ვიდეოპლატფორმა “ნეტფლიქსზე” 14 ივნისს მომღერალ ჯენიფერ ლოპესზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის Halftime პრემიერა შედგება. მანამდე კი თრეილერი გავრცელდა, რომელიც 2020 წლის Super Bowl-ის შოუს რეპეტიციების კადრებით იწყება.
თრეილერში მომღერლის შეყვარებული, მსახიობი ბენ აფლეკიც ჩნდება, რომელიც ლოპესის მიმართ ტაბლოიდების დაუნდობლობაზე საუბრობს. “ერთხელ მას ვკითხე, ეს არ გაწუხებს-მეთქი? მიპასუხა, ამ ყველაფერს ველოდიო”.
დოკუმენტური ფილმის საჯარო პრემიერა 8 ივნისს მანჰეტენზე, იუნაითედ ფალასში გამართულ Tribeca Festival-ზე შედგება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ლოპესისა და კოლუმბიელ მომღერალ მალუმას მონაწილეობით რომანტიკული კომედია Marry Me ჩაეშვა კინოგაქირავებაში. მუსიკოსებმა სურათისთვის საუნდტრეკებიც ჩაწერეს, მათ შორის დუეტები: Pa Ti და Lonely.
მსახიობმა და მომღერალმა, ჯენიფერ ლოპესმა სადებიუტო სტუდიური ალბომი “On the 6” 1997 წელს გამოუშვა, თუმცა განსაკუთრებული წარმატება მის ნამუშევარს J to tha L–O! The Remixes ხვდა წილად. ის ისტორიაში პირველი რემიქს ალბომი გახდა, რომელიც Billboard 200-ის სათავეში მოექცა. ჯეილოს კარიერის განმავლობაში 70 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემამ Time ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა.