ლეგენდარულ ინგლისურ როკ ბენდს The Rolling Stones ამსტერდამში, იოჰან კრუიფის არენაზე დაგეგმილი შოუს გაუქმება მას შემდეგ მოუწია, რაც ფრონტმენ მიკ ჯაგერს COVID-19 დაუდასტურდა. როგორც ჯგუფმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, მუსიკოსმა ანალიზის გაკეთება სიმპტომების გამოვლენის გამო გადაწყვიტა. უცნობია ინფორმაცია ბენდის სხვა წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
View this post on Instagram
“როლინგ სთოუნსი” მეექვსე ათწლეული მოღვაწეობის აღსანიშნავად ტურნეს Sixty მართავს, რომელიც მადრიდში 1 ივნისს დაიწყო და მიუნხენში, ლივერპულში, ამსტერდამში, ლონდონში, ვენასა და პარიზში გაგრძელდება. შემაჯამებელი კონცერტი 31 ივლისს სტოკჰოლმში ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ ბენდი დრამერ ჩარლი ვატსის გარდაცვალების შემდეგ ამჟამად პირველ შოუებს მართავს. ვატსი სტივ ჯორდანმა შეცვალა.
საკულტო ჯგუფი “როლინგ სთოუნზი” ლონდონში 1962 წელს შეიქმნა და დღემდე 25 სტუდიური ალბომი გამოუშვა. მათ შორის ბოლო ჩანაწერი Blue & Lonesome 2016 წელს გამოიცა. კოლექტივი 1989 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. სხვადასხვა გამოცემამ მუსიკოსები არაერთხელ დაასახელა ყველა დროის საუკეთესო არტისტებისა თუ ჯგუფების ათეულში. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენდის მიერ 2005-07 წლებში გამართული ტურნე, შემოსავლების ჯამური რაოდენობით, ისტორიაში მეორე ადგილს იკავებს. Bigger Bang Tour-მა კოლექტივს 523 მილიონზე მეტი დოლარი მოუტანა.