Creams – ინტერვიუ ნათია ჭიჭინაძესთან

„ჩემი მუსიკა საკმაოდ ეკლექტურია, მასში პოპის ელემენტებიც არის და ბევრი სხვა ჟანრის მიქსია. როდესაც მუსიკას ვწერ, ეს ყველაფერი იმდენად ორგანულად მოდის, რომ ამაზე არც ვფიქრობ…“
Creams ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
Creams ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართულ  თანამედროვე მუსიკალურ ინდუსტრიაში თავისუფალ, განსხვავებულ, მუსიკალურად მრავალფეროვან და საინტერესო არტისტებს თუ ეძებთ, აუცილებლად გეცოდინებათ ვინ არის Creams. 

Creams – იგივე ნათია ჭიჭინაძე – გამორჩეული ენერგიის და მუხტის მქონე არტისტია. მისი მუსიკა დარქ პოპისა და მსუბუქი ბითების ნაზავია. 

არტისტი ქართულ მუსიკალურ სივრცეში 2019 წელს გამოჩნდა. თუმცა ნათიას სასცენო სახელზე Creams ბევრად ადრე, ბავშვობაში უკვე ნაფიქრი და წარმოდგენილი ჰქონდა.

„სახელი Creams ზუსტად არც მახსოვს საიდან წამოვიდა. სადღაც მეშვიდე კლასში, როცა ვიყავი, თურმე ძალიან ლამაზი ასოებით ბლოკნოტში ჩამიწერია Creams. მინდოდა, რომ ბენდი მყოლოდა. ვიყავი კიდეც ცოტა ხანი ბენდის წევრი. თუმცა, ეს ჩემი დაარსებული ბენდი არ იყო. შესაბამისად სახელის შექმნისას სულ ვფიქრობდი მრავლობითში დამერქვა რამე. თვითონ Creams – რაღაც უფრო ბენდთან ასოცირდება, მაგრამ მერე, როდის, როგორ და რატომ დავირქვი ეს სახელი მართლა აღარ მახსოვს. მე მგონი, რამე ისტორია რომ მოვიგონო, ამასთან დაკავშირებით კარგი იქნება.” 

Creams ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ალბათ ყველას გვქონია ის გარდამტეხი მომენტი თინეიჯერობის ასაკში, რასაც შენი მსოფლმხედველობა და იდეოლოგია შეუცვლია. განსაკუთრებულ როლს და მნიშვნელობას ამ მომენტში სწორედ მუსიკა ასრულებს, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის შენს გემოვნებას და წარმოდგენებს რეალური სამყაროში. 

„ბევრი სიმღერაა რომელმაც ჩემზე იმოქმედა, მაგრამ ძნელია ვთქვა, რომ დღემდე ამ სიმღერებს ვუსმენ. ერთად ერთი სიმღერა, რომელსაც სპეციალურად ძალიან ბევრჯერ მოვუსმინე და არასდროს მბეზრდება არის პატი სმიტის Gloria, რომელზეც შემიძლია ვთქვა, რომ  დღემდე ვუსმენ და არასდროს მბეზრდება. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკა სწორ კონდიციაში მოისმინო, იმიტომ, რომ როდესაც ჩემს ცხოვრებაში ძალიან ცუდი განწყობა და პერიოდი მქონია ყოფილა, ალბომი თუ ტრეკი, რომელსაც მაშინ ვუსმენდი და ხელახლა  მოსმენისას იმ მომენტში გაბრუნებს და მელანქოლიურ-მინორული განწყობა გეპარება.“

მუსიკოსის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა Sleep On Me ნეტფლიქსის სერიალის, „ლუციფერის,“ მეექვსე სეზონის მე-5 სერიის საუნდტრეკია. სწორედ ეს სიმღერაა მუსიკოსისთვის განსაკუთრებული, სადაც არტისტი თავის შინაგან სამყაროს სრულად გადმოსცემს.

„ჩემი მუსიკა ცოტა მძიმე მონოტონურია, თუმცა სიმართლე, რომ ვთქვა, ახლა ესეთ მუსიკას თითქმის აღარ ვწერ. ცოტა სხვა მხარეს წავედი. ჩემი კომფორტის ზონა მაინც მონოტონური მუსიკაა. მიყვარს სიმღერა როგორც იწყება, ისე რომ მთავრდება. თითქოს ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს. ალბათ ეგეთი სიმღერა ჩემთვის Sleep On Me-ია. ყველაზე მეტად სწორედ ეს მუსიკა გამოხატავს ჩემს თავს. 

ისტორია თუ როგორ მოხვდა ეს ტრეკი სერიალში არის ის, რომ არსებობს ასეთი სტრუქტურა, დაუკავშირდნენ ჩემ ლეიბლს და ეს სიმღერა Sleep On Me მოეწონათ. ასეთი ტრეკებით, როდესაც ინტერესდებიან, უფრო მარტივია, რომ  ლეიბლთან ერთად მუშაობდე, რადგან არტისტი, როცა რომელიმე ლეიბლთან თანამშრომლობს, იქ დისტრიბუციის ყველა წესი დაცულია და სხვა გარემო ფაქტორებისგან დაზღვეული ხარ.“

Creams ცნობილ უცხოურ ლეიბლ Awal-თან თანამშრომლობს და მისი სამომავლო გეგმებიც ფართო აუდიტორიასთან გასვლას უკავშირდება. Რაც შეეხება ქართულ ლეიბლებს, თვლის, რომ საქართველოში მუსიკალური ბაზარი იმდენად მწირია, რომ ძნელია გქონდეს არჩევანის თავისუფლება და ხარისხზე ორიენტირება.

„საქართველოში იმდენად მწირი და პატარა სცენა გვაქვს, რომ ქართული ლეიბლებს სხვა ვარიანტი არც აქვთ. ვინც ლოკალურ ბაზარზეა გინდა არ გინდა, იმათ კიდებ ხელს და შესაბამისად ხარისხსაც ესე ვერ საზღვრავ. ამერიკაში  ლეიბლი რომ  დააარსო იქ უკვე  არჩევანის საშუალება გაქვს, რადგან  მუსიკოსების რაოდენობაც პროცენტულად ბევრია. აქედან გამომდინარე, საქართველოში ამის გასაქანი არ არის. აქ ლეიბლს ხმის ჩამწერი სტუდიის სტატუსი უფრო აქვს, იმიტომ რომ ყველანაირ მუსიკას წერენ. ლეიბლი ცოტა სხვა რაღაცაა, სადაც თავისი ჟანრის მიმართულებით მუშაობენ. თუმცა მიუხედავად ამისა, არსებობს ლეიბლები, რომლებიც ძალიან კარგ პროდუქტს ქმნიან. მაგალითად Didube Records გამოვარჩევდი. რაც შეეხება მუსიკოსებს. ზოგადად, საქართველოში იმდენად ცოტა მუსიკოსია, რომ მგონია ყველა ძალიან გამორჩეულია. SKAZZ ძალიან კარგია, მათ ლაივზე არ ვარ ნამყოფი, თუმცა ვიცი, რომ ძალიან კარგი და ხარისხიანი მუსიკა აქვთ. ლექსო რატიანს მოვუსმინე „როკვაზე“, ძალიან კარგი და დასამახსოვრებელი მუსიკოსია.“

Creams ბერლინში მუსიკალურ პროდაქშენს სწავლობს. თუმცა თვლის, რომ სწავლის მეთოდოლოგია და სტრუქტურა სხვა მიმართულებით მიდის, რაც არტისტისთვის შესაძლოა არასაინტერესო და მიუღებელიც აღმოჩნდეს. 

„ბერლინში მუსიკალურ პროდაქშენს ვსწავლობ. ვაპირებ რომ ჩავიდე და ეს ერთი კურსი დავხურო. ჩემმა ლეიბლმა სწავლის ერთი ნაწილი დამიფინანსა, ნაწილი მე გადავიხადე. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ  მუსიკალური თვალსაზრისით ჩემთვის ეს არ იყო კარგი გამოცდილება. ჩემი აზრით სწავლის არასწორი მიმართულება აქვთ აღებული. ყველაზე კარგი გაკვეთილი მაინც Youtube რჩება. პატარაობაში, მეექვსე კლასში ვიყავი, როცა მუსიკალურში შევედი. ძალიან მოწადინებული და მონდომებული ვიყავი, მაგრამ ისეთ მდგომარეობამდე მივედი, რომ ერთი წელი  მუსიკაში საერთოდ აღარაფერს ვაკეთებდი. განათლების სისტემა ისე არასაინტერესოდ არის მოწყობილი,  არ ფიქრობენ რომ შენ, რამე რეალურად ისწავლო. ეს  სისტემა და სტრუქტურა ყველანაირ სურვილს უკლავს ადამიანს, რომ ისწავლოს.  ჩემით ჩავუჯექი მუსიკის თეორიას და აღმოვაჩინე, რომ იმდენად საინტერესოა, იმდენად ახლოს დგას მათემატიკასთან, სიმეტრიასთან და ისეთი თვალსაჩინოა ეს ყველაფერი. სწავლის დროს კი ამ ინფორმაციას ძალიან რთულად გვაწვდიდნენ, ეს  მეთოდოლოგია ჩემთვის გაუგებარია.“ 

Creams ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

მიუხედავად იმისა რომ არტისტს ბენდი არ ჰყავს და სოლო შემსრულებელია, Creams-თვის იმპროვიზაცია შეიძლება შთაგონების წყაროდაც იქცეს და სცენაზე ამ ხერხს  ხშირად მიმართავს.

„იმპროვიზაცია ძალიან მიყვარს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ბენდი არ მყავს, დიდად ამის  საშუალება არ მაქვს. თუმცა ვოკალით თითქმის სულ ვაკეთებ იმპროვიზაციას. ბენდი რომ მყავდეს, ალბათ სამ წუთიანი ტრეკი ათი წუთი გაგრძელდებოდა. ჩემი ლაივების მოსმენისას, როცა იმპროვიზაციას ვუსმენ, შეიძლება იქიდან ახალი სიმღერის იდეაც კი წამოვიდეს.“

არტისტი თავად წერს მუსიკას, ტექსტსაც და პროდაქშენსაც თვითონ ქმნის. მისთვის ტექსტს მუსიკაში იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რომ ხშირ შემთხვევაში უფრო მეტ დროს სწორედ ტექსტზე მუშაობას უთმობს.

„ჩემთვის ტექსტს მუსიკაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს და მგონია, ტექსტს უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ზოგადად ამ ყველაფრის შეთავსება იმდენად ჰარმონიულად ხდება. პროდაქშენს ვიწყებ, იქვე იწერება ტექსტი, ხდება ტექსტის რედაქტირება, პირველადი სახე რაც აქვს ტექსტს ის არასდროს არ რჩება, ყოველთვის ვასწორებ, მაგრამ თავიდანვე მაქვს განსაზღვრული, სად რა უნდა იყოს.“

კითხვაზე, გიფიქრია თუ არა, სხვა არტისტთან თანამშრომლობა, ნათიამ საქსოფონისტი ჰენრი სოლომონი ახსენა.

„ამერიკაში რომ ვიყავი, ერთი საქსოფონისტი გავიცანი, ჰენრი სოლომონი, რომელიც ახლა ცნობილ ბენდ HAIM-თან ერთად ტურნეშია. ძალიან ნიჭიერი არტისტია. მასთან სტუდიაში მოვხვდი და ნახევარი სიმღერის დაწერა მოვასწარით. ძალიან კარგი გამოვიდა და სიამოვნებით ვითანამშრომლებდი მასთან. დიდ არტისტებთან არც ვიცი, რამდენად მომინდებოდა თანამშრომლობა… საკმაოდ ბევრი არტისტი, ვინც მომწონდა და მიყვარდა, თითქოს საერთოდ სხვაგან წავიდნენ. მაგალითად FKA twigs ძალიან მომწონდა, ახლა ცოტა სხვაგან წავიდა, თუმცა ესეც ძალიან კარგი მიმართულება აქვს. Grimes საერთოდ სხვაგან არის და  ვეღარც ვუსმენ. ეს სტილი სულ იცვლება. არც ერთი არტისტი არ არის სტატიკური და კონკრეტულ დროს შეიძლება ვიღაცასთან მქონოდა თანამშრომლობის სურვილი, მაგრამ ესე ვერავის დავასახელებ.“

Left-Field electro pop ჟღერადობის მუსიკოსს გამორჩეული სტილი და ვიზუალი აქვს, რაც საერთო ჯამში, მუსიკალურად განსხვავებულ და საინტერესო კომბინაციას ქმნის. მუსიკოსი ნათია ჭიჭინაძე თვლის, რომ ვიზუალური სტილი არტისტის იმიჯის შექმნაში დიდ როლს თამაშობს.

„რაღაც მომენტში მეგონა, რომ იმიჯს ვიღაცებისთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა და შეიძლება, ეს ასეც არის. Radiohead-თვის ხომ არ აქვს ამას მართლა მნიშვნელობა, მაგრამ მე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. პირველ რიგში, მე თვითონ კარგად ვგრძნობ თავს, როდესაც  მაცვია ისე, როგორც მინდა. მგონია, რომ ამ ყველაფერს სანახაობრივი დატვირთვა აქვს. ცოტა ხნის წინ Drag show-ზე შევასრულე ჩემი ერთი ტრეკი და ძალიან კარგი იყო. ყველას რაღაც იმიჯი ჰქონდა მორგებული და თითქოს გავიწყდება ბევრი ცუდი, გავიწყდება, რა რეალობაში ხარ და თავს კარგად გრძნობ. Რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავდაჯერებულობასაც გმატებს.“ 

მუსიკოსის თქმით, არტისტმა სცენაზე როგორც არ უნდა დამალოს საკუთარი თავი, მსმენელის წინაშე, იგი მაინც თავის თავს წარმოადგენს. შინაგანი განწყობა, ემოცია და განცდები – აუდიტორიის წინაშე სრულად წარმოჩნდება და ამას თუ გულწრფელად აკეთებ, მსმენელიც იღებს. მის Live-ზე ერთხელ მაინც თუ ყოფილხართ, ამ მუხტს და განწყობას აუცილებლად შეიგრძნობდით. თუმცა, არტისტისთვის Creams-ის სახელით გამოსვლა თავისუფლების განცდას და კომფორტის შეგრძნებას ქმნის.   

Creams ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

„ზოგადად როცა ჩემ მუსიკას ვაკეთებ, მგონია, რომ ბოლომდე გაშიშვლებული ვარ, რადგან რაც არ უნდა შეინიღბო, მაინც, გინდა არ გინდა, შენ შინაგან სამყაროს გადმოსცემ. მაგრამ შენიღბვის მომენტს რაც შეეხება, როცა Creams-ის სახელით გამოვდივარ და არა ნათია ჭიჭინაძის – ეს მომწონს. ვიღაცები ხომ თამამად ცეკვავენ როცა ნიღაბი უკეთიათ, ზუსტად ესე ვარ. ალბათ ნათია ჭიჭინაძე, რომ მეწეროს არ იქნებოდა ჩემთვის კომფორტის ზონა, რადგან მგონია, რომ რაღაც არარეალურის უფრო მეტის გაკეთება შემიძლია, იმიტომ რომ ეს უფრო პერსონაჟის რეფლექსიაა და არა ჩემი.“

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი კარგი და ნიჭიერი არტისტია, მუსიკოსის თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთმანეთის თანადგომაა.

„ამას წინათ, სადღაც ვთქვი, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა თანადგომის პრობლემაა. ზოგადად ხალხს ძალიან უჭირს ერთმანეთის „დასაფორთება“. სანამ შენ არ გადადგამ ნაბიჯს და არ იტყვი ამას, რომ კარგია, სხვა ამის შესახებ ხმას არ იღებს. თითქოს ეს მიდგომა, რაღაცნაირ კომპლექსად ჩამოყალიბდა. ყოველთვის, ვინმე თუ მომწონს, ამას ხმამაღლა ვიძახი. თუ არ მოგწონს, რა თქმა უნდა, არავინ არ გაძალებს. მაგრამ მქონია შეხება ისეთ ადამიანებთან, ვინც უსმენს სხვის მუსიკას და ამას არ აღიარებენ. მინდა ვთქვა, არ „ტეხავს“, როცა იძახი, რომ ვინმე კარგია. შეიძლება ჩემი ახლობლები მოსულან და უთქვამთ, რომ კარგ მუსიკას ვქმნი, მაგრამ უცხო ადამიანი, ვინც მოსულა და მსგავსი რამ უთქვამს, თითზე ჩამოსათვლელია. ამიტომ ვამბობ, რომ უჭირთ საქართველოში რაღაცების აღიარება. ლაივების შემდეგ, როცა მოსულან და უთქვამთ ჩემთვის რაიმე დადებითი, ამით მოტივაცია მეძლევა და კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით  ვაგრძელებ იმის კეთებას, რაც მიყვარს.“ 

მუსიკის წერის პროცესში მისთვის წინასწარ განსაზღვრული ტექსტი და მუსიკა არ არსებობს, რადგან რაც გონებაში ილექება, ზუსტად ის იქმნება. ცხადია, მუშაობის პროცესში ნაწარმოები ფორმირდება და საბოლოო სახე ეძლევა, თუმცა Creams-ის თქმით ეს ყველაფერი გონებაში ორგანულად მოდის და იწერება.

„ჩემი მუსიკა საკმაოდ ეკლექტურია. მასში პოპის ელემენტებიც არის და ბევრი სხვა ჟანრის მიქსიც. როდესაც მუსიკას ვწერ, ეს ყველაფერი იმდენად ორგანულად მოდის, რომ ამაზე არც ვფიქრობ. წერის მომენტში, რომ დავჯდე და ვიფიქრო, რომ ამაში პოპის ელემენტებს შემოვიტან და ეს კარგად წაიღებს – გამორიცხულია. ვიღაცები არიან „in their own way“ – გენიოსები, როდესაც მუსიკას წერენ და წინასწარ იციან, რომ ეს მსმენელზე ითამაშებს.  ისეთ ფრაზას  იტყვიან, რომ წინასწარ აქვთ წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ეს ძალიან პროვოკაციული იქნება. მე ესეთ რაღაცას ვერასდროს ვერ ვსაზღვრავ. იმიტომ, რომ რაც მოდის, მოდის. ვისაც პროდიუსერები ჰყავთ და სიმღერას უწერენ, შეიძლება ზუსტად ამაზე აკეთებენ აქცენტს.“

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, არტისტს ერთი EP უკვე შექმნილი აქვს და ლეიბლისგან დადასტურებას ელის. ასევე იანვრის თვეში, ახალი კლიპის და სიმღერის პრეზენტაციას გეგმავს, რომელიც უკვე მზად არის და ლეიბლისგან საბოლოო დასტურს ელის. 

„სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ალბომი უკვე მზად მაქვს. ჩემი ლეიბლიდან ველოდები დადასტურებას. უნდათ, რომ ჯერ სინგლები გამოვუშვა. ერთი EP უკვე ჩავაბარე, ოთხი თვის წინ. მის „დარელიზებას“ ველოდები. გარკვეულწილად ლეიბლი, რაღაც მომენტში გაჩერებს კიდეც. თავისი წესები აქვთ. რომ არ ვიყო ლეიბლთან, ალბათ მილიონი რაღაც უკვე გაკეთებული მექნებოდა. “ 

მოუსმინეთ Creams

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შუშა პელეს ოჯახს ემოციურ შეტყობინებას უგზავნის: „დაე, მისი დაკარგვის ტკივილი კარგ მოგონებებში გადაიზარდოს”

შემდეგი სტატია

ჯენიფერ ლოპესი 2022 წელს ფოტოებით აჯამებს. Მათ შორისაა ბენ აფლეკის აქამდე უცნობი კადრები ქორწილიდან.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ANIK - mixtape 91011

ANIK-ის სადებიუტო მიქსთეიფი  – 91011

პროექტში შესული სამივე სიმღერა Dog Days, Burden და „დღე და ღამე” საერთო კონცეფციის მატარებელია, სადაც ქართული მუსიკის ელემენტები თანამედროვე ჟღერადობასთან არის შერწყმული.
მეტი

მუსიკალური გამომცემლების ეროვნული ასოციაცია Spotify-ს არალიცენზირებული მასალის განთავსებაში ადანაშაულებს

ასოციაციამ Spotify-ს ოფიციალური წერილით მიმართა და ამ მასალის პლატფორმიდან ამოღება მოსთხოვა.
მეტი