როკ-ენ-როლის ვარსკვლავის, ელვის პრესლის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის Elvis გამოშვებამდე სამი კვირა დარჩა. მანამდე კი მუსიკოსმა დოჟა ქეთმა კინოსურათის ერთ-ერთი საუნდტრეკი Vegas გაავრცელა, რომელშიც Big Mama Thornton-ის 1952 წლის კომპოზიციიდან Hound Dog სემპლია გამოყენებული. დოჟამ სიმღერა პირველად მიმდინარე წლის აპრილში ფესტივალ “კოაჩელას” სცენაზე შეასრულა.
ფილმის საუნდტრეკებზე აგრეთვე იმუშავეს ისეთმა არტისტებმა, როგორებიც არიან: კეისი მასგრეივსი, ემინემი და სილო გრინი, სტივი ნიქსი, ჯეკ უაითი, თეიმ იმპალა, ჟაზმინ სულივანი, გარი კლარკ ჯუნიორი და სხვები.
ბიოგრაფიულ ფილმში ელვის პრესლის როლს მსახიობი ოსტინ ბატლერი ასრულებს. სურათი კინოგაქირავებაში 24 ივნისს ჩაეშვება.
ლოს ანჯელესელმა ამალა დლამინიმ, ფსევდონიმით Doja Cat, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო, როდესაც სადებიუტო EP სახელწოდებით Purrr! გამოუშვა. მისთვის წარმატების მომტანი რიგით მეორე სტუდიური ალბომი Hot Pink გამოდგა, რომელიც Billboard 200-ის ჩარტის ათეულში მოხვდა. ნამუშევარში ნიკი მინაჟთან ერთად ჩაწერილი ჰიტი Say So იყო წარმოდგენილი, რომელიც, თავის მხრივ, ცხელი ასეულის სათავეში მოექცა. გრემის მფლობელი დოჟას მესამე ჩანაწერი Planet Her კი Billboard 200-ის ჩარტის მეორე პოზიციაზე ზედიზედ სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. არტისტის შემოქმედება არენბის, ჰიპ ჰოპისა და პოპის სინთეზია.