ცნობილი ამერიკელი რეპერი და პოპ პანკ შემსრულებელი Machine Gun Kelly მომღერალ blackbear-თან თანამშრომლობით ჩაწერილ კომპოზიციაზე make Up Sex გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ტრეკი ქელის ალბომში Mainstream Sellout შედის, რომელიც გაყიდვაში 25 მარტს ჩაეშვა.
• მოუსმინეთ: Machine Gun Kelly პოპ პანკ ალბომს Mainstream Sellout ავრცელებს
Make Up Sex-ის ფერადი ვიდეო მეშინ გან ქელის ალბომის Mainstream Sellout პრომოუშენის ფარგლებში გამოქვეყნდა. სტუდიური ჩანაწერი არტისტის 2020 წლის პოპ პანკ ნამუშევრის Tickets to My Downfall გაგრძელებაა, რომელმაც მაშინ Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ქელიმ და ბლექბეარმა კოლაბორაციული სიმღერა ჯიმი კიმელის შოუშიც შეასრულეს.
კოლსონ ბეიკერი, ფსევდონიმით Machine Gun Kelly, შტატ ოჰაიოს ქალაქ კლივლენდში მცხოვრები რეპერი, მომღერალი და მსახიობია. არტისტი ფართო საზოგადოებამ 2010 წელს გაიცნო, როდესაც საკუთარი სახსრებით მიქსტეიპი Lace Up გამოუშვა. ორი წლის შემდეგ გაყიდვაში ამავე სახელწოდების ალბომი ჩაეშვა, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში მეოთხე ადგილი დაიმსახურა. ქელის მოღვაწეობის განმავლობაში 6 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. პირველი ოთხი ჰიპ ჰოპ ნამუშევარია, ორი Tickets to My Downfall და Mainstream Sellout კი პოპ პანკი, რომლებზეც დრამერ ტრევის ბარკერთან ერთად იმუშავა.
არტისტის კარიერის ყველაზე გახმაურებული მომენტი ეპოქალურ კოლეგასთან, ემინემთან დაპირისპირებას უკავშირდება. ამ უკანასკნელმა თავის 2018 წლის ტრეკში Not Alike მეშინ გან ქელის საკუთარ შვილზე, ჰეილიზე საუბარი აუკრძალა. 2012 წელს ქელიმ გოგონას “ძალიან სექსუალური” (Hot as fu*k) უწოდა, რამაც, როგორც ჩანს, რეპერი გაანაწყენა. კოლსონი ემინემს დის-კომპოზიციით Rap Devil გამოეხმაურა, პასუხად კი ჰიტი Killshot მიიღო.