მამაკაცს, რომელიც მაკ მილერს ნარკოტიკით ამარაგებდა, 11 წელი მიუსაჯეს

ფოტო: Carl Timpone/BFA/REX/Shutterstock

მამაკაცს, რომელიც ამერიკელ ჰიპ ჰოპ არტისტ მაკ მილერს ფენტანილის შემცველი აბებით ამარაგებდა, ლოს ანჯელესის ფედერალურმა სასამართლომ 10 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ოტის დი ვრაითმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 6 თვის წინ 39 წლის რაიან მაიკლ რევისმა პროკურორებთან შეთანხმების საფუძველზე ფენტანილის გავრცელებასთან დაკავშირებული ერთი ბრალდება აღიარა.

როგორც მსჯავრდებულმა განაცხადა, სწორედ ის ახდენდა ყალბი ოქსიკოდონის აბების რეალიზაციას ნარკომოვაჭრეზე, რომელმაც მაკ მილერს ნარკოტიკი მიჰყიდა. პროკორორები რევისისთვის 12 წლისა და 7 თვის შეფარდებას მოითხოვდნენ, ადვოკატები კი მხოლოდ 5 წელს.

მაკ მილერი კალიფორნიაში, სან ფერნანდო ველიში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი 2018 წლის 7 სექტემბერს იპოვეს. ექსპერტიზის თანახმად, რეპერი ფენტანილის, კოკაინისა და ალკოჰოლის ზედოზირებით გარდაიცვალა.

“ძალიან გახშირებულია შემთხვევები, როდესაც ნარკოდილერები ყიდიან ფენტანილით დამზადებულ ყალბ ფარმაცევტულ საშუალებებს. ფენტანილი დღეს პირველი მიზეზია, რის გამოც ამერიკაში ზედოზირებით გარდაცვალება ხდება”, – აღნიშნა პროკურორმა, ნიკ ჰანამ ამავე წლის ოქტომბერში.

რაიან მაიკლ რევისი არაა ერთადერთი ადამიანი, რომელიც მაკ მილერის გარდაცვალებასთან დაკავშირებითაა დაპატიმრებული. 2019 წელს კამერონ ჰეიმს პეტიტი დააკავეს, რომელმაც მუსიკოსს ფენტანილში ამოვლებული ყალბი ოქსიკოდონის აბები მიჰყიდა. მესამე პირი კი გახლავთ სტივენ ვოლტერი, რომელიც პეტიტს ლეტალური ოქსიკოდონით ამარაგებდა.

პიტსბურგელმა მალკოლმ მაკკორმიკმა, ფსევდონიმით Mac Miller, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. მისი დისკოგრაფია 6 სტუდიურ ალბომს მოიცავს. მათ შორის კომერციულად ყველაზე წარმატებული პირველი, Blue Slide Park გახლავთ, რომელიც Billboard 200-ის სათავეში მოექცა. ეს მიღწევა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან მაკ მილერმა სტუდიური ჩანაწერი დამოუკიდებლად, ლეიბლის გარეშე გაავრცელა. ლეგენდარული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Tha Dogg Pound 1995 წლის ალბომის Dogg Food შემდეგ, მალკოლმი პირველი რეპერი იყო, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო. არტისტის 2018 წლის ნამუშევარმა Swimming გრემის წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის ნომინაცია დაიმსახურა. იმავე წლის 7 სექტემბერს მალკოლმი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზი კი ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირება გახდა. 2020 წელს შემსრულებლის წარმომადგენლებმა გაყიდვაში მისი ბოლო ალბომი Circles ჩაუშვეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: როგორ დააცენზურეს ჩინეთში Megan Thee Stallion-ის პერფორმანსი

შემდეგი სტატია

ნახეთ: Lil Nas X ანიმაციურ სერიალში The Proud Family: Louder and Prouder

შეიძლება დაგაინტერესოთ

კანიე უესტს ყოფილმა თანამშრომლებმა დისკრიმინაციისა და შევიწროების ბრალდებით უჩივლეს

არასრულწლოვანი მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მათ პორნოგრაფიულ მასალასთან შეხება უწევდათ.
მეტი