8 სექტემბერს ოლივია როდრიგო ახალ ალბომს სახელწოდებით Guts გამოსცემს. ალბომის გამოსვლამდე 20 წლის პოპ მომღერალმა ნამუშევრის შესახებ დამატებითი დეტალები გაამხილა. New York Times-თან ინტერვიუში ოლივიამ ალბომის მუსიკალურ მიმართულებასა და ხასიათზე ისაუბრა.
„ჩემთვის მუსიკა საკუთარი გრძნობების გამოხატვაა, იმ გრძნობების, რომელიც შესაძლოა საზოგადოებისათვის მისაღები არ იყოს.“ – აღნიშნა როდრიგომ გამოცემასთან საუბრისას.
ცნობილია, რომ ოლივია როდრიგოს საყვარელი არტისტების სიაში არაერთი როკ შემსრულებელია, მათ შორის ჯეკ უაიტი და Rage Against the Machine. როგორც მომღერალი ამბობს, ახალი ალბომიც როკ ჟანრით არის შთაგონებულო, თუმცა უფრო ფემინური მხრიდან. „ყოველთვის მიყვარდა როკ მუსიკა და ყოველთვის მინდოდა, რომ გამეთავისებინა.“ – აღნიშნავს არტისტი. როდრიგოს თქმით, მისთვის მისაბაძია ქალი როკ შემსრულებლები, რომლებიც ამ მიმდინარეობაში რაღაც ახალს ქმნიან და არ ცდილობენ, კაცი როკ მუსიკოსების შემოქმედება გადააკეთონ.
ამ დროისათვის ოლივია როდრიგომ დაანონსებული ალბომიდან Guts ორი სინგლი გამოსცა – Vampire, რომელმაც Billboard Hot 100-ში ლიდერი პოზიცია დაიკავა და Bad Idea Right, რომელიც გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა.
ინტერვიუში როდრიგო ასევე შეეხო თავის სადებიუტო ალბომს Sour და ამ ნამუშევრის შექმნისას მის უდიდეს მუსიკალურ ინსპირაციად – ტეილორ სვიფტი დაასახელა. ჟურნალისტის კითხვაზე, დაესწრო თუ არა იგი სვიფტის ტურნეს ფარგლებში გამართულ კონცერტს, ოლივია როდრიგომ უპასუხა -„ჯერ არა“ და განმარტა, რომ ამის მიზეზი გადატვირთული გრაფიკია.