2022 წლის ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოება 15 მაისს ჩატარდება. ტელეკომპანია NBC-მ იმ მუსიკოსთა ნაწილი დაასახელა, რომლებიც ღონისძიებაზე პერფორმანსს გამართავენ. ლას ვეგასში MGM Grand Garden Arena-ს სცენას რეპერი Megan Thee Stallion, როკ ბენდი Red Hot Chili Peppers, ჰიპ ჰოპ არტისტი Latto, ნიგერიელი მომღერალი Burna Boy და პუერტორიკოელი მუსიკოსი Rauw Alejandro დაიკავებენ.
• ნახეთ: ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოების ნომინაციები
მეგანი და ლატო, რომლებიც საუკეთესო ქალი რეპერის ნომინაციაშიც არიან წარდგენილი ქარდი ბისთან ერთად, ცერემონიაზე პერფორმანსს პირველად გამართავენ. Red Hot Chili Peppers კი ბილბორდის დაჯილდოების სცენას 23-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდება. აღსანიშნავია, რომ კოლექტივის ბოლო ალბომი Unlimited Love გასულ კვირას ჩარტის Billboard 200 სათავეში მოხვდა. ღონისძიებაზე პირველად იმღერებენ ბურნა ბოი და როუ ალეხანდროც.
როგორც გასულ კვირას დაანონსდა, წელს Icon Award არენბი შემსრულებელ მერი ჯეი ბლაიჯს გადაეცემა. წარსულში ეს პრესტიჟული ჯილდო ერგოთ ფინქს, მერაია ქერის, შერს, სელინ დიონს, ჯენეტ ჯექსონს, გართ ბრუქს და სხვებს.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ წაიყვანს ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოების წლევანდელ ცერემონიას და რომელ არტისტს გადაეცემა სპეციალური ჯილდო Change Maker Award სოციალურ და სამოქალაქო აქტივიზმში შეტანილი წვლილისთვის.
ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოებაზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან ფიზიკურ და ციფრულ ფორმატში ალბომებისა და ჩანაწერების გაყიდვების, სტრიმინგის, რადიოში გაჟღერების და სოციალურ ქსელებში ინტერაქციის მიხედვით, რასაც ბილბორდი და მისი პარტნიორები, მათ შორის Luminate (ყოფილი MRC Data) დაითვლის.