პელეს გარდაცვალებას მთელი მსოფლიოდან სპორტსმენები, მუსიკოსები, პოლიტიკოსები და სხვა უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. მაგრამ ის, ვინც მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, ბრაზილიელი მოდელი, ტელეწამყვანი და მომღერალი შუშაა, რომელთანაც 1980-იან წლებში პელეს რომანი ჰქონდა.
„Შვილებს, შვილიშვილებს, ოჯახის წევრებს და ყველას, ვინც დიკოს (ასე ეძახდა პელეს ოჯახი ბავშვობაში) გვერდით იყვნენ – ჩემი დიდი სიყვარული თქვენ. დაე, მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი კარგ მოგონებებში გადაიზარდოს. ასე ნაკლებად მძიმე იქნება.” – დაწერა ტელეწამყვანმა ინსტაგრამზე.
პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფეხბურთელი სიმსივნეს 2021 წლიდან ებრძოდა. ნოემბერში კი მისი მდგომარეობა დამძიმდა და იგი კლინიკაში გადაიყვანეს.
პელე და შუშა სპორტულ და გასართობ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, მედიის მიერ კი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილვადი წყვილი იყო – მათი რასობრივი და ასაკობრივი სხვაობის გამო.
„და კიდევ, ფული,” – ამბობდა შუშა ერთ-ერთ ინტერვიუში. “მას დიდი სახელი და ბევრი ფული ჰქონდა. Ხალხი ფიქრობდა, რომ მასთან სწორედ ამის გამო ვიყავი.”
პელეს და შუშას ურთიერთობა 1980-იან წლებში დაიწყო, როცა ერთ-ერთი ჟურნალის გარეკანის ფოტოსესიაზე მოხვდნენ. პელეს ოთხ მოდელთან ერთად იღებდნენ. ერთ-ერთი სწორედ შუშა იყო. მაშინ მოდელი 17, ფეხბურთელი კი 40 წლის იყო. Მათი რომანი 7 წელი გაგრძელდა.
„ვფიქრობდი, რომ დროსთან ერთად ნელ-ნელა ხალხი ჩვენზე საუბარს შეწყვეტდა. მაგრამ ასე არ მოხდა,” – ამბობდა ბრაზილიელი ტელეწამყვანი. საბოლოოდ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
პელეს პირველი ქორწინებიდან 3 შვილი ჰყავს. მეორე ქორწინებაში მას ტყუპები შეეძინა. მესამედ კი ოჯახი 2016 წელს შექმნა. იაპონელ-ბრაზილიელი წარმოშობის მარსია აოკი გარდაცვალებამდე პელეს გვერდით იყო.
ნახეთ შუშას ინსტაგრამ პოსტი