28 წლის ცნობილმა ინგლისელმა პოპვარსკვლავმა, ჰარი სტაილზმა იუთუბის იაპონურ არხზე The First Take სტუმრობისას თავისი ახალი ალბომიდან Harry’s House ტრეკი Boyfriends შეასრულა. არტისტმა კომპოზიცია ორი გიტარისტისა და ამდენივე ბექვოკალისტის თანხლებით იმღერა.
• მოუსმინეთ: ჰარი სტაილზი ახალ ალბომს Harry’s House ავრცელებს
მუსიკოსი იმ დასავლელ არტისტთა მცირე ჩამონათვალს შორისაა, რომლებმაც The First Take-ში მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ პროექტში შემსრულებლები შეუჩერებლად მღერიან და მათი ნამღერი არ მონტაჟდება.
მუსიკოსი ფართო საზოგადოებამ 2010 წელს ბოიბენდში One Direction მოღვაწეობით გაიცნო. 2017 წელს მან სადებიუტო სტუდიური ალბომი Harry Styles გამოუშვა, რომელსაც Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი ერგო. 2019 წელს იგივე შედეგი ჰარის მეორე ნამუშევარმა Fine Line გაიმეორა. 2021 წელს არტისტმა სიმღერით Watermelon Sugar გრემიზე საუკეთესო პოპ სოლო შესრულების ნომინაციაში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სტაილზი პირველი მამაკაცია, რომელიც ჟურნალ Vogue-ის ყდაზე მარტო დაბეჭდეს.