3 ივნისს „რესპუბლიკაში” ქართველი მსმენელის წინაშე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული ჯგუფი, De-Phazz წარდგება. მუსიკალური კოლექტივი კონცერტს თავისი Farewell ტურის ფარგლებში მართავს.
De-Phazz-ის მუსიკალური რეპერტუარი საკმაოდ მრავალფეროვანი ჟღერადობით გამოირჩევა. ბლუზი, ჯაზი, სოული, სვინგი, აფრიკული და ლათინო-ამერიკული რიტმი, გერმანული შლაგერი – ეს ის ჟანრობრივი ელემენტებია, რომლებსაც ჯგუფის კომპოზიციებში ვხვდებით. ელექტრონული ჟღერადობისა და მრავალფეროვანი ინსტრუმენტების სინთეზმა De-Phazz ერთ-ერთ გამორჩეულ და დამახასიათებელი მუსიკალური ხელწერის მატარებელ პროექტად აქცია.
De-Phazz 1997 წელს გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში ჩამოყალიბდა. როგორც ჯგუფს ხშირად აღწერენ, დახვეწილი მუსიკალური სტილი, სოულის ტონალობები, ზომიერი ირონიისა და იუმორის შეგრძნება De-Phazz-ის უნიკალურობას განსაზღვრავს. ჯგუფის წარმატება მათი პირველი ნაბიჯებიდანვე დაიწყო. De-Phazz-ის სადებიუტო ალბომი სახელწოდებით Detunized Gravity გერმანიის მუსიკალური არხებისა და ინდუსტრიის მიმომხილველების რჩეულ ნამუშევრად იქცა.
აღსანიშნავია De-Phazz -ის ცოცხალი შესრულებები, რომლებიც მუსიკალური ენერგიით და რითმით, აუდიტორიისათვის დასამახსოვრებელ გამოცდილებას ქმნის.
De-Phazz-ის კონცერტი „რესპუბლიკაში” 3 ივნისს საღამოს 9 საათზე დაიწყება. მუსიკალური საღამოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე გაეცნოთ.