სელენა გომესმა სერიალის სახელწოდებით Only Murders in the Building გადასაღები მოედნიდან ფოტო გამოაქვეყნა. ინსტაგრამზე ატვირთულ ფოტოში გომესი ოსკაროსან მერილ სტრიპთან ერთად არის გადაღებული.
სელენა გომესმა პოსტში მიანიშნა, რომ სერიალის მესამე სეზონზე მაყურებელს განსაკუთრებული სანახაობა ელის „დარწმუნებული არ ვარ, რომ საკმარისი სიტყვები მაქვს იმის აღსაწერად, თუ რამდენად არაჩვეულებრივი სეზონია. ის ჩემთვის მხიარული და გამოწვევებით სავსე იყო“ – წერია გომესის მიერ გამოქვეყნებული პოსტის აღწერაში. „მეტ პოსტს მალე ავტვირთავ, მანამდე კი გიტოვებთ [ფოტოს] იმ ქალთან ერთად, რომელსაც ვაღმერთებ, ვუცქერ და მიყვარს“ – აღნიშნა ვარსკვლავმა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა როლს ასრულებს მერილ სტრიპი Hulu-ს პოპულარულ პროექტში. ამ შოუში მონაწილეობა სტრიპისათვის სერიალების ინდუსტრიაში დაბრუნება იქნება მას შემდეგ, რაც 2019 წელს HBO-ს Big Little Lies-ში გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ სერიალის Only Murders in the Building ახალ სეზონში მაყურებელი Grey’s Anatomy-ის ვარსკვლავს, ჯესი უილიამსსაც იხილავს.
ჯერ კიდევ 2015 წელს, სელენა გომესმა მერილ სტრიპს „ეკრანის ოცნება“ უწოდა. ეს დამოკიდებულება გომესმა Billboard-ის სპეციალური გამოცემის – Billboard Women in Music-ის ფარგლებში ჩაწერილი ინტერვიუს დროს გაამხილა. როგორც ვარსკვლავმა აღნიშნა, მერილ სტრიპთან სამსახიობო პარტნიორობა მისი ოცნება იყო. „ძალიან მინდა, მერილ სტრიპთან ერთად ვიმუშაო – არ არის აუცილებელი, სრული ფილმი იყოს“ – აღნიშნა არტისტმა. „იმაზეც თანახმა ვარ, მიმტანის როლი შევასრულო, რომელიც სტრიპს უახლოვდება და უბრალოდ ესალმება“.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაბრუნდება Only Murders in the Building მესამე სეზონით. ახალი ეპიზოდების გამოსვლამდე, მაყურებელს დეტექტიური სერიალის პირველი ორი სეზონის ნახვა სტრიმინგ სერვის Hulu-ზე შეუძლია.
ნახეთ სელენა გომესის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტო, რომელშიც ის მერილ სტრიპთან ერთად არის გადაღებული: