაბრუნების შესაძლებლობა არ გამოურიცხავს. მის ნაცვლად სიმღერა In the Air Tonight სინთია ერივომ შეასრულა, დრამზე კი ტრევის ბარკერი უკრავდა. 

სიტყვით გამოსვლისას კოლინზმა აღნიშნა, რომ საღამოს განმავლობაში სხვა, უფრო დახვეწილი გამოსვლების მოსმენის შემდეგ თავს მოუმზადებლად გრძნობდა. აუდიტორიას კი იუმორით მიმართა: „სინამდვილეში, ისე ცუდად არ გამოვიყურები, როგორც ერთი შეხედვით ჩანს“. მუსიკოსის თქმით, კარიერის დასაწყისში მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა: „ბავშვობიდან დრამზე დაკვრა მინდოდა. დანარჩენი ყველაფერი კი იღბლიანი შემთხვევითობა აღმოჩნდა“.

კოლინზმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თავის ასისტენტს, რომელსაც, მისი თქმით, სიცოცხლეს უნდა უმადლოდეს. მუსიკოსმა მისი ვინაობაც საჯაროდ დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ ასისტენტს ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. „არ ვხუმრობ, როცა ვამბობ, რომ მის გარეშე ახლა აქ არ ვიქნებოდი. მიწაში ვიქნებოდი“, – განაცხადა მან. კოლინზის თქმით, ასისტენტმა აუხსნა, რომ მისი იმდროინდელი ქცევა ჯანმრთელობისთვის საზიანო იყო და ურჩია, როგორ ემოქმედა. „ახლა უკვე ჯანმრთელი ადამიანი ვარ“, – დასძინა მუსიკოსმა. 

კოლინზმა მადლობა გადაუხადა თავის მენეჯერს – ტონი სმიტს, Atlantic Records-ის დამფუძნებლებს – აჰმეტ და ნესუჰი ერტეგუნებს, ასევე Virgin Records-ის დამფუძნებელს, რიჩარდ ბრენსონს.  „მათ  მფარველობა გამიწიეს და ჩემში დაინახეს რაღაც ისეთი, რისი განვითარებაც ღირდა“. – აღნიშნა ფილ კოლინზმა.

მუსიკოსმა მადლობა ყოფილ სამივე მეუღლესაც გადაუხადა: „მადლობა მათ იმისთვის, რომ წლების განმავლობაში ვუყვარდი და ხუთი არაჩვეულებრივი შვილი მაჩუქეს“. ცერემონიას კოლინზთან ერთად მისი ქალიშვილი, მსახიობი ლილი კოლინზიც ესწრებოდა. 

კოლინზმა გამოსვლა იმ მუსიკოსების დასახელებით დაასრულა, რომლებთან ერთადაც უკრავდა, მათ შორის ერიკ კლეპტონი და რობერტ პლანტი გამოარჩია. „ეს ადამიანები ჩემთვის ნამდვილი გმირები იყვნენ“, – აღნიშნა მან. 

დიდების დარბაზში შეყვანას წინ უძღოდა წლების განმავლობაში არსებული ჯანმრთელობის პრობლემები, რომელთა გამოც 75 წლის მუსიკოსს კარიერის გაგრძელება გაუძნელდა. 2007 წელს მიღებულმა ხერხემლის ტრავმამ ნერვული დაზიანება გამოიწვია, რის შედეგადაც კოლინზმა დრამის ჯოხის ხელში დაჭერის უნარი დაკარგა. მოგვიანებით მას მუხლის რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და დღემდე გადაადგილებასთან დაკავშირებულ სირთულეებს ებრძვის.

Genesis-ის 2021–2022 წლების გამოსამშვიდობებელი ტურნეს დროს დრამზე მისი ვაჟი, ნიკ კოლინზი უკრავდა, თავად ფილ კოლინზი კი სიმღერებს სცენაზე მჯდომარე ასრულებდა. იანვარში, BBC-სთან საუბრისას მუსიკოსმა აღნიშნა, რომ ამჟამად  მას 24 საათიანი მომვლელი მედდა ჰყავს.

სოლო არტისტის რანგში კოლინზს Billboard Hot 100-ის ჩარტში შვიდი ნომერ პირველი ჰიტი აქვს, მათ შორის: Against All Odds (Take a Look at Me Now), Sussudio, One More Night და Another Day in Paradise. მისი ალბომები No Jacket Required და …But Seriously კი Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოექცა. 

2026 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიის სატელევიზიო ტრანსლაცია 8 დეკემბერს, ABC-ის ეთერში გავა. მომდევნო დღიდან კი მისი ნახვა Disney+-ზეც იქნება შესაძლებელი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Red Bull Turn It Up-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს სახელით Noki წარდგება ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Red Bull Turn It Up-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს სახელით DJ noki წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი
Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით - BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი