საღამოს კრიმოვის ბოლოდროინდელი დადგმა „კოსტიკი“ იქნა ნაჩვენები, რომელიც ანტონ ჩეხოვის პიესა „თოლიაზე“ არის დაფუძნებული.
დიმიტრი კრიმოვი 2022 წელს ნიუ-იორკში გადასახლდა, სადაც ლაბორატორია Krymov Lab NYC დააფუძნა.
სოხუმის დრამატულ თეატრს წელს თბილისში დაარსების დღიდან ოცდაათი წელი შეუსრულდა. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით თეატრში არაერთი ღონისძიება ჩატარდა, რაც სოხუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით საყვარელიძემ აუდიტორიასთან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა:
„ჩვენ ვიმყოფებით კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის, სოხუმის დრამატულ თეატრში. წელს არის საოცარი წელი, იმიტომ რომ სოხუმის თეატრს თბილისში მოღვაწეობის ოცდაათი წელი შეუსრულდა. ამ წელს სხვადასხვანაირად აღვნიშნავთ, მოწვეული გვყავდა რამდენიმე თეატრალური სამყაროს ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, ამერიკელი ჯეისონ ჰეიმი, რომელიც ჩვენთან სპექტაკლს დადგამს, შემდეგ ამ სპექტაკლს ამერიკაში ვაჩვენებთ, ასევე გვყავდა გერმანელი ძალიან მნიშვნელოვანი მსახიობი და რეჟისორი მარტინ ვუდკე, რომელიც ასევე დადგამს ჩვენს თეატრში სპექტაკლს და შეიძლება გერმანიაში წავიდეთ. ეს ყველაფერი ამ თარიღს დავამთხვიეთ. ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ერთი კვირის წინ მივიღეთ, არის თეატრის განათება, რომლის წყალობითაც ჩვენ ახლა შესაძლებლობა გვეძლევა საერთაშორისო დიდ პროექტებს ვუმასპინძლოთ. თქვენ იცით, რომ აქ იმყოფება ბატონი დიმიტრი კრიმოვი, ჩვენს სცენაზე ატარებს მასტერკლასებს, ვორქშოფებს, ეს არის რეპეტიციები შექსპირის „ჰამლეტის“ თემებზე. ამ პროცესში დაახლოებით ორმოცდაათამდე მსახიობმა მიიღო მონაწილეობა, არამარტო ჩვენი დასის წევრებმა, არამედ საქართველოს სხვადასხვა თეატრის მსახიობებმაც. ვასრულებთ ამ დღეებს სპექტაკლის ჩვენებით, რომელიც რუსეთში აიკრძალა, ეს არის „კოსტიკი“.
ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მინდა ვთქვა ის არის, რომ ეს პროექტები არ განხორციელდებოდა პირადად ქალბატონი თეა წულუკიანი რომ არ ყოფილიყო ჩართული. მისი და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩვენ მოვახერხეთ მსგავსი პროექტების განხორციელება. შევეცდებით ეს სცენა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო და საინტერესო ადგილად ვაქციოთ.“ – დავით საყვარელიძე, სოხუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
დიმიტრი კრიმოვს თბილისში ფესტივალ „საჩუქრის“ ფარგლებში არაერთი სპექტაკლი უჩვენებია, მათ შორის არის „კატია სონია, პოლია, გალია, ვერა, ოლია, ტანია…“ „ჟირაფის სიკვდილი“, „ოპუსი N 7“
2016 წელს საქართველოს ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორიის სპექტაკლი „დემონი, ხედი მაღლიდან“ ითამაშეს. წელს კი, სოხუმის დრამატულ თეატრში კრიმოვმა მსახიობებისთვის ვორკშოფები და მასტერკლასები ჩაატარა.
„აქამდე თბილისში ჩემი ცოცხალი სპექტაკლები იდგმებოდა, რაც ქალბატონ ქეთი დოლიძის დამსახურებაა. უცნაური შეგრძნება მაქვს, რადგან ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი სპექტაკლების მიმართ, რომელიც ვიდეო კამერით არის გადაღებული. თითქოს ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ფარაონის მუმია ჩამოვიტანე. ადრე თუ ჩამოვდიოდით, ახლა გვიწევს, რომ მხოლოდ ფირი ვაჩვენოთ. მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. სპექტაკლი „კოსტიკი“ მოსკოვში ჩემი უკანასკნელი სპექტაკლი იყო, რომელიც სხვა სპექტაკლებთან ერთად დახურეს.“ – დიმიტრი კრიმოვი, რეჟისორი.
შეხვედრის ფარგლებში, სპექტაკლის ჩვენების შემდეგ დიმიტრი კრიმოვმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
პროექტის მხარდამჭერი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და „სილქ ჰოსფითალითია“.