ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი წელს მე-10 საიუბილეო სეზონს აღნიშნავს. ფესტივალი 30 სექტემბერს გაიხსნება და 8 ოქტომბერს დაიხურება. ცხრა დღის განმავლობაში, ღონისძიება ზღვისპირა ქალაქში კლასიკური მუსიკის მოყვარულებს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალის საიუბილეო სეზონს მსოფლიო მასშტაბით სახელგანთქმული 20-ზე მეტი სოლისტი ეწვევა, რომლებიც მაყურებლის წინაშე ბათუმის საფესტივალო ორკესტრთან ერთად წარდგებიან. აღსანიშნავია, რომ ბათუმის სიმფონიური ორკესტრი ფესტივალისთვის მაესტრო დავით მუქერიას ხელმძღვანელობით შეიქმნა.
30 სექტემბერს, ფესტივალის საზეიმო გახსნაზე კლასიკური მუსიკის მონუმენტად აღიარებული დვორჟაკის მეცხრე სიმფონია შესრულდება. კონცერტზე ისლანდიელი მაესტრო გუდნი ემილსონი იდირიჟორებს. გუდნი ემილსონი საქართველოს პირველად სტუმრობს და აუდიტორიის წინაშე სწორედ ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში წარდგება. მასთან ერთად, კონცერტზე მონაწილეობას მიიღებს ცნობილი იტალიელი ფლეიტისტი ჯუზეპე ნოვა, რომელიც ვერდის უკვდავი ნაწარმოების ტრანსკრიფციებს შეასრულებს.
ფესტივალის გამხსნელი დღის პროგრამა ასევე მოიცავს ამაზონის ტყეების უნიკალური ფოტო-გამოფენას, რომელიც მდინარისა და ტროპიკული ტყეების ექსკლუზიურ კადრებს ასახავს. საფესტივალო პროგრამაში გამოფენის ინტეგრირება საქართველოში ბრაზილიის საელჩოს ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. გამორჩეულია მეორე საფესტივალო დღეც, რომლის ფარგლებშიც ცნობილი უკრაინელი პიანისტი, ანა ფედოროვა ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგება.
ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი განსაკუთრებული იმითაც არის, რომ ღონისძიება საქველმოქმედო კომპონენტის მატარებელია. 3 ოქტომბერს, ერთ სცენაზე, სამი თაობა ქველმოქმედებისთვის გაერთიანდება. დირიჟორი დავით მუქერია, კლარნეტისტი ალექსანდრე ბედენკო და პიანისტი ელისო ბოლქვაძე კარლ მარია ვონვებერის, მოცარტისა და ჰაიდნის ნაწარმოებებს შეასრულებენ. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება „სოლიდარობის ფონდში“ რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს ეხმარება.
ფესტივალს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით წელსაც ეწვევა ლეგენდარული მაესტრო მიშელ სონი, რომელიც ნიჭიერი პიანისტებისთვის საფორტეპიანო მასტერკლასებს ჩაატარებს.
რაც შეეხება ფესტივალის საიუბილეო სეზონის დასკვნით კონცერტს: 8 ოქტომბერს, აუდიტორიის წინაშე ქართული ლეგენდა, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ წარდგება.
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ფონდი „ლირას“ ორგანიზებით ტარდება. ფესტივალის მთავარი მიზანი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობისა და კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობაა. გარდა ამისა, „ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ ახალგაზრდა ტალანტებისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა. აღსანიშნავია, რომ „ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ საქართველოში ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა, რომელმაც UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი მეექვსედ მოიპოვა და საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
„ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის“ ვრცელი პროგრამის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.
ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე.