1969 წელს გამოშვებული საკულტო გიტარა Fender Mustang, რომელიც Nirvana-ს სოლისტ კურტ კობეინს 1991 წლის კლიპში Smells Like Teen Spirit უჭირავს, “ჯულიენის” აუქციონზე 4,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. მანამდე ვარაუდობდნენ, რომ ცაციებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტი 600 000 დოლარად გასხვისდებოდა.
ინსტრუმენტი კოლექციონერმა ჯიმ ირსეიმ შეიძინა, რომელიც ასევე ამერიკული საფეხბურთო კლუბის Indianapolis Colts მფლობელია. მან პირობა დადო, რომ შემოსავლების ნაწილს თავის მიერ დაფუძნებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე მომუშავე ორგანიზაციას Kicking the Stigma გადასცემს. კობეინის ოჯახმა ასევე განაცხადა, რომ მიღებული თანხის ნაწილს ირსეის ხსენებულ ორგანიზაციას გადაურიცხავს.
“ჯულიენის” აუქციონის აღმასრულებელმა დირექტორმა, ინდიანელმა დერენ ჯულიენმა კი აღნიშნა, რომ მის მშობლიურ შტატში კულტურული მნიშვნელობის ინსტრუმენტების დაცვა პირადად მისთვის დიდი პატივია. “ეს იყო გამორჩეული აუქციონი, რომელმაც ჩემს კარიერას დიდი უპირატესობა შესძინა. მოხარული ვარ, რომ თანხა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასაც მოხმარდება”.
ორგანიზაციამ Irsay Collection კი განაცხადა, რომ კობეინის გიტარა და მათ მფლობელობაში არსებული სხვა ინსტრუმენტები, რომლებზეც უკრავდნენ ბობ დილანი, პრინსი, ელტონ ჯონი, ჯერი გარსია, ლეს პოლი, ჯიმი ჰენდრიქსი, “ბითლზის” წევრები და სხვები – 3 ივნისს ნიუ იორკში, მანჰეტენზე, Hammerstein Ballroom-ში გამოიფინება.
კურტ კობეინმა Guitar World-თან უკანასკნელ ინტერვიუში აღნიშნა, რომ Smells Like Teen Spirit-ის ვიდეორგოლში გამოყენებული გიტარა მისი ერთ-ერთი ფავორიტი ინსტრუმენტი იყო.
აუქციონზე ასევე გაიყიდა კობეინის ავტომობილი, 1965 წლის Dodge Dart 170 ($375,000), მის მიერ დახატული მაიკლ ჯექსონის სურათი ($87,500), კურტის სკეიდბორდი ($35,200) და სხვა.
კურტ კობეინმა მუსიკალური კარიერა 1982 წელს დაიწყო, ჯგუფი Nirvana კი 1987 წელს ჩამოაყალიბა. კოლექტივს მსოფლიო აღიარება 1991 წლის ალბომმა Nevermind და მასში შესულმა სინგლმა Smells Like Teen Spirit მოუტანა. 1994 წლის 5 აპრილს დეპრესიაში მყოფმა არტისტმა საკუთარ სახლში მოიკლა თავი, რის შემდეგაც “ნირვანას” მოღვაწეობა აღარ გაუგრძელებია.
გრანჟის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბენდმა არსებობის განმავლობაში მხოლოდ 3 სტუდიური ნამუშევრის გამოშვება მოასწრო, მსოფლიო მასშტაბით კი 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 2014 წელს გრემის მფლობელი კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.