როცა ბუნებაში მუსიკას, ზაფხულის დღეები ერწყმის, მაშინ ბგერები ყველაზე ჰარმონიულად ჟღერს. eZo Festival სწორედ იმ გამორჩეული ენერგეტიკის მქონე სივრცეა, სადაც ზღაპრული სამყარო დადებითად მუხტავს ადამიანს და ამაღლებულ განწყობას უქმნის.
წელს ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიახლე ის არის, რომ ელექტრონული მუსიკის გარდა სცენა ლაივ შემსრულებელ, ახალგაზრდა ქალ არტისტებს დაეთმოთ.
„წლევანდელი მთავარი სიახლე ჩემთვის არის ის, რომ უამრავი ახალი ადამიანი შემოუერთდა eZo Festival-ს. ყველგან ხდება ეს, რაღაცნაირად იცვლის ტყავს საქმე და წელს eZo Festival-ს ძალიან ბევრი ახალი და მოტივირებული ადამიანი შემოუერთდა, რომელმაც მე პირადად ახალი სუნთქვა გამიხსნა რათა ეს საქმე ისევ ისეთი მოტივაციით ვაკეთო, როგორსაც ამას პანდემიამდე ვაკეთებდი. რაც შეეხება მუსიკალურ ნაწილს, სიახლე არის ის რომ eZo Festival-ის ფორმატს ლაივები ემატება. ყველა eZo იხსნება ქართველი როგორც უკვე ცნობილი ასევე ისეთი ტიპის არტისტებით, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდებათ.“ – ვახუნა ქავთარაძე, eZo Festival-ის ორგანიზატორი.
ფესტივალზე ელექტრონული მუსიკის შემსრულებლების Line Up ასე გამოიყურებოდა: Abdali, Autumn Tree, Beqa (Live), Chez Damier, Dandy Jack (Live), Fantastic Man, G.Kura, Kdema, Kink (Live), Luca Piermattei (Live), Nicole, Sumo, Tomma, Vas, Yves. წელს პირველად ფესტივალის ფარგლებში ლაივ კონცერტი შედგა და მსმენელის წინაშე ქალი არტისტები Anaman.Land, DEENA, Creams წარდგნენ. ანამარია ბურდულმა იგივე Anaman.Land-მა eZo Festival გახსნა.
„ძალიან მიხარია რომ eZo Festival-ზე ტექნოსთან ერთად აქცენტი კეთდება ჩვენი თაობის ახალგაზრდა ქალ არტისტთა უშიშარ და არასტანდარტულ ხმებზე. საზოგადოებაში ანდერგრაუნდ მუსიკა უფრო ძლიერად შემოდის და eZo Festival არის ადგილი, სადაც სხვადასხვა მიმართულების მუსიკის მოყვარული ხალხი ერთიანდება, ფესტივალი კი მათ ახალ მუსიკას აცნობს. ჩემი პირადი გადმოსახედიდან, საქართველოში ხანგრძლივი ვიზიტის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ მიხარია თუ ჩემი თაობის ყველაზე საინტერესო, ახალი, არასტანდარტული ანდერგრაუნდ არტისტი ქალების მუსიკის ხმაში მეც ვიგულისხმები, სადაც შემიძლია ჩემ სათქმელი ვთქვა. Creams-ის და Deena-ს მუსიკაში ჩემთვის ის ენერგია ირეკლება, რომელიც ცდილობს დაშალოს და წინააღმდეგობა გაუწიოს დოგმატურ და სტანდარტულ ოპრესიულ კულტურის ნაწილებს. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალზე ლაივ შემსრულებელი სამივე არტისტი მუსიკალური ჟღერადობით ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ესეთ მასშტაბურ ფესტივალზე სადაც მრავალფეროვანი ხალხია, არა კონსერვატიული, ქვიარ ენერგიის მქონე ანდერგრაუნდ ქალ შემსრულებელთა მუსიკა, ტექნო მუსიკასთან ერთად გაჟღერდება, რაც საბოლოო ჯამში ძალიან კარგ მუსიკალურ სინთეზს ქმნის. საქართველოში ასეთი ხელოვნება ხშირ შემთხვევაში ექსკლუზიურ ნიშურ სივრცეებშია ჩაკეტილი და ფართო აუდიტორიამდე მისვლას საჭიროებს, ეს ფესტივალი კი სწორედ ამას უწყობს ხელს.“ – Anaman.Land
მნიშვნელოვანი სოციალური თემატიკა და საგულისხმო აქცენტები, რომელიც ქალთა უფლებების დაცვისკენ არის მიმართული არტისტ Deena-ს ტექსტებში უხვად გვხვდება. eZo Festival-ზე მუსიკოსმა სწორედ მსგავსი შინაარსის სიმღერები გააჟღერა.
„პირველ რიგში ძალიან კარგი მგონია ის რომ ფესტივალმა გაითვალისწინა საავტორო მუსიკა და ლაივ შემსრულებლები და დაგვითმო სცენა ჩვენ, რაც მნიშვნელოვანია ამ სივრცის მხარდაჭერისთვის. მიხარია ისიც, რომ ფესტივალზე მე Creams და ანამარია ვართ. სამივეს ერთმანეთისგან განსხვავებული მუსიკა გვაქვს, რაც პერფორმანსებს მრავალფეროვანს გახდის. მომწონს ის ფაქტი, რომ აქტიურ კომუნიკაციაში ვარ ორგანიზატორებთან, რაც საშუალებას მაძლევს, კითხვის ნიშანი არ დამრჩეს და კონცენტრირებული ვიყო ჩემს პერფორმანსზე. eZo Festival არის ჩემი პირველი ფესტივალი, სადაც გამოვედი, აქამდე ღია სივრცეში ლაივი არ მქონია. ძალიან აღელვებული ვარ, კარგად ვარ განწყობილი, ჩემ მსმენელთანაც უფრო უშუალო ურთიერთობა მაქვს და ეს ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაა. რაც შეეხება ლაივს ვფიქრობ კონცეპტუალურად კარგად ვითარდება და მსმენელს ახალ დაურელიზებელ ტრეკებსაც შევთავაზებ.“ – DEENA
„eZo Festival-ს ვფიქრობ მნიშვნელოვანი ადგილი აქვს ადგილობრივი სცენისთვის, რასაც მრავალი ფაქტორი განაპირობებს: ლოკაცია, ესთეტიკა, მუსიკა, კომუნა რომელიც ამ ფესტივალის უკან დგას და მსმენელი. ყველაფერი ერთად საოცარ გარემოს ქმნის, საზეიმოს და დაუვიწყარ მოგონებებს გვიტოვებს. მნიშვნელოვანია, რომ eZo ყოველწლიურად მასპინძლობს ძალიან საინტერესო საერთაშორისო და ლოკალურ არტისტებს, ასევე საშუალებას აძლევს დამწყებ არტისტებს საკუთარი თავის გამოხატვისთვის. ძალიან მომწონს ფესტივალის სიახლე ლაივ პერფორმანსების მიმართულებით და მიხარია, რომ ამ მიმართულებითაც ვითარდება eZo. თანამშრომლობაც ძალიან საინტერესოა, გუნდური, შიგნიდან რომ აკვირდები რამდენი ადამიანის შრომაა ჩადებული და როგორ ცდილობს ყველა უფრო და უფრო გააუმჯობესოს და განავითაროს მზესუმზირა/eZo ძალიან დასაფასებელია. რაც შეეხება ჩემს რეზიდენტობას ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რაც საშუალებას მაძლევს სხვადასხვანაირად გამოვხატო თავი და უფრო დავიხვეწო საკუთარ პროფესიაში.“ – Kdema, ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და DJ.