ჯუდითს ძლიერი ვოკალის მქონე ვარსკვლავს უწოდებენ. მას მუსიკალურ სფეროში, შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრების გამოცდილება აქვს. მისი დედა – მიჩიკო ჰილი, იაპონელი პიანისტია, ხოლო მამა – რობერტი ლიი, აფროამერიკელი გიტარისტი. ჯუდითი პატარა ასაკიდანვე ფორტეპიანოს სწავლობდა და გიტარაზე საოცრად უკრავს. მისი ბენდის წევრები კი, სწორედ მისი მშობლები არიან, მათი სცენაზე ერთად ხილვა მსმენელს საოცარი ენერგიით მუხტავს და ემოციებით ავსებს.
„ჩემი ცხოვრება მუსიკის გარეშე ვერც კი წარმომიდგენია, მუსიკა ხომ ადამიანის ცხოვრების უზარმაზარი ნაწილია. ჩემთვის, ეს ჩემი ენაა, რომლის საშუალებითაც ვამყარებ კომუნიკაციას ხალხთან, გამოვხატავ ჩემს თავს. მუსიკა ერთგვარი ბრძოლის იარაღია. ჩემი შთაგონების წყარო და გრძნობების და ემოციების გადმოცემის ჩემი ინსტრუმენტი. სამყაროში უამრავი რამ არსებობს, სადაც მუსიკა დიდ როლს ასრულებს.“– ამბობს ჯუდით ჰილი ბილბორდ საქართველოსთან საუბრისას.
მომღერალს ნამუშევარი აქვს ისეთ ნიჭიერ და საქვეყნოდ აღიარებულ შემსრულებლებთან როგორებიც არიან: მაიკლ ჯექსონი სტივი უანდერი, ელტონ ჯონი, პრინსი, რობი უილიამსი, კაროლ კინგი, რინგო სტარი, ჯონ ლეჯენდი.
მისი ყველაზე გამორჩეული დუეტი მაიკლ ჯექსონთან შესრულებული სიმღერაა სახელწოდებით: I Just Can’t Stop Loving You, რომელიც მათ This Is It ტურნეს ფარგლებში უნდა ემღერათ. ტურნე მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების გამო გაუქმდა. შემდეგ ჯუდითმა პირველი სინგლი I Will Always Be Missing You გამოუშვა, რომელიც ჯექსონს მიუძღვნა.
“უამრავი რამ მაკავშირებს უდიდეს არტისტებთან. ისინი იმ პერიოდიდან არიან, როდესაც ისტორიულად მუსიკაში ერთდროულად ძალიან ბევრი არტისტი ლიდერობდა. მათი ლიდერობა იმდენად ძლიერი, დინამიკური და ენერგიული იყო, რომ ეს სხვებსაც შთაგონების წყაროს აძლევდა. მათთან ერთად სცენაზე ყოფნა და ამ ძალის შეგრძნება მეც მაძლიერებდა და ინსპირაციას მაძლევდა. ეს ჩემთვის უდიდესი შესაძლებლობა იყო. ვფიქრობ ნამდვილად ძალიან გამიმართლა და ბედნიერი ვარ ამით.“
ჯუდითმა 2013 წელს ამერიკულ შოუ The Voice-ის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც ოთხივე მწვრთნელის (ადამ ლევინის, შაკირას, ბლეიკ შელტონის და აშერის) მოწონება და ყურადღება დაიმსახურა. ჯუდითი შოუში მიღებულ გამოცდილებას სახალისოს და საინტერესოს უწოდებს.
„Voice-საკმაოდ სახალისო იყო, ბევრი მეგობარი შევიძინე. ეს ხომ სატელევიზიო „რეალითი“ შოუა, სადაც შენ ფორმულირება უნდა გაუკეთო შენ პერსონაჟს. ამ შოუში ყოფნით, საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე. როგორ უნდა წარმოაჩინო შენი ინდივიდუალიზმი. ეს ჩემთვის საინტერესო იყო, რაღაც სოციალურ ექსპერიმენტს ჰგავდა.“
არტისტის თქმით, სხვადასხვა მუსიკოსებთან თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზად არის.
„კონკრეტულად შეიძლება მხედველობაში არავინ მყავდეს, მაგრამ ჩემი დიდი სურვილია, სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებთან ვითანამშრომლო. ძალიან მინდა პროექტები აფრიკაში, შუა აღმოსავლეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში გავაკეთო, რათა იმ ქვეყნის მუსიკოსების გამოცდილებაც გავიზიარო. მუსიკა ხომ ნამდვილი დღესასწაულია.“
მოისმინეთ სიმღერა ჯუდით ჰილის ბოლო ალბომიდან Baby, I’m Hollywood – God Bless The Mechanic