პოლ მაკკარტნის ბავშვობის სახლში ახალბედა არტისტები სიმღერებს ჩაწერენ

ფოტო: Bettmann Archive/GI

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, პოლ მაკკარტნის ბავშვობის სახლი ლივერპულში იმ ახალბედა არტისტებს უმასპინძლებს, რომლებსაც ლეიბლებთან კონტრაქტები ჯერ არ აქვთ გაფორმებული. ამის შესახებ ინფორმაციას შენობის მფლობელი ორგანიზაცია, ბუნების ძეგლებისა და ისტორიული ადგილების ეროვნული ფონდი ავრცელებს. მუსიკოსები შეძლებენ, ესტუმრონ, დაწერონ და შეასრულონ თავიანთი კომპოზიციები ფორთლინ როუდის 20 ნომერში, სწორედ იქ, სადაც 30-მდე მსოფლიო ჰიტი შეიქმნა, მათ შორის: Love Me Do, I Saw Her Standing There, Hold Me Tight, I’ll Follow The Sun და When I’m 64. აგრეთვე პოლის პირველი სიმღერა I Lost My Little Girl. 

“Beatles-ის შემოქმედებამ ახალ თაობებს შთააგონა, რომ იყვნენ კრეატიულები, იმის მიუხედავად, ვინ არიან, ან სად იმყოფებიან. კოლექტივის ბევრი კომპოზიცია სწორედ ამ შენობაში შეიქმნა. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიზრუნოთ “ბითლზის” წევრების ბავშვობის სახლების მოვლასა და მათთან დაკავშირებული ისტორიების გამოყენებაზე ბენდის მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. ეს ისტორიული ადგილები დროში არ უნდა დაიკარგონ. მათ ბიძგი უნდა მისცენ კრეატიულობას, ოცნებების ასრულებასა და ახალი იდეების დაბადებას”, – განაცხადა ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ჰილარი მაკგარდიმ.

ახალბედა მუსიკოსები, რომლებსაც პროექტში მონაწილეობის იშვიათი შესაძლებლობა მიეცემათ, პოლ მაკკარტნის უმცროს ძმასთან, ფოტოგრაფ მაიკ მაკკარტნისთან, ჟურნალისტ პიტ პაპჰაიდსთან და ლივერპულის საშემსრულებლო ხელოვნების ინსტიტუტთან იმუშავებენ. აპლიკანტები მინიმუმ 18 წლის უნდა იყვნენ და დიდ ბრიტანეთში მოღვაწეობდნენ. მათი სესიები ჩაიწერება და გლობალური აუდიტორიისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

“ივნისში პოლ მაკკარტნის 80 წელი შეუსრულდება, ოქტომბერში კი სადებიუტო სინგლი Love Me Do 60 წლის გახდება. სწორედ ამიტომ ჩვენი საქველმოქმედო პროექტი მხარს დაუჭერს ახალი თაობის ტალანტებს და მათ ფართო აუდიტორიაზე გაიყვანს”, – ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

მაკკარტნების ოჯახი ფორთლინ როუდზე მდებარე სახლში 1955 წელს გადავიდა. ერთ წელიწადში პოლის დედა, მერი გარდაიცვალა, რის შემდეგაც მამას, ჯიმ მაკკარტნის 14 წლის პოლისა და 12 წლის მაიკის გაზრდა მარტოს მოუხდა.
“ჩვეულებრივი სახლი იყო. სკოლის მოსწავლეები ვიყავით. მუსიკის ხმა ჩვენი სახლიდან არ გადიოდა. შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ არავინ ფიქრობდა შოუბიზნესა და ფოტოგრაფიაზე”, – აღნიშნა მაიკ მაკკარტნიმ.

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი The Beatles ქალაქ ლივერპულში 1960 წელს შეიქმნა. ბენდმა სადებიუტო სინგლი Love Me Do 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი Please Please Me გაავრცელა. 600 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით “ბითლზი” მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო.

1970 წელს კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი Let It Be გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. პოლ მაკკარტნიმ ცოლთან, ლინდასთან ერთად ბენდი Wings შექმნა, პარალელურად კი სოლო კარიერაც დაიწყო. არტისტს 18 ალბომი აქვს გამოშვებული. მათ შორის უკანასკნელი McCartney III მუსიკოსმა 2020 წელს გამოსცა.

 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონი ჰიტს Dancing in the Street ასრულებს

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: Pusha T და Jay-Z ტრეკს Neck and Wrist ავრცელებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი