“დღეს მოქმედ მხოლოდ ერთ ტენორს აქვს ის თაფლივით ხმა და ისეთი მომხიბვლელი სტილი, რომ შეგვიძლია პავაროტის და ჯილის შევადაროთ.” – New Yorker
“კოვენტ-გარდენს საკუთარი ელექტროენერგიის გამომუშავება თუ მოუნდება, უბრალოდ სადენები უნდა მიუერთოს მას. Მის ხმას ათასობით ნათურის ანთება შეუძლია.” – Independent
ეს ადამიანი ჯოზეფ კალეიაა – ოპერის მომღერალი მალტიდან, რომელიც დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ტენორია. Მის სავიზიტო როლებად მიიჩნევა კარავადოსის პარტია პუჩინის ოპერაში “ტოსკა” და რუდოლფოს პარტია ოპერაში “ბოჰემა”. თუმცა კალეია ასევე ასრულებს ისეთ როლებს, როგორებიცაა დონ ხოსე ოპერაში “კარმენი”, ალფრედო “ტრავიატაში” და მღერის ისეთ სცენებზე, როგორებიცაა პარიზისა და ბერლინის ოპერები, მეტროპოლიტენ ოპერა, კოვენტ-გარდენი.
ალფრედოს პარტიამ “ტრავიატაში” კალეიას პირველი გრემის ნომინაცია მოუტანა. 2014 წელს კი ტენორის დებიუტი ჰოლივუდშიც შედგა. მან ხოაკინ ფენიქსთან და მარიონ კოტიართან ერთად ითამაშა ფილმში The Immigrant, სადაც კალეია ლეგენდარული ენრიკო კარუზოს როლს ასრულებს.
Მალტის ოქროს ხმა და თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ტენორი 7 ოქტომბერს გალა კონცერტს თბილისში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გამართავს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ქართველი მეცოსოპრანო ირინა შერაზადიშვილიც. დაუკრავს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი. დირიჟორი – სერგეი სმბატიანი.
Საღამოზე შესრულდება ჯუზეპე ვერდის, ჯაკომო პუჩინის, ჟიულ მასნეს, კამილ სენ-სანსის, ფრანჩესკო ჩილეას, რუჯერო ლეონკავალოს, ალექსეი შორის, პაბლო სოროზაბალისა და ლუიჯი კატალანის ნაწარმოებები.